ბოლო ჩანაწერები

ჰოპერი

 მიკროისტორიიდან მაკროისტორიამდე, მონოლოგიდან დიალოგამდე – „ხუთი საათი მარიოსთან“

რა ხდება მაშინ, როცა ქალი ახლად გარდაცვლილი ქმრის პირისპირ რჩება და საშუალება ეძლევა, ამოთქვას ყველაფერი, რაზეც წლების განმავლობაში დუმდა? შეუძლია თუ არა, უსაყვედუროს ხანგრძლივი თანაცხოვრების განმავლობაში დაგროვებული განცდების, შფოთვისა და წყენის გამო? შეუძლია თუ არა, პირში მიახალოს სიმართლე, რომელსაც ამდენ ხანს მალავდა, დაიცალოს ემოციებისაგან და გათავისუფლდეს? შვებას იგრძნობს, სიმძიმეს თუ არც არაფერს, ძველებურად გააგრძელებს ცხოვრება? ქმრის ცხედართან გატარებული ბოლო ღამე ვალენტინასათვის ერთი დიდი მონოლოგია, რომელიც არა მხოლოდ მისი და მარიოს თანაცხოვრებასა და მათ გარემოცვას, არამედ სამოქალაქო ომის შემდგომი ესპანეთის სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ, მორალურ ყოფას ირეკლავს.

წარსულის კვლევა შესაძლებელია როგორც მაკროისტორიული, ისე მიკროისტორიული მეთოდებით. თუკი მაკროისტორია  ორიენტირებულია ფართო მასშტაბის მოვლენებზე, როგორებიცაა ომები, რეფორმები და ა.შ., მიკროისტორიის ინტერესის სფეროში მცირე ერთეულები ექცევა, მაგალითად, ერთი საზოგადოების, ერთი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება – რითი იკვებებოდნენ, როგორ ირჩენდნენ თავს, რითი ერთობოდნენ და ა.შ. მიკროისტორიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის, კარლო გინძბურგის ტექსტში „ყველი და მატლები“ შუა საუკუნეების იტალიელი ერეტიკოსის, მენოკიოს აზრები და შეხედულებებია გადმოცემული, ამის საშუალებით კი მკითხველისთვის უფრო ნათელი და ხელშესახები ხდება წარსული დრო; იგი ისტორიას აღიქვამს არა განყენებულად და მითოლოგიზებულად, არამედ ბუნებრივად, შინაურულად. მიგელ დელიბესის „ხუთი საათი მარიოსთან“ საშუალებას გვაძლევს, მიკროისტორიულ ჭრილში დავინახოთ ესპანეთის სამოქალაქო ომი და მისი შემდგომი პერიოდი, ეს კი გვეხმარება, რომ ინფორმაციით ამოვავსოთ ცარიელი ადგილები და უფრო ნათელი წარმოდგენა გვქონდეს ომზე, დიქტატურაზე, ცენზურაზე, ჩაგვრაზე, ფაშიზმსა და სხვა მოვლენებზე. ავტორი არ გვეუბნება ესპანეთის სამოქალაქო ომის დაწყებისა და დასრულების წლებს, არც ფრანკოს სახელს ახსენებს სადმე, არც იმას, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა ორივე მხარეს; ქმრის ცხედართან მარტო მყოფი ქალის პირით გვიყვება მათ ოჯახურ თანაცხოვრებაზე, ქორწინებამდელ ამბებზე, ახლობლების ისტორიებზე, შვილებზე, მშობლებზე, ოჯახის წევრებზე. ამ პირადი ამბებიდან და ყოფითი პრობლემებიდან კი მაკროისტორიული რეალობა იშლება, მკითხველი აანალიზებს და აღიქვამს ომის, დიქტატურის, ჩაკეტილი აზროვნებისა და ფაშისტური მსოფლმხედველობის გავლენას ერთ ადამიანიდან მთელ საზოგადოებაზე, ქვეყანაზე, მსოფლიოზე.

თუმცა იმისათვის, რომ მკითხველმა ვალენტინას მონოლოგიდან იმ პერიოდის სოციალურ-პოლიტიკური ვითარება ამოიკითხოს, ტექსტი უნდა გაფილტროს. მისი ნააზრევი არ არის „სუფთა“, სანდო, აუმღვრეველი – გაჯერებულია მცდარი წარმოდგენებით, სტიგმებითა და სტერეოტიპებით. ავტორი ისე იყენებს ამ ხერხს, რომ ინფორმირებული მკითხველი თავად მიხვდეს, როგორ წაიკითხოს ტექსტი, როგორ აღიქვას ვალენტინას ნაამბობი, რა დაიჯეროს და რა – არა, რა მასალა რა სახის ანალიზისთვის გამოიყენოს და ა.შ. ეს ერთგვარი ლიტერატურული თამაშია – მთელი ამ მონოლოგის განმავლობაში ჩანს „მეორე“, „სხვა“, მის აზროვნებასა და იდეოლოგიას დაპირისპირებული ადამიან(ებ)ი – ეს, პირველ რიგში, მარიოა – ვალენტინას ქმარი. ისაა „სხვა“, ცოლის მსოფლმხედველობასთან, აზროვნებასთან დაპირისპირებული, მისგან გამიჯნული, მასთან ოპოზიციაში მყოფი. მარიოს შემდეგ კი მისი სამეგობრო წრე – სოციალისტები, „წითლები“, მეამბოხეები, სისტემასთან დაპირისპირებულები, ასევე, დაბალი სოციალური ფენა. „წითელი“ ფრანკოისტულ ესპანეთში საფრთხის შემცველი განსაზღვრებაა, ავტომატურად აკერებს ადამიანს „მოღალატის“, „გამცემის“, „დამნაშავის“ იარლიყს. გაზეთი El Correo, მისი გამომცემლები, მწერლები და მკითხველებიც „სხვები“ არიან, რაც იქ იბეჭდება, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ მორალს, კანონებს, წესრიგს. ასე ფიქრობს ვალენტინა და ასე ფიქრობდა უამრავი ადამიანი. ხუან დელიბესი ვალენტინას მონოლოგის მიმდინარეობისას ერთგვარი უტრირების, ჰიპერბოლიზების ხერხებსაც მიმართავს, რისი საშუალებითაც ქალის ნააზრევი გარკვეულ პასაჟებში გროტესკულად, სასაცილოდ, ქარაფშუტულად აღიქმება. ეს მკითხველს საქმეს საგრძნობლად უადვილებს და საშუალებას აძლევს, პერსონაჟის მიმართ, დამატებითი ფსიქოანალიზის ჩატარების გარეშე, შეექმნას გარკვეული წარმოდგენა და ორიდან ერთი მხარე აირჩიოს. ეს გვაფიქრებინებს, რომ ავტორი მარიოს მხარესაა, მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების სიუჟეტის განვითარება ვალენტინას ხმის საშუალებით ხდება. მის გარეშე ვერც მარიოს გავიცნობთ და ვერც – მის გარშემო მყოფებს. მაგრამ სათაურში ხომ მარიოს სახელი ფიგურირებს და არა – ვალენტინას? თუმცა საქმე არც მთლად ისე მარტივადაა.

ვალენტინას აზრები ქალთა მდგომარეობის შესახებ, შეუძლებელია, თანამედროვე მკითხველთა უმრავლესობის თანხმობას არ იწვევდეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი დამოკიდებულება ოჯახის, ქორწინების, ქორწინებამდელი სქესობრივი აქტისა და სხვა მომიჯნავე საკითხების მიმართ კონსერვატიულია, ზოგიერთ ისეთ მოსაზრებას გამოთქვამს ქალისა და მამაკაცის ქორწინების, ქალის ოჯახური ცხოვრების შესახებ, რომ რთულია, არ დაეთანხმო. „როცა ცოლს ირთავთ, მონას ყიდულობთ“ – ასე საყვედურობს ქმარს და იხსენებს ბევრ დამამცირებელ მომენტს მათი თანაცხოვრებიდან, ლაპარაკობს ისეთ ტაბუდადებულ თემებზე, როგორებიცაა წარუმატებელი პირველი ღამე და სექსი. ქალთა განათლებას კი იმ მიზეზით მიიჩნევს დროის ფლანგვად, რომ მამაკაცს ცოლი მაინც მხოლოდ საოჯახო საქმეებისთვის სჭირდება და ცოდნის გამოყენების საშუალებას არ აძლევს, რაც ნამდვილად ჯდება 1960-იანი წლებისა და მანამდელი ესპანეთის სოციალურ კონტექსტში. „ხუთი საათი მარიოსთან“ ტექსტის არა მხოლოდ მიკროისტორიული, არამედ ფემინისტური კუთხით კვლევის საშუალებას იძლევა. ფემინისტური ანალიზი კი შეიძლება მიემართებოდეს როგორც ვალენტინას ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებსა და მარიოს დამოკიდებულებას ცოლის მიმართ (ესეც ვალენტინას მონაყოლოდან ვიცით), არამედ თავად ავტორის – მამაკაცი მწერლის – მარიო დელიბესის დამოკიდებულებას ქალი პერსონაჟების, ქალის აზროვნების მიმართ.

ტექსტი ნეკროლოგით იწყება, რაც თავიდანვე გვამზადებს სიუჟეტის განვითარებისთვის. ნაწარმოების გარდაცვალების თემით დაწყება არაა ახალი ესპანურ ლიტერატურაში – საკმარისია, გავიხსენოთ ფედერიკო გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“. პიესის პირველი ნაწილი აქაც კუბოსთან მიმდინარეობს, მის ირგვლივ კი ჭირისუფლები და თანაგრძნობის გამოსახატავად მოსული ახლობლები შეკრებილან. თუმცა ისევე, როგორც „ბერნარდა ალბას სახლში“, დელიბესის ნაწარმოებშიც სიტყვა „თანაგრძნობა“ დაცლილია თავისი მნიშვნელობისაგან – ყველაფერი სიყალბითაა მოცული, თითქმის არავინაა მოსული მიცვალებულის გულწრფელად დასატირებლად და ოჯახის გლოვის გასაზიარებლად, მისი დარდის შესამსუბუქებლად – მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივ ნორმებს, სოციალურ კონსტრუქციებს მისდევენ, იციან, რომ „საჭიროა“ ამის გაკეთება, მოვალეობა უნდა მოიხადონ, თანაც შესანიშნავი ადგილია საჭორაოდ, მითქმა-მოთქმის მოსასმენად, გასართობად, ყოველდღიურობისგან მოსაწყვეტად. თანაგრძნობის გამოხატვა რომ დაცლილია შინაარსისგან და მისგან მხოლოდ ფორმა დარჩენილა, ისევე, როგორც ურთიერთობების სხვა ფორმებში, ამ ფრაზიდანაც ჩანს : „სინამდვილეში აქ არავინ არ კოცნიდა ერთმანეთს, ნასწავლი მოძრაობით ადებდნენ ლოყას ლოყაზე ჯერ მარცხნივ, მერე მარჯვნივ და კოცნიდნენ ჰაერს ან რომელიმე ურჩ კულულს. კოცნის ხმა ესმოდათ, გრძნობით კი ვერა გრძნობდნენ“. ნასწავლი მოძრაობებით, ავტომატური ჟესტებით სამძიმარზე მისული ახლობლები თანაგრძნობის გამოხატვას კი ცდილობენ, თუმცა ალბათ თავადაც ხვდებიან, რომ არაფერია გულწრფელი ასეთ საზოგადოებაში – არც გლოვა, არც სიხარული და არც თანაგრძნობა. სწორედ ამას უპირისპირდება მარიოსა და ვალენტინას შვილი და ამ ყველაფერს „პირობითობას“, „კონვენციონალიზმს“ უწოდებს.

როგორც „ბერნარდა ალბას სახლის“ პირველ ნაწილს დაჰკრავს პირქუში ელფერი და გაჯერებულია მუქი ფერებით, ისეთივე სამგლოვიარო განწყობა სუფევს დელიბესის ტექსტში – გაყინული, დროის საზღვრებიდან ამოვარდნილი, დამთრგუნველი. მართლაც, ვალენტინა მარიოს ცხედართან ხუთ საათს ატარებს, ეს ხუთი საათი კი უსასრულოდ გრძელდება და ცოლ-ქმრის ერთად გატარებულ ათეულობით წელს, მთელ ნაწარმოებს იტევს. ამ ხუთ საათში ვითარდება სიუჟეტი, ამ ხუთ საათში ითქმის ყველა მნიშვნელოვანი სათქმელი. დროითი საზღვრების პირობითობაში ტექსტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს – ადამიანის გარდაცვალებამ შეიძლება, ირგვლივ მყოფებისთვის დრო გაყინოს და შეაჩეროს, ასევე, მთელი ცხოვრება, წლების განმავლობაში დაგროვებული სათქმელი იმ ხუთ საათში მოაქციოს. ზოგისთვის შეიძლება საუკუნემ განვლოს ხუთ წუთში, ზოგისთვის კი ხუთმა წუთმა – საუკუნედ. ხუთი საათი მარიოსთან საკმარისია იმისთვის, რომ ერთი დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოების მასალად იქცეს. ბერნარდა ალბა ქმრის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის მატრიარქად იქცევა და სახლში დიქტატორული მინი-სახელმწიფოს მოდელს ქმნის – ქალიშვილებს სახლში კეტავს და არ აძლევს საშუალებას, პირადი ცხოვრება, თავისუფლად გადაადგილების საშუალება, დამოუკიდებელი აზროვნება ჰქონდეთ. ბერნარდა ალბას ასი თვალი და ასი ყური აქვს და მკაცრად აკონტროლებს ყოველ დეტალს – ძალაუფლება მის ხელშია. თუკი „ბერნარდა ალბას სახლის“ სიუჟეტი ოჯახის მამის გარდაცვალების შემდეგ ვითარდება და აჩვენებს ბერნარდას მიერ ძალაუფლების სადავეების ხელში აღებასა და მათ თითოეულ მობინადრეზე გამოცდას, დელიბესის ტექსტის სიუჟეტი მარიოს დაკრძალვამდე უკანასკნელი ხუთი საათის დროშია მოქცეული. აქ არ ჩანს, თუმცა ვალენტინა პირობას დებს, როგორ იქცევა ქმრის დაკრძალვის შემდეგ ოჯახში წესრიგის დამცველად, მაკონტროლებელ მექანიზმად, რეპრესიულ აპარატად, რომელიც შვილებში თავისუფალი აზრისა და ლიბერალიზმის გამოვლინების ყოველგვარ მცდელობას ჩაახშობს და აღკვეთს. ბერნარდა ალბას მსგავსად, ვალენტინაც დიქტატურის ქვეშ მყოფი საზოგადოების მაკონტროლებელს, ცენზორს, ინკვიზიტორს განასახიერებს. მართლაც, განა ვალენტინა არ ფიქრობდა, რომ ინკვიზიცია მორალურად გამართლებული ნაბიჯი იყო კათოლიკური ესპანეთის ღირსების დასაცავად?!

მარიოს ცხედართან მარტო დარჩენილი ვალენტინა ქმარს მიმართავს. აქედან იწყება ვრცელი მონოლოგი, რომელიც ნაწარმოებს თითქმის ბოლომდე გასდევს ხაზად. ეს მონოლოგი არალინეარული, არასწორხაზოვანია – ერთმანეთში ირევა მოგონებები შორეულ წარსულზე, მათი თანაცხოვრების პერიოდზე, ბოლოდროინდელ მოვლენებზე, წინა დღეზე, იმ კონკრეტულ დღეზე, ასევე, ჩანართები კომენტარებისა და შეძახილების სახით, სიტყვების წარმოთქმის მომენტში შემჩნეული მოვლენებისა და დეტალების აღნიშვნა და ა.შ. ვალენტინას თხრობა სულაც არაა ქრონოლოგიური: არაა დაცული თანმიმდევრობა, თუ როდის, სად და როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როდის დაქორწინდნენ, რა მოხდა პირველ ღამეს, ქორწინების წლისთავზე, როგორ გაუჩნდათ ჯერ ერთი შვილი, მერე – მეორე, მესამე და ა.შ. ეს შინაგანი მონოლოგი მოდერნისტულ ტექნიკასთან – ცნობიერების ნაკადთან ამჟღავნებს სიახლოვეს. ცნობიერების ნაკადის ეფექტი შინაგანი მონოლოგის საშუალებით გადმოიცემა, რომელშიც ჩანს აზრის წარმოქმნა და მიმდინარეობა, შესაბამისად, ეს არაა მწყობრი, გამართული, ქრონოლოგიური, ლოგიკურად აწყობილი მსჯელობა. შესაძლოა ერთი და იგივე ფრაზები და ამბები რამდენჯერმე იყოს გამეორებული, როგორც ეს მიგელ დელიბესის ტექსტში ხდება – გამომდინარე იქიდან, რომ ვალენტინას მონოლოგი სპონტანურია და არა საგანგებოდ დაწერილი და გამზადებული, ქალი ლაპარაკის დროს ერთი თემიდან მეორისკენ უხვევს, იმეორებს ერთსა და იმავეს და წარსულის სხვადასხვა ეტაპებსა და აწმყოზე ერთდროულად ლაპარაკობს. თუმცა ვალენტინას მონოლოგი მაინც შეიცავს გარკვეულ ლოგიკურ პრინციპს – ტექსტიც ამ პრინციპითაა თავებად დაყოფილი – ქალი სახარებიდან ქმრის მიერ გახაზულ ადგილებს კითხულობს და თავისებურად განავრცობს მათ. ამით მონოლოგი თითქოს დიალოგურ სახეს იძენს – ვალენტინა ქმარს პასუხობს. წიგნში გახაზული პასაჟები ხომ იმას მეტყველებს, რომ ადამიანი დააინტერესა ამა თუ იმ მოსაზრებამ, დაეთანხმა ამა თუ იმ ფრაზას. მარიომ ის ფრაზები გახაზა, რომლებსაც ემხრობოდა ან საინტერესოდ მიაჩნდა; ვალენტინა კი სწორედ ამ თემებზე ელაპარაკება ქმარს და ცდილობს, დაარწმუნოს, რომ ეს პასაჟები არასწორად გაიგო და რეალურად, ცხოვრებაში პირიქით იქცეოდა. ბიბლიის ინტერპრეტაცია თანამედროვე სამყაროში ხელოვანებისთვის საინტერესო თემაა. მაგალითად, პოლონელმა რეჟისორმა კშიშტოფ კიშლოვსკიმ „დეკალოგი“ ათი მცნების პრინციპით ააგო, თითოეული ფილმი თითო მცნებას მიუსადაგა. ამით გამოჩნდა, როგორ აღიქვამდა ღმერთსა და მის მცნებებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოლონელი ადამიანი. „ხუთი საათი მარიოსთან“ – ტექსტის კომპოზიცია სახარებისეულ ფრაზებსა და მათ ინტერპრეტაციაზეა აგებული. ვალენტინას მონოლოგიც სწორედ ამას გვაჩვენებს – როგორ აღიქვამდნენ სამოქალაქო ომის შემდგომ ესპანეთში ქრისტესა და მის სწავლებებს. ღმერთის აღქმაც ისეთი პრიმიტიული, შინაარსისგან დაცლილი და ფასადურია, როგორც ყველაფერი სხვა. კათოლიციზმის საფრთხედ მხოლოდ პროტესტანტები, ებრაელები, ლიბერალები და „წითლები“ ესახებიან და არა ის გაუკუღმართებული მორალი, რომელსაც მისდევენ.

როგორც უკვე აღვნიშნე, ვალენტინას მონოლოგი, გარკვეულწილად, დიალოგურია: ერთი ინდივიდის პერსპექტივიდან მეორე ინდივიდის თვალთახედვა ჩანს. ის, რასაც ჭეშმარიტებად მიიჩნევს ვალენტინა, სიყალბეა მარიოსათვის. რა პრინციპებსაც იცავს მარიო, დანაშაული და სისულელეა ვალენტინასათვის. ვალენტინას არგუმენტი უკვე გულისხმობს თავის თავში მარიოს კონტრარგუმენტს. მიუხედავად იმისა, რომ მარიო გარდაცვლილია და ვალენტინა უსულო ცხედარს ელაპარაკება, მკითხველს, ქალის მოთქმის პარალელურად, ქალის მოთქმის ფონზე, ესმის მარიოს სიტყვები და ხედავს მარიოს ქმედებებს. ვალენტინას ხმა ერთხმიანობას კარგავს და ორხმიანობაში გადადის, თუმცა ეს არ არის ბახტინისეული პოლიფონია, რომელიც დოსტოევსკის ნაწარმოებებს ახასიათებს. ეს ორი ხმა მონოლითური, ერთიანია, ერთი მონეტის ორი მხარეა, ერთი ოპოზიციური წყვილის ორი შემადგენელი ნაწილია. ეს ორი პერსონაჟი ცოლ-ქმარია, რომელთაც „ერთ სულ და ერთ ხორც“ უნდა ეცხოვრათ. მათი სხვადასხვა პოზიცია და დაპირისპირება ესპანური საზოგადოების გაორებას, გახლეჩილობას, ქაოსს, ორმაგ სტანდარტებს გამოხატავს.

ვალენტინა თვითიდენტიფიკაციას მარიოსთან, „სხვასთან“ დაპირისპირებით ახდენს. მის იდენტობას ის განსაზღვრავს, რომ მარიოსნაირი არაა, მისგან განსხვავდება, მას უპირისპირდება. მათი ოპოზიციური წყვილის ფონზე კი იჭრება ისეთი ანტინომიები, როგორებიცაა ომი და მშვიდობა, უსამართლობა და სამართალი, სიღატაკე და სოციალური თანასწორობა, კონფორმიზმი და სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა, ცენზურა და თავისუფალი აზრი, ფაშიზმი და ლიბერალიზმი. ოპოზიციური წყვილების პირველ ელემენტს ვალენტინა განასახიერებს, ემხრობა ფაშისტურ მსოფლმხედველობას, სოციალურ უთანასწორობას, მოძველებულ შეხედულებებს ოჯახსა და პატიოსნებაზე, ძალადობასა და ტერორს, ცენზურასა და აზროვნების კონტროლს. ამ ყველაფრით ძალაუფლებისა და კეთილდღეობის შენარჩუნების საშუალებას ხედავს, გარდა ამისა, ტვინი გამოჭედილი აქვს „ძველი დროის“, კათოლიკური ესპანეთის სიდიადით და არარსებული ტრადიციების სახელით  ებრძვის პროგრესს. ისევე, როგორც ყველა ჩაკეტილ საზოგადოებაში უმრავლესობას, მასაც სწამს, რომ მისი ქვეყანა რჩეული ქვეყანაა, უცხოელები საფრთხეს წარმოადგენენ, მისი სახელმწიფო რელიგია – ამ შემთხვევაში, კათოლიციზმი, ჭეშმარიტებაა და არათუ ყველა სხვა რელიგია, არამედ ქრისტიანობის განშტოებებიც, მაგალითად, პროტესტანტიზმი, წარმართობაა. ღატაკთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სისულელედ მიაჩნია და ურჩევნია, როგორც მაღალი სოციალური წრის წარმომადგენელი, ქველმოქმედებით დაკავდეს და ღატაკის მადლიერებით თავისი ეგო დააკმაყოფილოს. გარდა ამისა, აუცილებლად მიიჩნევს ომს და ამბობს, რომ ომის წლები საკმაოდ მხიარულად ახსოვს. ეს მის ახალგაზრდულ ქარაფშუტობასა და ზედაპირულობას შეიძლება, დავაბრალოთ – ომის წლები ისეთ ასაკში გადაიტანა, რომ მსუბუქად, მხიარულად და ცნობისმოყვარეობით უყურებდა სამყაროს. ასეთივე დამოკიდებულება აქვს მარგარეტ მიტჩელის „ქარწაღებულნის“ პროტაგონისტს, სკარლეტ ო’ჰარას ომზე, თუმცა როცა მის სირთულეებს ეჯახება, აზრს იცვლის. ვალენტინამ კი დაინახა, რომ მარიოს ძმები რეპრესიებმა და დევნამ შეიწირეს, თუმცა ამას მასში არაფერი შეუცვლია, არც გარდატეხა მოუხდენია. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ვალენტინას მორალისტური და კონსერვატიული დამოკიდებულება აქვს სექსისა და ოჯახური ფასეულობების მიმართ, ქმარს ღალატობს და ამის შესახებ კუბოში ჩასვენებულს უყვება – არა ერთბაშად, ისე, რომ დასაწყისს გაგრძელება, ლოგიკური განვითარება და დასასრული მოყვეს, არამედ ნაწილ-ნაწილ. ჯერ პაკოსთან ერთად გატარებულ ახალგაზრობის წლებს იხსენებს, მერე სხვა თემაზე გადადის. შემდეგ ისეთ პაკოს იხსენებს, როგორიც უკვე დაქორწინებულმა ნახა, მისით აღფრთოვანებას გამოხატავს, შემდეგ ისევ სხვა თემებზე გადადის და დიდი ხნით ივიწყებს ამ თემას. ასე მეორდება რამდენჯერმე ჩანართების სახით, სანამ უკვე ნაწარმოების დასასრულს ქმარს პაკოსთან ღალატის ამბავს არ გაუმხელს. თუმცა არც ამ ამბავს ყვება მწყობრად და თავიდან ბოლომდე. ვალენტინას სიტყვების მიუხედავად, რომ საბოლოოდ მათ შორის არაფერი მომხდარა, მაინც გაუგებარია, შედგა თუ არა მათ შორის სქესობრივი აქტი.

ოპოზიციური წყვილების მეორე ელემენტს კი მარიო წარმოადგენს, მწერალია და სიტყვის თავისუფლებას, ნონ-კონფორმიზმს, სოციალურ თანასწორობას, ლიბერალიზმს ემხრობა. მისი ბევრი ღირსება, რომლებიც, წესითა და რიგით, თანამედროვე ადამიანს უნდა მოსწონდეს, სამოქალაქო ომის შემდგომი პერიოდის ესპანეთში აღიზიანებთ. ამით, განსაკუთრებით, ვალენტინა ღიზიანდება, რომელიც ამ საზოგადოებას წარმოადგენს. თუმცა ამ გაღიზიანებასა და დაპირისპირებას ამძაფრებს ისიც, რომ ვალენტინა უკმაყოფილოა ოჯახური ცხოვრებით – არც იმის საშუალება აქვთ, რომ მანქანა იყიდონ, არც იმის, რომ შვიდოთახიან ბინაში იცხოვრონ და რამდენიმე მოსამსახურე ჰყავდეთ. ეს ყველაფერი მარიოს ცხოვრების წესითა და პრინციპებითაა გამოწვეული – სიმართლის თქმისა და ავტორიტეტებისადმი სიურჩის ფასი ესაა, ასევე, მარიოს დიდად არც ადარდებს მატერიალური კეთილდღეობა. ვალენტინა მარიოს იმის გამოც საყვედურობს, რომ ქორწინების პირველ ღამეს გულგრილად მოექცა, ღალატობდა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ვალენტინას შინაგანი მონოლოგი თავისი შინაარსით დიალოგურობას იძენს და მეორე, დაპირისპირებული მხარის პორტრეტს გამოკვეთს, ეს პორტრეტიც არაა სრული, მხოლოდ კონტურებია მოხაზული, მკითხველის მხრიდან რეკონსტრუქცია და ცარიელი ადგილების შევსება სჭირდება, რასაც ლიტერატურათმცოდნეობაში რეცეფციის ესთეტიკა ეწოდება. მარიოს ვალენტინასეული სახე არაა სანდო, ამასაც ისეთივე გაფილტვრა სჭირდება, როგორც ვალენტინას მიერ მოწოდებულ სხვა სახის ინფორმაციას.

„ხუთი საათი მარიოსთან“ ცოლქმრული კონფლიქტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც, პარალელურად, ორი ოჯახის (ვალენტინასა და მარიოს) დაპირისპირებაზე და, ამის ფონზე, ორად გაყოფილ, ორ ერთმანეთისაგან გათიშულ ესპანეთზე მოგვითხრობს. ქმრის ცხედართან მგლოვიარე ქალის შინაგანი მონოლოგი, რომელიც ცნობიერების ნაკადის ნიშნებს ატარებს და, გარკვეულწილად, დიალოგადაც შეიძლება აღვიქვათ, მიუხედავად იმისა, რომ თანამოსაუბრე კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ სივრცეში ვერ პასუხობს მას, მოგონებებით სავსე მრავალწლიანი თანაცხოვრების პერიოდზე გვიყვება. თუმცა ეს პატარა ისტორიები, ეს „მიკროისტორია“ კულისებს მიღმა გლობალურ მოვლენებს, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სოციალურ-პოლიტიკურ ძვრებს ფარავს. ვალენტინას სააზროვნო სისტემაში შეღწევით კი გვაჩვენებს, რომ ამ ერთი შეხედვით უწყინარი ადამიან(ებ)ის აზრებმა, რომლებიც თავის „მეს“, თავის ეგოს ვერ გასცდენია, უამრავი სოციალური უსამართლობა, ომი თუ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული შეუძლიათ, გამოიწვიონ.