De lo real maravilloso americano

ალეხო კარპენტიერი – De lo real maravilloso americano

ალეხო კარპენტიერის თეორიული ესე „ამერიკული საოცარი რეალობის შესახებ“ (De lo real maravilloso americano) ლათინოამერიკული კრიტიკული აზროვნების ფუნდამენტური მანიფესტია, რომელმაც ევროცენტრისტული მოდელებისგან კონტინენტის სრული ესთეტიკური ემანსიპაცია გამოაცხადა. ევროპული სიურრეალიზმის ხელოვნური კონსტრუქციების საპირისპიროდ, კარპენტიერი ამტკიცებს, რომ ლათინურ ამერიკაში „საოცრება“ არა ლიტერატურული ტრიუკი, არამედ თავად რეალობის ონტოლოგიური მდგომარეობაა – ორგანულად ნაშობი ველური გეოგრაფიიდან, რასობრივი სინკრეტიზმიდან და კოლექტიური მითოსური მეხსიერებიდან. წარმოდგენილი ოთხი თავი მკითხველს აცნობს ავტორის საკვანძო მარშრუტს: ჰაიტის რევოლუციის მისტიკური გამოცდილების გააზრებას, რწმენის პოეტიკასა და „ახალი სამყაროს“ ბაროკოულ ეპისტემოლოგიას, რამაც საბოლოოდ გზა გაუკვალა მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ რევოლუციას.

 

თარგმნა მარიამ მორჩილაძემ

1

Là-bas tout n’est que luxe, calme et volupté[1] მოსაწვევი სამოგზაუროდ. ძველისძველი, შორეული და გამორჩეული. ბოდლერის La langoureuse Asie et la brûlante Afrique[2] ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დავბრუნდი. პეკინმა, ამ მართლაც მშვენიერმა ქალაქმა, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა თავისი შავად შეღებილი სახლებითა და კაშკაშა ნარინჯისფრად მოჭიქული კრამიტიანი სახურავებით, სადაც ერთმანეთში ჩახვეულა ადგილობრივი ზღაპრული ფაუნა: იქაურობის მფარველი პაწაწინა დრაკონები, ჩახუჭუჭებული გრიფონები და სხვა ჩემთვის უცნობი თვალისმომჭრელი ზოოლოგიური არსებები. გაოცებით შევდექი ზაფხულის სასახლის ერთ-ერთ შიდა ეზოში, პედესტალზე აღმართული ქვების წინაშე, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებივით იყვნენ საჭვრეტად გამზადებული: არაფიგურატიული ხელოვნების ცნების მტკიცებულება, უარყოფილი დასავლელი არაფიგურატიული ხელოვნების წარმომადგენელთა მანიფესტებში: მარსელ დუშანის “რედიმეიდის” განდიდება, ტექსტურებისა და შემთხვევითი პროპორციების ქებათა-ქება, ხელოვანის უფლების დაცვა, აირჩიოს სასურველი საგნები და მატერიები, რომლებსაც ადამიანის ხელი ჯერ არ შეხებია და რომლებიც თავიანთ გარემოში სამყაროს სილამაზის ამრეკლავი თვითმყოფადი სილამაზით წარმოგვიდგებიან. მოვიხიბლე ნანკინის მსუბუქი, ზომიერი და დახვეწილი არქიტექტურით; ნანჩანის პერიოდის ჩინური შუა საუკუნეების სტილის მძლავრი გალავნებით, რომლებიც პირქუში ბნელი კედლების ფონზე თეთრად იყო მორთული. შანხაის ხმაურიან, ათლეტური აღნაგობის, მხიარულ ბრბოში ჩავიკარგე, რომელიც მომრგვალებულკუთხეებიან ქალაქში ცხოვრობს და, თავის მხრივ, უარყოფს დასავლურ კუთხოვანებას. ქალაქის ჯებირებიდან საათობით გადავცქეროდი, როგორ მიიკვლევდნენ გზას წყალში სამპანები კვადრატული იალქნებით. მოგვიანებით კი, როცა აფრენისას ქვეყანას გადმოვხედე, მივხვდი, რამხელა როლი ჰქონდა ნისლს, ბურუსსა და უძრავ ღრუბლებს ჩინელი პეიზაჟისტების ზღაპრული წარმოსახვის განვითარებაში. ბრინჯის მინდვრებსა და იქ მომუშავე, ჭილოფის სამოსში გამოწყობილ გლეხებს რომ შევცქეროდი, მაშინ მივხვდი, რა მნიშვნელობა ჰქონდა მწვანე, მოვარდისფრო, ყვითელ ფერებსა და ბუნდოვან მონასმებს ჩინურ ხელოვნებაში. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ საათები გავატარე თხის დახლებთან, სადაც ჭიქა ცხელი წყლით გვიმასპინძლდებიან ან თევზის დახლებთან, სადაც თევზებს ფარფლის მარაოსებრი ქნევით ფერი გადასვლიათ; მას შემდეგ, რაც მთხრობელთა ამბებს მოვუსმინე და ვერაფერი გავიგე; მას შემდეგ, რაც პეკინის მუზეუმში აღვფრთოვანდი დიდებული სილამაზისა და პროპორციების მქონე შედევრით – ოთხ დრაკონზე აღმართული გასაოცარი არმილური სფეროთი, რომელშიც დაუჯერებლადაა შერწყმული ციური სხეულების ჰარმონიული გეომეტრია და მიწისქვეშა ურჩხულების ჩახუჭუჭებული ჰერალდიკა; მას შემდეგ, რაც ძველი ობსერვატორიები მოვინახულე და ის იშვიათი ხელსაწყოები ვიხილე, რომლებითაც ციურ სხეულებს ზომავდნენ და რომელთა მასშტაბებიც ჩვენს კეპლერისეულ აღქმას სცდება; მას შემდეგ, რაც შანხაის თითქმის ქალური კოშკი-პაგოდას ფანჯრების უზარმაზარ, ნაზ სიმინდის ტაროებსა და მჩხვლეტავ ლავგარდანებს თავი დიდი პორტების ცივი ჩრდილში შევაფარე; მას შემდეგ, რაც მოვინუსხე საათივით აწყობილი თოჯინების თეატრით, დასავლეთს მელანქოლიანარევი განწყობით ვუბრუნდები. უსაზღვროდ საინტერესო იყო ის, რაც ვიხილე, მაგრამ, არ ვარ დარწმუნებული, რომ იქაურობა გავითავისე. ყოველივე ეს რომ ჭეშმარიტად შემეცნო – და არა გულუბრყვილო ტურისტის თვალით, რომელიც, გულახდილად რომ ვთქვა, ვიყავი კიდეც – მათი ენა უნდა მცოდნოდა და სრულყოფილი წარმოდგენა უნდა მქონოდა მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უძველეს კულტურაზე: დრაკონისა და ნიღბის სიტყვებს სრულფასოვნად უნდა დავუფლებოდი. კარგად გავერთე დრამატურგების წარმოუდგენელი ილეთებით, რასაც დასავლურ სამყაროში ოპერას უწოდებენ, თუმცა, რეალურად, მხოლოდ და მხოლოდ იმის ხორცშესხმაა, რისი მიღწევაც ტოტალურ თეატრში სურდათ – აკვიატება, რომლის დაკმაყოფილებასაც, ჩვეულებისამებრ, დრამატურგები, რეჟისორები და სცენოგრაფები ვერ ახერხებდნენ. თუმცა ილეთები, რომლებიც ოპერად შერაცხეს – არადა, რეალურად, თავად ოპერასთან არასოდეს აიგივებდნენ თავს – მხოლოდ და მხოლოდ ენობრივი მატერიის დანამატი იყო, რაც ჩემთვის მთელი ცხოვრების მანძილზე მიუწვდომელი დარჩება. ამბობენ, რომ ჯუდიტ გოტიეს ოცი წლის ასაკში შეეძლო ჩინურ ენაზე კითხვა. ვერ დავიჯერებ, რომ ის „ჩინურად ლაპარაკობდა“, რადგან ამ ენაზე ვერ ილაპარაკებ, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ პეკინურ დიალექტზე საუბარი პეკინიდან ას კილომეტრში აღარავის ესმის. მას არაფერი აქვს საერთო ხატოვან კანტონურთან ანდა შანხაის ნახევრად მერიდიანულ დიალექტთან, ამ დროს კი ამ ყველა ენას საერთო დამწერლობა აერთიანებს, რათა ხალხმა ერთმანეთს გაუგოს. თუმცა, მე კი ვიცი, რომ სიცოცხლის დარჩენილი წლები არ მეყოფა ჩინური ცივილიზაციისა და კულტურის არსის ჩასაწვდომად და სრულფასოვნად შესაცნობად. ამისთვის ტექსტების უნდა მესმოდეს. იმ ტექსტების, რომლებიც სტელებზე იწერება და რომლებსაც ქვის ბაკნებით დაატარებენ უზარმაზარი კუები – როგორც მითხრეს, დღეგრძელობის სიმბოლოები – რომლებიც სიარულის გარეშე გადაადგილდებიან, იმდენი წლის არიან, რომ მათი დაბადების თარიღი აღარავის ახსოვს, სარწყავ არხებსა და სახნავებზე ბატონობენ და პეკინის დიდებული ქალაქის შემოგარენში სახლობენ.

 

2

ისლამური სამყაროდან ვბრუნდები. სიხარულით ამავსო ამ სიმშვიდის მომგვრელი პეიზაჟების ხილვამ, რომლებიც მთესველებმა და მსხვლელებმა შემოსაზღვრეს. მათთვის უცხოა ყოველგვარი ზედაპირული ხასიათის მცენარეული ელემენტი, სავსეა ვარდის ბუჩქებითა და ბროწეულის ხეებით, რომლებიც რომელიღაცა მიწისქვეშა წყაროებით ირწყვება. მათმა გრაციოზულობამ ჩემს გონებაში საუკეთესო სპარსული მინიატურები გამოიხმო, არადა, სინამდვილეში, ირანიდან საკმაოდ შორს ვიყავი და დანამდვილებით არც ის ვიცი, რაიმე საერთო თუ ჰქონდა ამ ყველაფერთან იმ მინიატურას, მეხსიერებაში რომ ამომიტივტივდა. უხმო ქუჩებში დავაბიჯებდი და უფანჯრებო სახლების ლაბირინთებში ვიკარგებოდი, რომელთაც ცხვრის ქონის ზღაპრული სუნი სდევდა თან, ასეთი ნაცნობი ცენტრალური აზიისთვის. მომხიბლა ხელოვნების მრავალფეროვანმა გამოხატულებამ და მისმა თვითგანახლებისა და მატერიებთან, ტექსტურებთან თამაშის უნარმა, რომლითაც ადამიანის ფიგურის გამოსახვის აკრძალვასა და მისით გამოწვეულ შიშის მომგვრელ წინაღობაზე იმარჯვებს. ვიფიქრე, რომ მაჰმადიანი ხელოვანები ტექსტურების სიყვარულით, მშვიდი, გაწონასწორებული გეომეტრიული მოტივებისა და ნატიფი, ჩახვეული ელემენტების სიმრავლით აბსტრაქტულ ხედვას გადმოსცემენ, რაც მხოლოდ მექსიკაში ნანახ მითრას ტაძრის პატარა, ზღაპრულ შიდა ეზოს თუ შეედრება. (მათთვის ხელოვნება კვლავ არაფიგურატიულია და ქედმაღლურად დისტანცირდება იმ სივრცისგან, რომელშიც უკვე გაცვეთილი და ყელში ამოსული რეალიზმია განხილვის საგანი…). შევიგრძენი მინარეთების სითხელე, მოზაიკების პოლიქრომია, გუსლის მსგავსი ჟღერადობა, უსაფუარო პურების ათასწლოვანი, ყურანამდელი გემო, რომელსაც საცხობი ღუმელიდან გამოღებისთანავე, საკუთარი წონა სძლევს და ვარდება. არალის ზღვას გადავუფრინე, რომელსაც ისეთი იშვიათი და უცხო ფორმები და კონტურები ჰქონდა, ისე ჰგავდა ბაიკალის ტბას, რომელმაც თავისი მთიანი მხარითა და ზოოლოგიური იშვიათობებით მომხიბლა. ამ შორეულ ადგილებს ის აერთიანებთ, რომ ვრცელ ტერიტორიაზეა გადაჭიმული, უსასრულო და განმეორებადია  – დაუსრულებელი ტაიგაა, ჩვენი ჯუნგლების მსგავსად. უსასრულო ენისეი, რომელიც, თუკი ვსევოლოდ ივანოვს დავესესხებით, წვიმის შემდეგ სიგანეში ხუთი ლიგით იზრდება; სწორედ ასეთი წვიმები ზრდის ორინოკოს სიგანეში 5-7 ლიგით წყალდიდობის დროს. და მაინც, დაბრუნებისას შავნაღვლიანობამ შემიპყრო, რადგან მინდოდა გამეგო, მაგრამ მხოლოდ სანახევროდ გავიგე. ისედაც ძლივსძლივობით მოხელთებული ისლამის არსის გასაგებად რომელიმე ადგილობრივი ენა უნდა მცოდნოდა, რომელიმე ლიტერატურულ ნაწარმოებზე უნდა მქონოდა წარმოდგენა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ღრმა, ვიდრე ესპანურად გადათარგმნილი რობაიების ან ალადინისა და სინდბადის ფათერაკების წაკითხვის შემდეგ, ან ბალაკირევის თამარისა და რიმსკი-კორსაკოვის ანტარის ან შეჰერეზადას მოსმენის შემდეგ მექნებოდა; ასევე, წარმოდგენა უნდა მქონოდა იქაურ ფილოსოფიაზე, თუკი საერთოდ შეგვიძლია ფილოსოფიური ფუნქცია მივანიჭოთ იმ აურაცხელი რაოდენობის გონებამახვილურ, მისტიკურ ლიტერატურას, რომელშიც გარკვეული ატავისტური პრინციპები ჯერ კიდევ ზღუდავს ადამიანის გონებას, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური პრინციპები უკან მოიტოვეს. თუმცა ვინც გაგება მოიწადინა, სანახევროდ თუ გაიგო, რადგანაც არ ფლობდა იმ ენას/ენებს, რომლებზეც ამ ტერიტორიაზე ლაპარაკობდნენ. წიგნის მაღაზიებში ჰერმეტულ ტომებს ვაწყდებოდი, ყდაზე იდუმალი ნიშნებით გამოკვეთილი სათაურებით. სულ მინდოდა, ამ ნიშნების მნიშვნელობა გამეშიფრა. თავს დამცირებულად ვგრძნობდი იმის გამოც, რომ არც სანსკრიტს ვფლობდი და არც – კლასიკურ ებრაულს – ენებს, რომლებსაც ჩემი ახალგაზრდობის დროინდელ ლათინოამერიკულ უნივერსიტეტებში არ ასწავლიდნენ; ბერძნულსა და ლათინურსაც კი ეჭვის თვალით უყურებდნენ, იმ ყველაფრის მსგავსად, რომელთაც ახლად შემოსული პრაგმატიზმი დროისა და ინტელექტის ფუჭად ფლანგვად მიიჩნევდა. თუმცა იმასაც ვაცნობიერებდი (და ბუქარესტში ჩასვლის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი), რომ რომანული ენების გასაგებად ლათინოამერიკელისთვის საკმარისი იქნებოდა, რომ იმ გარემოში მხოლოდ რამდენიმე კვირით ეცხოვრა.

ამგვარად, იმ მიუწვდომელი და შეუცნობელი ნიშნების წინ, რომლებიც ყოველ დილით, ადგილობრივი გაზეთების სათაურებიდან გადმომეშლებოდა ხოლმე, უფრო და უფრო მიახლდებოდა იმედგაცრუების გრძნობა და ვხვდებოდი, რომ ჩემი ცხოვრების დარჩენილი წლები არ მეყოფოდა (რას წარმოადგენს ოცი წელი, როცა რამის სწავლა გინდა?), რომ ერთიანი, ფუნდამენტური და უნივერსალური ხედვა ჩამომეყალიბებინა ისლამურ კულტურაზე, თავისი განსხვავებული გამოვლინებებით, ფორმებით, გეოგრაფიული არეალებით, დიალექტური სხვაობითა და ა.შ. თავს დამცირებულად ვგრძნობდი იმ დიდებულების წინაშე, რომელიც თვალწინ გადამეშალა, მაგრამ ვერც ის შევძელი, რომ ასეთი შორეული მოგზაურობიდან დაბრუნებულს, ჩემიანებისთვის ამეხსნა, რა იყო ასეთი უნივერსალური ამ სამყაროს ფესვებში, არსებობასა და ამჟამინდელ გარდასახვაში. ამისთვის გარდაუვალი იყო, რომ გარკვეული კოდები მცოდნოდა, რომლებიც ჩემსა და ბევრი სხვა ადამიანის შემთხვევაში, სპეციფიკურ ცოდნას, დისციპლინასა და თითქმის მთელ ცხოვრებას მოითხოვს.

 

3

როცა დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა, საბჭოთა კავშირში აღმოვჩნდი, ეს დიდი გაუგებრობის შეგრძნება საგრძნობლად შემიმსუბუქდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ენა არ ვიცოდი. ლენინგრადის დიდებულმა არქიტექტურამ, რომელიც თავის თავში აერთიანებს ბაროკულ, იტალიურსა და რუსულ სტილს, მანამდე მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, ვიდრე დავინახავდი. ვიცნობდი ამ სვეტნარებს, ვიცნობდი ამ ასტრაგალებს, ვიცნობდი ამ მონუმენტურ თაღებს, რომლებიც ნაგებობებზე გადაჭიმულიყო და ვიტრუვიუსსა და ვინიოლას მახსენებდა, ასევე, ალბათ პირანეზისაც; რასტრელიც, იტალიელი არქიტექტორი, მას შემდეგ, რაც რომი შემოიარა, აქ მოსულიყო და თავისი კვალი დაეტოვებინა. ჩემს განკარგულებაში იყო ნევაზე ამაღლებული როსტრალური თაღები, ღრმად ლურჯი, ქაფივით თეთრი ზამთრის სასახლე კი თავისი საზღვაო, წყლის სტიქიის ბაროკულობით, ნაცნობი ხმით მელაპარაკებოდა. წყლის გადაღმა კი პეტრესა და პავლეს ციხე-კოშკის მშობლიური სილუეტი მეშლებოდა თვალწინ. ეს ყველაფერი ამით არ ამოიწურება: ეკატერინე დიდი დიდროს მეგობარი და მფარველი იყო. პოტიომკინი მირანდასთან მეგობრობდა, ამერიკის დამოუკიდებლობის ვენესუელელ წინამორბედთან. ჩიმაროზა რუსეთში ცხოვრობდა და მუსიკას წერდა. მოსკოვის უნივერსიტეტი ლომონოსოვის სახელსაც ატარებს, ავტორისა „ოდა ჩრდილოეთის ციალს“, რომელიც მე-18 საუკუნის პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებაა, ასევე, მეცნიერული და ენციკლოპედიურია, რაც მას აახლოებს – რასაკვირველია, არა იმდენად სტილით, რამდენადაც არსით – ფონტენელსა და ვოლტერთან. პუშკინმა „ბორისი“ გამახსენა, რომლის არასრულფასოვანი ფრანგული ვერსია ოცდაათი წლის წინ, ბუენოს-აირესის კოლონის თეატრის მომღერლის მოთხოვნით მუსიკალურ კეთილხმოვანებად გარდავქმენი.  ტურგენევი ფლობერთან მეგობრობდა („ყველაზე უგუნური ადამიანი იყო, რომელსაც ვიცნობდი“, ამბობდა აღფრთოვანებით). ტოლსტოი პირველად 1920 წელს წავიკითხე – მექსიკის განათლების დეპარტამენტის მიერ გამოცემულ კრებულში. კარგად იყო ნათარგმნი თუ ცუდად, ლენინის „ფილოსოფიური რვეულები“ ჰერაკლიტეზე, პითაგორაზე, ლევკიპეზე მიყვებოდა, ასევე, „იდეალისტზე, რომელსაც უკეთესად გაუგებ, ვიდრე სულელ მატერიალისტს“. მოსკოვის დიდმა თეატრმა (სცენაზე ცხენზე ამხედრებული პეტრე დიდის ქანდაკებით) ჩემში ერმიტაჟის მუზეუმის მაღალჭერიანი ოთახების ასოციაცია გამოიწვია. იქ იდა რუბენშტეინის იშვიათ პორტრეტს წავაწყდი, სეროვის ნამუშევარს, რომელშიც მას ერთდროულად სასტიკი და მოსიყვარულე გამომეტყველება ჰქონდა; ასევე, შემხვდნენ სერგეი დიაგილევი და ანა პავლოვა, რომლებიც 1915 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს ჩამოდიოდნენ ჰავანაში და კუბელები კლასიკური ცეკვის ტრანსცენდენტულ ტექნიკას აზიარეს. გზა გავაგრძელე და მოულოდნელად, რერიხის ვრცელი რეტროსპექტული გამოფენა შემომხვდა. რერიხი სცენოგრაფი და ლიბრეტისტი იყო, რომელმაც სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხულისა“ და დასავლური მუსიკის კომპოზიციის პრინციპები თავდაყირა დააყენა… ლენინგრადსა და მოსკოვში რომ ვიყავი, შევძელი, რომ იქაურ არქიტექტურაში, ლიტერატურასა და თეატრში სრულყოფილად გასაგები სამყარო აღმომეჩინა, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური თუ მექანიკური მხრივ, გარკვეული კულტურული საზღვრების მიღმა არსებულის შეცნობის პრობლემა მქონდა (როგორი რთული იყო ერთ დღეს ჩემთვის ტიბეტელი ლამას მსჯელობის მოსმენა, რომელიც ტანტრიზმის მარქსიზმთან გაიგივებას ცდილობდა, ან იმ უჭკვიანესი კაცის აფრიკიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ პარიზში, ისტორიული გადმოსახედიდან, მაგიურ ტომობრივ რიტუალებზე მესაუბრებოდა). ყოველ ჯერზე მიმტკიცდებოდა რწმენა იმისა, რომ ადამიანის ცხოვრება ძლივს ყოფნის დედამიწის იმ ფრაგმენტის შეცნობას, რომელზე დაბადებაც ხვდა წილად. თუმცა ეს ფაქტი მას არ ათავისუფლებს განუზომელი ცნობისმოყვარეობისგან, რომ გაიგოს, რა ხდება ჰორიზონტს მიღმა. თუმცა ცნობისმოყვარეობა, ბევრ შემთხვევაში, არ ჯილდოვდება ობიექტის სრული შეცნობით.

 

4

არა მგონია, ევროპაში მოიძებნებოდეს ქალაქი, რომელზეც რეფორმისა და კონტრრეფორმის დრამას უფრო გამძლე და მრავლისმთქმელი კვალი დაუტოვებია, ვიდრე პრაღაზე. ერთ მხარეს ტინის მტკიცე და მძლავრი ეკლესია აღმართულა, რომელიც ნემსებითაა დაფარული და ყალყზე შემდგარი, ასევე, ბეთლემის სამლოცველო თავისი დამრეცი, შუა საუკუნეების პირქუში ფილებით მორთული სახურავით, საიდანაც მაესტრო იან ჰუსის ვერტიკალური და თავზარდამცემი სიტყვა ექოდ უნდა გაჟღერებულიყო; მეორე მხარეს, კარლოსის ხიდის ბოლოს, გაღმა ნაპირის შეუპოვარი, წაწვეტებული ხიდების პირისპირ, კლემენტინური სკოლის სან სალვადორის ეკლესიის ჩახუჭუჭებული, ყოვლისმომცველი, თითქმის ავხორცული ბაროკულობა იშლება; პომპეზური იეზუიტური ხედია – თეატრს უფრო ჰგავს, ვიდრე ეკლესიას – და წმინდანებითა და მოციქულებით, წამებულებითა და ექიმებითაა დასახლებული, რომლებიც სტოლებისა და მიტრების ქორეოგრაფიულ ერთხმიანობაში არიან გაბნეული – ბრინჯაოსფერი თეთრზე, მუქი ფერები – ოქროზე – და რომაული ლათინურის მყისიერ გამარჯვებას აცხადებენ პრაღის ხალხურ, ეროვნულ ენაზე, ფსალმუნებსა და ტაბორიტულ სიმღერებზე. ზევით, ციტადელში, ცნობილი დეფენესტრაციის ფანჯრებია. ქვევით, მალა სტრანაში, კი ვალდშტეინის სასახლე, რომლის სააუდიენციო დარბაზის ჭერქვეშ უკანასკნელმა დიდმა კონდოტიერომ 30-წლიანი გამაყრუებელი ომის სიმფონია გამოაქანდაკებინა, ტრომბონების,  დაფდაფებისა და საყვირების ჭარბი გამოსახულებებით, რომლებშიც აღვირები, ბუმბულები და საბრძოლო ალეგორიის ემბლემები ერთმანეთში ირევა. ახლა უკეთესად შემიძლია შილერისა და მისი ცნობილი ტრილოგიის პირველი ნაწილის ხასიათის გაგება, რომელშიც უჩვეულო სიმამაცე გამოიჩინა და დრამა პროტაგონისტის გარეშე დაწერა, პერსონაჟებს კი დაარქვა “ხორვატიელები”, “ულანები”, “მესაყვირე”, “ახალწვეული”, “კაპუცინი”, “კვარტირმაისტერი”… თუმცა ეს ყველაფერი არ არის: თუკი რეფორმა და კონტრრეფორმა პრაღის ქვებში აგრძელებენ არსებობას, მისი ნაგებობები და ადგილები ქალაქის წარსულის შესახებ გვიყვებიან, რომელიც სამუდამოდაა გაბმული რეალობისა და არარეალობის, ფანტასტიკურისა და დამაჯერებლის, თქმულებისა და ფაქტის უკიდურეს პოლუსებს შორის. ვიცით, რომ ფაუსტი, ალქიმიკოსი, პირველად პრაღაში გამოჩნდა – ნუთუ ეს მართლა ფიქცია იყო? – ქალაქში, რომელშიც მომავალი თაობები ტიხო ბრაჰეს ზუსტ ან თითქმის ზუსტ ასტრონომიულ ინსტრუმენტებს მოსინჯავენ, მანამდე, სანამ ერთი ვარსკვლავთმრიცხველის, სახელად იოჰანეს კეპლერის სახლს მოინახულებენ, რომ არაფერი ვთქვათ ფილოსოფიური ქვის მაძიებლებსა და მათზე, ვინც ჰერმეტული მერკური დაამზადეს – კარლოს დიდის ქალაქში მათი ქუჩა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, თავისი რეტორტებითა და გამოსაწვავი ღუმელით. იქ ბევრი რამ გვახსენებს გოლემის ლეგენდას, ავტომატის, რომელიც ბრძენმა რაბინმა თავის სასარგებლოდ ამუშავა ებრაული სასაფლაოსა და პომპეზური სინაგოგების მახლობლად. ყველაზე უჩვეულო კი ისაა, რომ ძველი ებრაული სასაფლაო, თავისი დრამატული სტელებით 1500-იანი და 1600-იანი წლებიდან, რომლებიც გვერდიგვერდ ან ერთმანეთის უკან ისე ქაოსურადაა განლაგებული, თითქოს აუქციონზე გაუტანიათო (მარტის ბოლოს ებრაულ წარწერებს ჩრდილოეთის ქარის ფუნჯის მონასმები ანათებს), როგორც თანასწორები, ისე თანაარსებობენ ერთ მიწაზე პრაღის ვიწრო ზომის თეატრთან ერთად, რომელშიც 1787 წლის ერთ დღესაც მოცარტის „დონ ჟუანის“ დებიუტი შედგა – ფაუსტური და ავტოსაკრამენტული ნამუშევრის, რომლის დადგმაც უჩვეულო იყო სინათლის საუკუნის გენიოსისაგან, როდესაც უკვე აღარაფრით სჯეროდათ ქვის სტუმრების, რაც არ უნდა ახლოს ეცეკვათ ბრინჯაოს ეპისკოპოსებსა და ექიმებს კლემენტინური ეკლესიის პომპეზურ თეოლოგიურ სცენაზე. არცერთი ქვა არ დუმს პრაღაში იმათთვის, ვისაც სიტყვებს მიღმა ესმით. ასეთი მსმენელებისთვის ყოველი ქუჩის შესახვევში ფრანც კაფკას მშვიდი, ხავერდოვანი,  უჩრდილო სილუეტი იკვეთება, შამისოს პერსონაჟის მსგავსად, რომელიც, ნებისმიერი ალბათობის მიხედვით, ნებისმიერ დებატებში უნდა იყოს ჩართული, რომლებიც ლიტერატურიდან პოლიტიკაში გადადის; ფრანც კაფკას, რომელმაც, „ორთაბრძოლის აღწერის მოტივით“, შემთხვევით, ისე, რომ არც სურდა, მეტაფორული და ირიბი გამომსახველობითი საშუალებებით, მთელი მისი საიდუმლოებებითა და შესაძლებლობებით განცდილი პრაღული ატმოსფეროს ყველაზე გასაოცარი შეგრძნება გადმოგვცა, თავის „დღიურში“ (1911) აღნიშნავს, რომ ჩეხის ხიდის მარჯვნივ განლაგებული კიბეების ხილვამ შეძრა, „პატარა სამკუთხა ფორმის ფანჯრიდან“ (მხოლოდ ამ ასიმეტრიულ ქალაქში, რომელშიც ფანტასტიკური არქიტექტურის ყოველგვარი შემთხვევითი გამოვლენა ირევა ერთმანეთში, შეიძლებოდა „სამკუთხა ფორმის ფანჯრის“ არსებობა…) აღიქვა იმ უზარმაზარი კიბეების უსასრულობა და ბაროკული სიცოცხლისუნარიანობა, რომლებსაც დეფენესტრაციის სახელგანთქმულ ფანჯარასთან მივყავართ… კაფკას ვტოვებთ და წარსულში ნახტომით, წარმოსახვითი, დროის მიღმა არსებული გულმოდგინებით ლაიფციგისკენ მივიწევთ, სადაც ის ორღანი გველოდება, რომლის მიღმაც მოჯადოებულმა ანა მაგდალინამ იოჰან სებასტიანის არსებობა აღმოაჩინა, ისეთივე თავზარდამცემი, როგორც – შთაგონებული დრაკონის; გავიხსენოთ, რომ სწორედ აქ ასრულებდნენ „ვნებებს“ მცირე ზომის ორკესტრებითა და ცოტა ხმით, რომლებიც პირდაპირაა ჩვენთან დაკავშირებული და უკვე ორი საუკუნეა, თავიანთი პარტიტურით, შესრულებითა და ჩანაწერებით არ წყვეტენ ზრდას, დიდ რიცხვებად ქცევას, ატლანტიკის გადაკვეთას, ამერიკის ნაპირებამდე მიღწევას. მათმა „ალეგრომ“ კი ეიტორ ვილა-ლობოსს უკარნახა, თავისი რიო-დე-ჟანეიროსა და ბაიას ალეგროს (უწყვეტი მოძრაობა, პერპეტუუმ მობილე) რიტმებით შთაგონებული კომპოზიციებისთვის ბახის სახელის დარქმევა… ლაიფციგიდან წარმოსახვით დილიჟანსს გოეთეს ვაიმარისკენ მივყავართ – მეეტლე მოცარტისთვის და მორიკესთვისაც კი ასე ნაცნობ საყვირს აჟღერებს. გოეთეს სახლში ჰეროიკულ განზომილებაში შესრულებული ბერძნული ქანდაკებების უზარმაზარი რეპროდუქციები გვხვდება; ზომებს თუ გავითვალისწინებთ, ტაძარში აღმართვას იმსახურებენ, თუმცა ფაუსტის ავტორმა ადგილი ისეთ პატარა ოთახებში მიუჩინა, რომ მნახველებს გადაადგილებაში ხელს ჭადრაკის დაფაც კი შეუშლის ხელს. ეს უზარმაზარი ბერძნული ღვთაებები მთლიანად მოიცავს – მართლაც ასეა – ვაიმარის სახლის პატარა ოთახებს და ლათინურ ამერიკაში გავრცელებულ გარკვეულ ეპონიმურ რიტორიკას მახსენებს: სამთავობო ვესტიბიულებში აღმართულ ქანდაკებებს, რომლებიც გმირებს გამოსახავენ და რომელთა ზომებიც ისეთი გაბერილი, გაფართოებული, ამაღლებული და გაზრდილია, რომ მათ რეალურ სიმაღლეს ორჯერ და სამჯერ აჭარბებენ. ეს ყველაფერი ისეთ აბსურდამდეც მიდის, როგორიცაა ჰავანის კაპიტოლიუმში აღმართული რესპუბლიკის ქანდაკება, რომლის ბრინჯაოს მკერდიც ტონებს იწონის და რომლის ზომაც ისე განსაცვიფრებლად მონუმენტურია, რომ მის გვერდით საბრალო გიგანტი კაფკა შეუმჩნეველი დარჩებოდა.


[1] „იქ წესრიგია, განცხრომით სავსე, მშვიდი სიუხვე და სილამაზე“ [თარგმნა დავით აკრიანმა].

[2] ბოდლერის “ნახევრად მძინარე აზია და მცხუნვარე აფრიკა” [თარგმნა დავით აკრიანმა}

0 Votes: 0 Upvotes, 0 Downvotes (0 Points)

ჟურნალი

Search
Loading

Signing-in 3 seconds...

Signing-up 3 seconds...