ამბროსი მელქაძე – ლექსები

***

წახვედი? – მომწერე. წაიკითხე – წავედი.

ვისთვისაა შეუძლებელი ისწავლოს უჩემობა?

უჩემობა ისწავლოს შეუძლებლით.

თქვი: საცხოვრებელი კვარტალებისკენ

მიჰქონდათ შენი აქნილი სხეულის ნაწილები

და შენი ძვლები სადარბაზოებში ერთხმად მიმღეროდნენ.

მუსიკის მოყვარულმა შენიშნა რომ ვიღაც ურევს.

რომელი შეჩერდება?

სიმღერას რომელი შეწყვეტს?

თქვი: ცა გატყავებული ხორცია, ბუზანკლიანი,

სისხლის წვეთი ჩემ წინ დაეცა.

რა უკაცრიელია შადრევანი.

რა უსამაროა სასაფლაო.

ნეტავ ბავშვები ჩნდებოდნენ –

დაიზრდებიან, დაიხოცებიან.

თქვი: მამაჩემი დედაჩემთან არ დაწოლილა.

დედაჩემს მუცლით არ ვუტარებივარ.

ორმოცი წლის ვშვი ჩემი თავი ჩემივე საშოდან.

რათა ვქნა რაც მსურს.

მაგრამ შენ არ ხარ.

 

***

ჰკითხე მას,

თუ სურნელება ისტორიაა,

რა უამბავო ყვავილებია?

გაზით დაგლეჯილ მის ძუძუებს ვინ მოიფიქრებს?

ვინ მოიფიქრებს შანთს – შამფურს

მის ხორცში შერჭმულს?

ან ცეცხლის საწოლს –

მისი ტანის ნატისუსალმა ნესტოები ვის დაუნესტრა?

რამ ამოაშრო მისი ჭიპის ღვინო –

უღვინო ჭიქით ვინ გამხნევდეს?

ჰკითხე.

უთხარი:

თავს არვინ მოგჭრის

და  შენი თმებით შენივე სისხლით დასვრილ დანას

არავინ გაწმენდს.

 

***

ყველგანაა ჩემი ცოლი,

ვრცელი უდაბნოზე,

სიტყვა მითხრა: სხვას გულისთქმით

არ შეხედო, მოსე.

სიტყვა მითხრა: გაგიმრავლე

შვილებიო – წლები,

ყველა გამეცლება, მხოლოდ

შენ ვერ გამეცლები.

სიტყვა მითხრა: ჩემი გული

სამარეა, შენებრ

ვინ აავსებს? ჩაგიკრავ და

დაღლილს მოგასვენებ…

უდაბნოა ჩემი ცოლი

და იზრდება მისი

ფართობი და სანახები

ქრება აღთქმულ მიწის.

 

***

ჩვეულებისამებრ მშობლების საფლავებისკენ

აღდგომას გავეშურე

და ადვილად მხოლოდ იმიტომ მივაგენი –

ირგვლივ ჭირისუფლებს ყველა საფლავი გაეკრიჭათ,

მათი კი – ბალახს გადაეძოვა.

ვნახე – მომეწონა.

საყვარელო, რომ მოვკვდები,

გაბედავ ჩემს ცოლ- შვილს მიუსამძიმრო

და განუცხადო –

რომ სასაფლაოზე ვიყავი ბალახის მწყემსი

და რომ მსურდა ჩემს ცხვარს შევეჭამე?

მამის ანდერძით დამფრთხალი ძმებისთვის მოგისმენია?

საფლავის ქვებზე ამოკაწრული დაპირება ამოგიკითხავს?

რა უსწავლელად ამბობენ ხოლმე იმ სიტყვას – მარად!

შენი თვალით გენახე

ჩემს ჩრდილს და მთვარეს შორის

ამ ქვებზე ხტუნია.

 

***

ვის დაერქმევა აქ გაღმელი?

არ გიფიქრია – რასაც ახლა ვქმნით,

მან უბიძგა ჩვენს ისტორიას

და ჩვენს წინაპრებს ის უნახავთ.

ჩვენ ვუნახივართ

არა საწინასწარმეტყველო ხილვებში,

არამედ როგორც მასწავლებლები?

ხსნა კვლავ სიმრავლეშია?

ათასობოთ კილომეტრის გავლის შემდეგ

დაფუძნებულის გულს ხეტიალი არ მოსწყურდება?

არავინ იცის შენი ახალი სახელი.

სხვა ახალსახელიანიც ჯერ არ გსტუმრებია.

აღმოსავლეთი მის ცამდე კენწეროაწვდილ

დასავლეთში ფესვგადგმულ ხეს მოჭრის,

თვალსაწიერის ოთხი მხარე იტყვის: მოვიდა.

და ანდაზების გაბრიყვების დროს,

შვილიშვილებისგან მშობლების მშობლების

ტყნაურში წვრთნის დროს

მიცნობ წინასწარგანუზრახავად

გარემოებისამებრ მოქმედს?

 

praeservo

ხანი ისე არ მოგვკიდებია,

რომ ვნება არ წაგვეკიდოს.

პერიოდულად თვიური მაქვს,

შენი თესლიც გაღვივდება ალბათ წიაღში.

ღმერთიც ვერ გამანაყოფიერებს,

თუ გარეთ დაღვრი,

ჩემს მუცელზე, ან ჩემს სახეზე.

ძუძუებს მხოლოდ შენი კოცნის რძე დამინამავს,

მათ ვერ იხილავს ვერცერთი ბავშვი.

საღამოს, მისი თანამშრომლები რომ გაიკრიფებიან,

მის სამსახურში შემიძღვება, რომ ვანუგეშო.

ასე ვაკლდები ცოლს და საყვარელს ვემატები.

შენი ნაფერები ჩემი ტანი მომწონს

და მომწონს რომ მწოვ.

რა ჰქვია ამას, თუ არა

ერთხელ კიდევ, ვიდრე შეგვიძლია.

სულ რამდენიმე სიტყვაა ჩვენი ამბის მემკვიდრე:

შენი ყური მუტელია,

ყლეა ჩემი სული,

საჩურჩულოდ უთენია

შენთან შემოსული.

  • „სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.“ ინტერვიუ ლიკა კაჭარავასთან

    ინტერვიუ ჩაიწერა კარლო კაჭარავას ორენოვანი კრებულისთვის და ის ექსკლუზიურად ქვეყნდება სიტყვების ონლაინ ფურცლებზე   ნენე გიორგაძე: როცა კარლო კაჭარავას ორენოვან კრებულზე ვფიქრობდი, იმთავითვე ვიგულისხმე, რომ თქვენ მისი ნაწილი იქნებოდით.…

  • ნეკა ნათელაშვილი – ლექსები

    xxx მე ყვავილებს არ მჩუქნიან ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება, ზოგს ალერგია ჰქონდა, ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია. ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს, მაგრამ საბოლოოდ მე…

  • ცოტნე მაჭარაშვილი – ნადიმი რუსთველიანა

    „ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ – აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით,…

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

  • როლან ბარტი – ღარიბი და პროლეტარი

    თარგმნა გიორგი კობახიძემ  წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)   ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *