ეზრა პაუნდი და ჩინური პოეზია — თანამედროვე დასავლური პოეტიკის აღმოსავლური პარალელები
„ჩინური პოეზია“ ეზრა პაუნდის შემოქმედებაში არ არის უბრალოდ უცხო კულტურის ესთეტიკური მოხმარება — ის წარმოადგენს ლიტერატურული ფორმის, აზროვნების სტრუქტურისა და ენის ფუნქციის დრამატულ გადააზრებას. პაუნდის 1915 წლის კრებული Cathay, რომელიც შედგება ტანგის პერიოდის პოეზიის “თარგმანებისგან”, მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მაგალითს წარმოადგენს.
კრებული ეფუძნება ამერიკელი მეცნიერი ერნესტ ფენოლოზას მიერ დატოვებულ სიტყვასიტყვით თარგმნილ ჩანაწერებს, რომლებსაც პაუნდმა „პოეტური ინტუიციით“ განუმარტა მნიშვნელობა. შედეგად მივიღეთ ტექსტები, რომლებიც სრულად არც დასავლურ პოეზიას ეკუთვნის და არც ჩინურს — ისინი შუამავლები არიან, დგანან ენობრივ და კულტურულ ზღვარზე – სემანტიკურ ლიმინალურობაში.
პაუნდისთვის ჩინური ენა არ იყო მხოლოდ ეგზოტიკური სტილი — ის იყო წინააღმდეგობა დასავლურ ლოგოცენტრიზმთან. ე.წ. „იდეოგრამული მეთოდით“, რომელიც ფენოლოზას ტექსტებიდან ისწავლა, პაუნდმა სცადა ენის ძირფესვიანი გადალაგება: სიტყვა აღარ უნდა ყოფილიყო ნიშანი, რომელიც მიუთითებს საგანზე, არამედ ის თავად უნდა ყოფილიყო საგნის ვიზუალური და ენერგიული ჟესტი. სწორედ აქ იწყება პაუნდის ექსპერიმენტი ენის, სახის და ფიქრის ერთიანობაზე — რაც მოგვიანებით მის Cantos-ში შეიმჩნევა.
თუმცა თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობრივი ხედვა — განსაკუთრებით პოსტკოლონიური თეორიები — ხშირად ხაზს უსვამს პაუნდის მიდგომის სირთულეს და პრობლემატურობას. ბევრი მკვლევარი მას აკრიტიკებს აღმოსავლეთის „გაშეშებული“ წარმოდგენისთვის, კულტურული დიალოგის ნაცვლად ცალმხრივი მითოლოგიზაციისთვის. ედვარდ საიდის ორიენტალიზმის კონცეფციის ჭრილში, Cathay შესაძლოა წავიკითხოთ, როგორც დასავლური სურვილის პროექცია იდეალიზებულ აღმოსავლეთზე.
მიუხედავად ამისა, ეზრა პაუნდის ჩინური პოეზიის ციკლი, თავისი დისტანციურობითა და ორჭოფობით, დღესაც იკითხება როგორც მოდერნისტული ფორმის გადამწყვეტი ექსპერიმენტი. ტექსტი, რომელიც არც თარგმანია სრულად და არც ორიგინალი — ქმნის ისეთ პოეტურ სივრცეს, სადაც შესაძლებელი ხდება ენის კულტურული დაბინდვა და ახალი ესთეტიკური სიზუსტის აღმოჩენა.
მოხარულები ვართ, ჩვენს ძვირფას მკითხველს გავაცნოთ ეზრა პაუნდის ჩინური პოეზიის თარგმანები ანრი კიკნაველიძის შესანიშნავ ქართულ თარგმანში — ტექსტები, რომლებიც მკაფიოდ აჩვენებს, როგორ შეიძლება პოეზიამ გადალახოს დრო, ენა და კულტურის საზღვრები. – ტატო ჩანგელია
თარგმნა ანრი კიკნაველიძემ
შუელი მოისრის სიმღერა
აქ ვართ, გვიმრის პირველ ყლორტებს ვაგროვებთ
და ვამბობთ: როდისღა დავბრუნდებით სამშობლოში? აქ ვართ, რადგან კენ-ნინი ჩვენი მტერია,
მოსვენება აღარა გვაქვს მონღოლებისგან. ვთხრით გვიმრის ნორჩ ყლორტებს,
როცა ვინმე დაბრუნებას ახსენებს, მწუხარებით ივსებიან სხვები. ნაღვლიანია ფიქრები, ძლიერია სევდა, გვშია და გვწყურია.
ჩვენი თავდაცვა ჯერაც სუსტია, ვერავინ დაანებებს მეგობარს წასვლას. ვთხრით გვიმრის ბებერ ღეროებს.
ვამბობთ: ნეტავ ოქტომბერში თუ მოგვცემენ წასვლის ნებას? მეფის საქმე რთულადაა, ნუგეში არ გვაქვს.
მწარეა ჩვენი მწუხარება, ვერ ვბრუნდებით სამშობლოში. ნეტავ, რომელი ყვავილი გაიფურჩქნა?
ეს ვისი ეტლია? გენერლის.
ცხენები, ცხენებიც კი დაიღალნენ. ძლიერები იყვნენ. მოსვენება არ გვაქვს, სამი ბრძოლა თვეში.
ზეცას ვფიცავ, დაიღალნენ მისი ცხენები.
ზედ გენერლები ამხედრებულან, ჯარისკაცები მიჰყვებიან გვერდით. ცხენები კარგად გაწვრთნილნი არიან, გენერლებს სპილოს ძვლის ისრები აქვთ
და კაპარჭები თევზის ქერცლის ორნამენტებით. მტერი სწრაფია, სიფრთხილე გვმართებს.
როცა წამოვედით, გაზაფხული ამძიმებდა ტირიფებს, უკან კი თოვლში დავბრუნდებით,
ნელა მივდივართ, გვშია და გვწყურია,
ნაღვლით სავსეა ჩვენი ფიქრები, ვინ გაიგებს ჩვენს მწუხარებას?
კუცუგენი. ძვ.წ. IV საუკუნე.
ლამაზი ტუალეტი
ლურჯია, ლურჯია ბალახი მდინარის პირას და ტირიფებს გადაუვსიათ პატარა ბაღი.
და შიგნით სრულიად ახალგაზრდა ქალბატონი თეთრი, თეთრი სახით იცდის კართან.
ნატიფი გაიწვდის ნატიფ ხელს,
ადრე კურტიზანი იყო,
და მერე ლოთს გაჰყვა ცოლად, რომელიც ნასვამი მიდის
და ტოვებს ქალს ასე მარტო.
მეი შენგი. ძვ.წ. 140.
მდინარის სიმღერა
ნავი შატოს ხისაა, სათოფურები კი თლილი მაგნოლიის, მუსიკოსები მოოჭვილი ფლეიტებით და ოქროს სალამურებით ჩამწკრივებულან გვერდებზე და ჩვენი ღვინო
კიდევ ათას სასმისს აავსებს.
გვახლავს მომღერალი გოგონები, წყალს დრეიფით მივყვებით, თუმცა სენინს ყვითელი ყარყატი
სჭირდება წინამსრბოლად და ყველა ჩვენი მეზღვაური გაჰყვება თეთრ თოლიებს და მათზე ამხედრდება.
კუცუს სიმღერა
მზის და მთვარის გვერდით ჰკიდია.
მეფე სოს ტერასებიანი სასახლე ახლა მხოლოდ უდაბური გორაკია,
მაგრამ აგერ, ბარჟაზე, კალამს დავიჭერ და დაიწყებს ცახცახს ხუთი ქონგური,
მე ამ სიტყვებში სიხარულს ვხედავ,
როგორც ლურჯი კუნძულების ბედნიერებას. (დიდება რომ სამუდამოდ გრძელდებოდეს,
ჰანის წყლები ჩრდილოეთით დაიწყებდა დინებას.)
იმპერატორის ბაღში დარდიანი ველოდი ბრძანებას, რომ დამეწერა! ვუყურებდი დრაკონის გუბეს ტირიფისფერი წყლით
და მასში მკრთალად არეკლილ ცის ფერს
და მესმოდა ასი ბულბულის უმიზნო სიმღერა.
კუნძულ იეი-შუზე აღმოსავლეთის ქარს ბალახისთვის სიმწვანე მოაქვს, იისფერ და მეწამულ სახლებს გაზაფხულის სინაზე ავსებს.
გუბის სამხრეთით ტირიფის წვერები მოლურჯო ან ძლიერ ლურჯია, მათი ძაფები ფარჩაში გახვეული სასახლის წინ ნისლში ჩახლართულან. ვაზი ბაწრებად დაშვებულა ქვისგან ნაკვეთი რიკულებიდან
და მაღლა, ტირიფებს ზემოთ, მშვენიერი ჩიტები უმღერიან და უსმენენ ერთმანეთს,
უმღერიან – „კვან, კუან“, დილის ადრიან ქარს და მის შეგრძნებას. ქარი დაიგრაგნა მოლურჯო ღრუბლად და სადღაც გაქრა.
ათასობით კარიბჭესთან და კართან გაზაფხულის სიმღერა ისმის, ხოლო იმპერატორი კოში იმყოფება.
მაღლა ხუთი ღრუბელი დაკიდებულა, ანათებენ იისფერ ცაზე,
იმპერატორის მცველები ოქროს სახლიდან გამოდიან ელვარე აბჯრებით. იმპერატორი თავისი ყვავილების სანახავად მოოჭვილი ეტლით მიდის,
მიდის ჰორიში, რომ ფრთაფარფატა ყარყატებს თვალი შეავლოს,
სეის კლდის გავლით ბრუნდება უკან, რომ მოუსმინოს ახალ ბულბულებს, რადგან ჯო-რუნის ბაღები სავსეა ახალი ბულბულებით,
მათი ბგერა ამ ფლეიტას შერევია, მათი ხმები აქ, ამ სალამურებშია.
რიჰაკუ. ძვ. წ. VIII საუკუნე.
მდინარეზე მოვაჭრის ცოლი: წერილი
როცა თმას ჯერ კიდევ შუბლთან სწორად მჭრიდნენ ჭიშკართან ვთამაშობდი, ვწყვეტდი ყვავილებს.
მოხვედი ბამბუკის ჯოხზე, ვითომ ცხენზე, ამხედრებული, ჩემ გარშემო დადიოდი, ლურჯი ქლიავებით თამაშობდი. და ჩვენ გავაგრძელეთ ცხოვრება სოფელ ჩოკანში:
ორმა პატარა ადამიანმა, ზიზღისა და ეჭვის გარეშე.
თოთხმეტი წლისამ ვიქორწინე შენზე, ბატონო. მრცხვენოდა და არასოდეს ვიღიმოდი.
თავდახრილი ვუყურებდი კედელს. ათასჯერაც რომ დაეძახათ, არ მოვიხედავდი.
თხუთმეტი წლისამ შევწყვიტე ჭმუნვა, მომინდა ჩემი მიწა შენს მიწას შერეოდა სამუდამოდ, სამუდამოდ, სამუდამოდ. რატომღა უნდა ავცოცდე გადასახედზე?
თექვსმეტი წლისამ გაგაცილე,
შორეულ კუ-ტო-იენში, მორევებით სავსე მდინარის პირას, და ხუთი თვეა წასული ხარ.
მაიმუნები სევდიანად მოსთქვამენ მაღლა. მიდიოდი და ფეხები უკან გრჩებოდა.
ჭიშკართან ხავსები გაზრდილან, სულ სხვა ხავსები, ისე ძნელად მოსაშორები!
ადრიანად ცვივა ფოთლები ამ შემოდგომით, რადგან ქარია. დასავლეთ ბაღის მდელოზე ჯერ კიდევ აგვისტოში გაყვითლდნენ წყვილ-წყვილი პეპლები,
მტკივა ისინი, ვბერდები.
თუ დაბრუნებას დააპირებ მდინარე კიანგის ვიწრო ხეობით, გთხოვ, წინასწარ შემატყობინე
და წამოვალ შენთან შესახვედრად, ჩამოვალ ჩო-ფუ-სამდე.
რიჰაკუ.
მოოჭვილი კიბის წუხილი
მოოჭვილი საფეხურები ცვარმა უკვე საკმარისად გადაათეთრა, ისე გვიანია, რომ მარმაშის წინდებიც კი ნამით იჟღინთება,
მე კი დავუშვებ ბროლის ფარდას
და კრიალა შემოდგომიდან შევყურებ მთვარეს.
რიჰაკუ.
ლექსი ტენ-შინის ხიდთან
მარტი მოვიდა ხიდის თავთან,
ათასი კარიბჭის თავზე ჰკიდია ატმისა და გარგარის რტოები, დილით ისეთი ყვავილებია, გულს მოგიკლავენ,
საღამო კი მათ სილამაზეს აღმოსავლეთით მიმავალ მდინარეს გაატანს. ყვავილის ფურცლები წასულ და მიმავალ წყლებს მიჰყვება
და ბზრიალებს მდინარის მორევში,
მაგრამ დღეის კაცები არ ჰგვანან ძველი დროის კაცებს, თუმცა, ზუსტად ისევე ეყრდნობიან ხიდის რიკულებს.
ზღვისფერი იძვრის გარიჟრაჟზე
და უფლისწულები კვლავ ჩამწკრივებულან ტახტის გარშემო, და მთვარე ეცემა სეი-გო-იოს ჭიშკრებს,
და ეჭიდება კედლებს და კარიბჭის თავს.
მუზარადებით, ღრუბელს და მზეს ერთნაირად რომ ირეკლავენ,
ტოვებენ სასახლეს ბატონები და შორეული საზღვრებისკენ გაუწევიათ. ამხედრებულან დრაკონებივით ბედაურებზე,
ცხენებზე, ყვითელი ლითონის თავსარქმელებით, და ქუჩები იცლება მათ წინაშე გზის მისაცემად. ამაყია მათი სვლა,
ამაყია დიდებულ მეჯლისებზე მიმავალი მათი ნაბიჯი, მაღალი დარბაზების და უცნაური საჭმელებისკენ,
სურნელოვანი ჰაერის და მოცეკვავე გოგონებისკენ, წკრიალა ფლეიტების და წკრიალა სიმღერებისკენ; სამოცდაათი მოცეკვავე წყვილისკენ;
ბაღებში გიჟური დევნისკენ.
დღე და ღამე ეძლევიან განცხრომას
და ჰგონიათ, რომ ეს ათასი შემოდგომა გაგრძელდება, ათასი დაუღლელი შემოდგომა.
ტყუილად ყმუიან მათთვის ნიშნებს ყვითელი ძაღლები და რანი არიან ისინი ქალბატონ რიოკუშუსთან,
რომელმაც ზიზღი გამოიწვია!
ვინ არის მათ შორის ჰან-რეის მსგავსი მამაკაცი, რომელიც მარტო გაიპარა საყვარელთან ერთად,
ქალს თმები გაეშალა, ხოლო კაცი თვითონ იყო საკუთარი ნავის მენიჩბე!
რიჰაკუ.
ფრონტირის მცველის გოდება
ჩრდილოეთის კარიბჭესთან ქვიშიანი ქარი ქრის, მარტოსული დასაბამიდან დღემდე!
ხეები ეცემა, ბალახი ყვითლდება შემოდგომისგან. ავდივარ კოშკებზე და კოშკებიდან
გადავცქერი ბარბაროსთა მიწას:
გავერანებულ ციხესიმაგრეს, ცას და უდაბნოს. ამ სოფელს გალავანიც კი აღარ შერჩა.
ხეებს და ბალახს დაუფარავს
ათასი ზამთრით გათეთრებული ძვლების გროვები. ვინ გამოიწვია ეს?
ვინ მოიტანა იმპერიის ცეცხლოვანი რისხვა?
ვინ მოიყვანა ჯარი დოლებით და ლიტავრებით? ბარბაროსმა მეფეებმა.
მადლიანი გაზაფხული იქცა სისხლით გაუმაძღარ შემოდგომად, სამას სამოცი ათასი
ომის მოსურნე კაცის მღელვარება მოედო შუა სამეფოს, და მწუხარება, წვიმასავით წამოვიდა მწუხარება.
დარდი წასვლის და დარდი დაბრუნების, ვერანი, ვერანი ველები,
ხოლო მათზე აღარ ჩანან ომის შვილები, აღარსად არიან შემტევი და მცველი კაცები.
ეჰ, როგორ გაიგებ ჩრდილოეთ კარიბჭის პირქუშ დარდს, როცა რიჰოკუს სახელი დავიწყებას მიეცემა
და ჩვენს თავს ვეფხვებს შეაჭმევენ.
რიჰაკუ.
დევნილის წერილი
სო-კინს, რაკუჰოდან, ძველ მეგობარს, გენის კანცლერს, მახსენდება, ტენ-შინის სამხრეთით, ხიდთან,
ტავერნა რომ ამიშენე.
ყვითელი ოქროთი და თეთრი მარგალიტით სიმღერებს და სიცილს ვყიდულობდით,
მთვრალები ვიყავით თვეები, თვეები,
მეფეები და უფლისწულები აღარ გვახსოვდა. ჭკვიანი კაცები შემოდიოდნენ, ზღვიდან
და დასავლეთ საზღვრიდან,
და მათთან, განსაკუთრებით კი, შენთან, არაფერი მქონდა გასაყოფი;
არაფრად უჩანდათ ზღვის გადაკვეთა ან მთების გადალახვა,
ოღონდაც საძმოში ყოფნა შესძლებოდათ.
და ყველა ვამბობდით ჩვენი გონების და გულის სათქმელს… და არაფერს ვნანობდით.
შემდეგ კი ვეის სამხრეთში გამგზავნეს, დაფნის ჭალებით ჩახუთულში,
შენ კი რაკუ-ჰოკუს ჩრდილოეთით,
ვიდრე ჩვენს შორის აღარაფერი დარჩა ფიქრისა და მოგონების გარდა.
და როცა განშორება ყველაზე მეტად გაუსაძლისდა კვლავ შევხვდით და ერთად წავედით სენ-გოში,
ოცდათექვსმეტი მღელვარე და დაკლაკნილი მდინარის გავლით ათასი ხასხასა ყვავილის ხეობაში …
რომელიც პირველი ხეობა იყო, ხოლო მას შემდეგ ათობით ათასი
ხმებით და ფიჭვებით სავსე ხეობა გადავლახეთ.
ვერცხლის აღვირით და ოქროს სადავით, პირქვედამხობილი,
გამოვიდა აღმოსავლეთ კანის წინამსრბოლი და მისი ხალხი;
და გამოვიდა ში-იოს „სანდო კაცი“ ჩემთან შესახვედრად, უკრავდა თვლებით მოოჭვილ ჰარმონიკაზე.
სან-კოს მაღალ სახლებში მოგვიძღვნეს სენინის მუსიკა;
ჟღერდა საკრავები, როგორც ფენიქსის ბარტყების ჟღურტული. და კან-ჩუს წინამსრბოლი, მთვრალი,
ცეკვავდა, რადგან მისი გრძელი სახელოები არ ჩერდებოდა, მუსიკის ხმა როცა ესმოდა.
მე, ოქრომკედში გამოხვეულმა,
თავი დავდე მის კალთაში და ჩამეძინა,
ჩემი სული კი ისე მაღლა იყო, ცის ზემოთ დაფრინავდა.
და დღის ბოლომდე ისე დავიფანტეთ, როგორც ვარსკვლავები ან წვიმის წვეთები.
მე სოსკენ მქონდა გზა, შორს, წყლების გაღმა, შენ კი უკან, შენი ხიდისკენ.
და მამაშენი, მამაცი, როგორც ჯიქი,
ჰეი შუს გამგებელი იყო და ბარბაროსებს სძლია.
მაისის ერთ დღეს მომიწვია, დიდი მანძილის მიუხედავად;
გატეხილი ბორბლებით და ასე შემდეგ, არ ვიტყვი, რომ იოლი გზა იყო –
ცხვრის ნაწლავებივით დახლართულ ბილიკებზე. მე კი კვლავ მოვდიოდი, წლის ბოლო იყო,
ჩრდილოეთის სუსხიან ქარში,
და ვფიქრობდი, როგორ არაფრად მიღირდა ეს ფასი და მაინც მიღირდა იმდენად, რომ გადამეხადა.
და რა მიღება!
ნეფრიტის თასები, სუფრა გაწყობილი
ლურჯ, ძვირფასი თვლებით შემკულ მაგიდაზე;
მთვრალი ვიყავი და სულ არ ვფიქრობდი უკან დაბრუნებას; ჩემთან ერთად სეირნობდი სასახლის დასავლეთ კუთხეში,
საგვარეულო ტაძართან, რომელსაც გარს ერტყა ლურჯი ნეფრიტივით სუფთა წყალი,
ნავები ტივტივებდნენ, ისმოდა ჰარმონიკის და დოლის ჰანგები,
ტალღები, როგორც დრაკონის ქერცლი, ბალახისფრად მიმოდიოდა წყლის ზედაპირზე,
არ მთავრდებოდა სიამოვნება,
კურტიზანები გაუჩერებლად მიდიოდნენ და მოდიოდნენ, ფანტელებივით ეცემოდა ტირიფის ფოთლები,
ალისფრად ჩაცმული გოგონები თვრებოდნენ დაისის დროს და ღრმა წყალი ირეკლავდა მათ მწვანე წარბებს —
მწვანე წარბები სასიამოვნო სანახავია ახალი მთვარის შუქზე, ნაზად შეღებილი — გოგონები კი ერთმანეთს უმღეროდნენ, ცეკვავდნენ გამჭვირვალე სტავრებში შემოსილი,
სიმღერა კი ქარს მიჰქონდა, ანაწევრებდა და ღრუბლებამდე იტაცებდა.
ეს ყველაფერი დასრულდა და აღარასდროს განმეორდება.
მე კი დავბრუნდი სასახლის კარზე გამოსაცდელად, ლაიუს ბედი ვცადე, ჩოიუს კი სიმღერა მივუძღვენი, თუმცა, არ დამაწინაურეს
და უკან, აღმოსავლეთის მთებში, ჭაღარა დავბრუნდი.
ჩვენ კი, მოგვიანებით, კიდევ ერთხელ შევხვდით, სამხრეთის ხიდის თავთან. ხალხი გაიყო — შენ ჩრდილოეთით წახვედი, სანის სასახლისკენ.
არ მკითხავ, თუ როგორ ვნანობ ამ განშორებას?
როგორც ნაკადულის ბოლოში ჩავარდნილი, დაბნეული, ჩახლართულ დინებაში მობზრიალე ყვავილის ფურცელი. რა აზრი აქვს თქმას! საუბარს დასასრული არ უჩანს –
არ უჩანს დასასრული არც იმას, რაც გულშია.
ბიჭს ვეძახი,
ჩაიმუხლება და დალუქავს ამ წერილს,
და გამოვგზავნი ათასობით მილზე, ჩაფიქრებული.
რიჰაკუ
განშორების ოთხი ლექსი
მსუბუქ მიწას მსუბუქად აწვიმს. დუქნის ეზოში ტირიფები
გამწვანდება და გამწვანდება,
შენ კი, ბატონო, გიჯობს ღვინო შესვა წასვლამდე, რადგან გოს კარიბჭეს რომ მიადგები
მეგობრები გვერდით აღარ გეყოლება.
განშორება მდინარე კიანგზე
დასავლეთისკენ მიდის კო-ჯინი კო-კაკუ-როდან, ბუნდოვნად მოსჩანს მდინარეზე ნისლის ყვავილები. მისი ეული იალქანი ლაქაა შორეულ ცაზე.
ახლა კი მხოლოდ მდინარეს ვხედავ, გრძელ კიანგს, ზეცას რომ სწვდება.
გამოთხოვება მეგობართან
ლურჯ მთებს გალავნის ჩრდილოეთით გარს უვლის თეთრი მდინარე;
აქ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს
და ათასი მილი მკვდარი ბალახი გადავიაროთ. ფიქრები ფართო ღრუბელივით დაცურავს.
მზის ჩასვლა ძველი ნაცნობების განშორებას ჰგავს, ხელების შეტყუპებას და შორიდან თავის დაკვრას. ცხენებიც ჭიხვინით უხმობენ ერთმანეთს,
როცა ჩვენ ერთმანეთს ვეთხოვებით.
გამოთხოვება შოკუს მახლობლად
„სანსო, შოკუს მეფე, გზებს აგებდა“
ამბობენ, სანსოს გზები ციცაბოა, მთებივით შვეული.
კედლები კაცის წინ აღიმართება, ღრუბლები სწყდებიან გორაკებს მისი ცხენის აღვირთან.
შინის მოკირწყლულ გზაზე ქვაფენილიდან ამოხეთქავს ტკბილი ხის ფესვები,
და შოკუს ამაყი ქალაქის შუაში ნაკადულები ამტვრევენ ყინულს.
კაცის ბედი უკვე დაწერილია, ნურაფერს ჰკითხავ მკითხავს.
ქალაქი ჩოანი
ფენიქსები თამაშობენ ტერასაზე.
წავიდნენ და მარტო დარჩა მდინარე. ყვავილს და ბალახს
დაუფარავს შავი ბილიკი
იქ, სადაც გოს საგვარეულო სასახლე იდგა. შინის ბრწყინვალე სტავრები და სახურავები ახლა ბებერი მთების ქვეშაა.
სამი მთა შორი ციდან ჩამოვარდნილა, თეთრი ყანჩის კუნძული
ჰყოფს ერთმანეთისგან ორ შენაკადს. ახლა მაღალი ღრუბლები ფარავენ მზეს და ვეღარ ვხედავ შორიდან ჩოანს
და სევდამ შემიპყრო.
სამხრეთელები ცივ ქვეყანაში
დაის ცხენები ჭიხვინებენ ეცუს ცივ ქარში,
ეცუს ფრინველებს არ უყვართ ჩრდილოეთის ენი, გრძნობას ჩვევა ბადებს.
გუშინ ბატის კარიბჭიდან გამოვედით, დღეს კი დრაკონის კალამი დავტოვეთ.
გაკვირვება. მდუღარე უდაბნო. ზღვის მზე.
მფრინავი თოვლით გაოცებულა ბარბაროსთა ცა. ჩვენს ნივთებს ჭიანჭველასავით ეხვევა რწყილი.
ბუმბულით მორთულ ალმებს წინ სული და გონება მიათრევს. არ ჯილდოვდება თავდადებული ბრძოლა.
ერთგულება კი რთული ასახსნელია. ვინ იგლოვებს გენერალ რიშოგუს, სწრაფმავალს,
რომლის ჭაღარა თავიც ამ პროვინციაში დაიკარგა?
სენინის ლექსი კაკუჰაკუსგან
წითელი და მწვანე ალკუნები
გაიელვებენ ორქიდეებს და სამყურებს შორის, ერთი ჩიტის ელვარებას მეორე ირეკლავს.
მწვანე ხვიარები ჰკიდია მაღალ ტყეში, მთისთვის ჭერი მოუქსოვიათ,
მარტოკაცი მდუმარედ ზის,
აკვნესებს და ეფერება წკრიალა სიმებს. გულს ცამდე აისვრის,
კბილებით გაჰკვეთს ყვავილის ბუტკოს და ამოხეთქავს მშვენიერი შადრევანი.
წითელი ფიჭვის ღმერთი დაჰყურებს და გაოცებულა. იისფერ ნისლში მოაბიჯებს, რომ სენინს ესტუმროს, სახელოში ჩაჰკიდებს ხელს „მოტივტივე მთას“,
ზურგზე დაჰკრავს ხელს დიდებულ წყლის სენინს.
მაგრამ თქვენ, წყეულო ქინქლებო,
კუს ასაკის თქმა თუ მაინც შეგიძლიათ?
თუთის გზის ბალადა
მზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ამოდის რომ შინის მაღალ სახლს თვალი მოჰკრას,
რადგან მათ ქალიშვილი, სახელად რაფუ, ჰყავთ, (ლამაზი გოგონა).
გოგონამ დაირქვა: „აბრეშუმის პირბადე“, რადგან თუთით კვებავს აბრეშუმის ჭიებს,
რომლებსაც ქალაქის სამხრეთ კედელთან შოულობს.
მწვანე ძაფებით კალათის ძირს ქსოვს, ხოლო კალათის სახელურს აკეთებს
კაცურას რტოებისგან,
და თმას ზემოთ, თავსაფრის მარცხნივ გადაიწევს.
მისი საყურეები მარგალიტისაა, ქვედაკაბა კი მწვანედ ნაქარგი აბრეშუმის,
ზედატანი იგივე, იისფრად შეღებილი აბრეშუმის აცვია, და როცა გზად მიმავალი კაცები რაფუს შეხედავენ,
ძირს დებენ ტვირთს,
დადგებიან და ულვაშს ისწორებენ.
Cantico del Sole
ფიქრი იმაზე, თუ ამერიკა რა იქნებოდა
კლასიკა რომ ფართოდ იყოს გავრცელებული ძილს არ მანებებს,
ფიქრი იმაზე, თუ ამერიკა, ფიქრი იმაზე, თუ ამერიკა
ფიქრი იმაზე, თუ ამერიკა რა იქნებოდა
კლასიკა რომ ფართოდ იყოს გავრცელებული ძილს არ მანებებს.
Nunc dimittis, აწ განუტევე მონაი შენი, აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო მშვიდობით.
ფიქრი იმაზე, თუ ამერიკა, ფიქრი იმაზე, თუ ამერიკა
ფიქრი იმაზე, თუ ამერიკა რა იქნებოდა
კლასიკა რომ ფართოდ იყოს გავრცელებული …
ჰმ…
ძილს არ მანებებს!
აპრილი
მოვიდა სამი სული და გამიხმეს ცალკე
იქ, სადაც ზეთისხილის რტოები განძარცული ეყარა მიწაზე:
მკრთალი სასაკლაო ნათელ ნისლში.
თანაგრძნობა
ო, ჩემო თანატანჯულებო, ჩემი ახალგაზრდობის სიმღერებო, ბევრი სახედარი გაქებთ, რადგან „ვაჟკაცური“ ხართ,
ჩვენ, თქვენ, მე! ჩვენ ვართ „წითელი სისხლის“! წარმოიდგინეთ, ჩემო თანატანჯულებო,
ჩვენი მამაკაცობა აღგვამაღლებს ბრბოსგან, ვინ იფიქრებდა?
ო, ჩემო თანატანჯულებო, ვსეირნობდით ხეების ქვეშ, განსაკუთრებით მოგვწყენოდა კაცური სიბრიყვე.
მივდიოდით და ვაგროვებდით ნატიფ ფიქრებს,
ჩვენი „ფანტასტიკონები“ სიხარულით გვეახლებოდნენ. არ ვიყავით ქალებზე გამწყრალი,
რადგან დედაკაცი დრეკადია.
და ახლა გესმის რას ამბობენ ჩვენზე: გვადარებენ ისეთ ვინმეს
ვინც დაეხეტება და ისე აცხადებს თავის სქესს თითქოს ახლა აღმოაჩინა.
მოდი, მოვეშვათ ამ საკითხს, ჩემო სიმღერებო და დავუბრუნდეთ იმას, რაც ჩვენ გვეხება.
კომენტარის დატოვება