
ჯუნა ბარნსის სახელი და გვარი დღეს მკითხველთა უმეტესობას არაფერს ეუბნება. რამდენიმე წლის წინ, როდესაც მასზე სადოქტორო ნაშრომის წერას ვიწყებდი, ვცდილობდი წარმომედგინა, თუ რაოდენ სასიამოვნო და რთული იქნებოდა საუბარი მწერალზე, რომელიც ყველასთვის უცნობია და ამავდროულად მეტად ნაცნობი გასული საუკუნის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი კრიტიკოსისა თუ ავტორისათვის. ამერიკელი მოდერნისტი მწერლის სათანადოდ გაგება და შეყვარება, როგორც სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდგომ, მკითხველთა მხოლოდ ვიწრო წრემ შეძლო. თანამედროვეთა შორის კი, ჯუნა ბარნსი ყველაზე მასშტაბურმა სახეებმა აღიარეს: ტ.ს. ელიოტმა მისი რომანისთვის წინასიტყვაობა დაწერა, ედვინ მიური მხარს უჭერდა ბარნსის ექპერიმენტულ წამოწყებებს, გერტრუდ სტაინი მისთვის დამახასიათებელი შურით ადევნებდა თვალყურს ჯუნას საქმიანობას, პეგი გუგენჰაიმი კი აღმერთებდა მას.
მწერალთა და ხელოვნების მოყვარულთა ოჯახში გაზრდილი ჯუნა ბარნსის მოღვაწეობის ადრეული ეტაპი ჟურნალისტიკას და თეატრს უკავშირდება. არაერთი ექსცენტრიული სტატიის ავტორი 1921 წელს ამერიკიდან პარიზში მიემგზავრება, საიდანაც მისი, როგორც მწერლის კარიერა იწყება. ჯეიმზ ჯოისის, ტ.ს. ელიოტის, ემილი კოლმანის, ნატალი კლიფორდ ბარნის, მარსელ დუშამპის და მინა ლოის უახლოესი მეგობარი, დროთაგანმავლობაში სწორედ ამ წრისათვის გასაგებ მწერლად ჩამოყალიბდა. ბარნსის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი ენობრივი ბარიერის არსებობა, რაც გულისხმობდა რესტავრაციის პერიოდის სამწერლობო ენის გამოყენებას, სინტაქსის უარყოფას და ახლო წრისათვის შექმნილი ტერმინოლოგიის ხმარებას, კიდევ უფრო მეტად აშორებდა მწერალს მეოცე საუკუნის მკითხველისაგან. რეალურად, აღნიშნული „დაბრკოლება“ ავტორის უდიდესი ღირებულებაა, რადგან ენობრივ ერთეულთა მრავალფეროვანი სპექტრი დროისმიერი საზღვრის მოშლის წინაპირობად გვევლინება მის ნაწარმოებებში.

ჯუნა ბარნსი (1892-1982)
1913 წელს ოცდაერთი წლის ჯუნა ბარნსმა Brooklyn Daily Eagle-ს თავი შემდეგი სიტყვებით შესთავაზა: „თქვენ მე გჭირდებით“[1] (Herring, 1995: 75), რის წინაპირობასაც მისი გამართულად წერის და ხატვის ნიჭი წარმოადგენდა. პარიზში გამგზავრებამდე, ყველა რედაქტორის საყვარელმა თანამშრომელმა, ისეთ გამომცემლობებში შეძლო ჟურნალისტად და ილუსტრატორად მუშაობა როგორებიც იყო: New York Press, New York Morning Telegraph, Theatre Guild Magazine, The Little Review, Vanity Fair და სხვ. მისი ჟურნალისტური კარიერის საკულტო სტატიებად უდაოდ ჯეიმზ ჯოისთან და გორილასთან ჩაწერილი ინტერვიუები, ასევე სუფრაჟისტების მხარდასაჭერად შექმნილი ტექსტი უნდა დავასახელოთ. „ულისეს“ გამოქვეყნებიდან მალევე გამოცემულ ინტერვიუში, რომელიც პარიზში ჩაიწერა, მოცემულია არა მხოლოდ კითხვა-პასუხისგან მიღებული ინფორმაცია, არამედ თავად ავტორის შთაბეჭდილებები ჯოისზე. არატრადიციული ფორმატი აქცევს საგაზეთო ტექსტს ღირებულად და შეიძლება ითქვას მხატვრულადაც კი როდესაც ბარნსი ჯოისს შემდეგნაირად აღწერს: „ხალხი მასზე ამბობს, რომ მოწყენილი და დაღლილია. მართლაც, ის მოწყენილი და დაღლილია, მაგრამ ეს არის სევდა კაცისა, რომელმაც ამის ნებართვა მოიპოვა დროისა და ადგილისგან თავისუფალი, შუასაუკუნეობრივი მწუხარებისგან.“ (Barnes, 2022). ინტერვიუში, სახელწოდებით „გოგონა და გორილა“, ცხოველების მოყვარული ავტორი ბრონქსის ზოოპარკის გორილა დინას სტუმრობს. ერთი შეხედვით უწყინარი აღწერა მაიმუნის ცხოვრებისა, თანდათანობით ეგდარ ალან პოს მოთხრობის, „მკვლელობა მორგის ქუჩაზე“, ასოციაციას აჩენს მაშინ, როდესაც დინა ნიუ-იორკთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვებზე იწყებს პასუხის გაცემას: „ძალიან მეტკინა გული როდესაც დავაკვირდი და მივხვდი, რომ მზეს ნიუ-იორკში ვერასდროს ვიხილავთ, მთვარე კი მხოლოდ წარსული მოგონებაა“ (Barnes 1914: 9). ესსეს სახით წარმოდგენილი საგაზეთო ტექსტის, „როგორია როდესაც ძალით გაჭმევენ“, შესაქმნელად კი ბარნსმა საკუთარ თავზე გამოსცადა ძალისმიერი კვების სისასტიკე, რაც მოშიმშილე სუფრაჟისტთა მისამართით მეტად გავრცელებული და მიღებული პრაქტიკა იყო.

ჯეიმზ ჯოისი / ჯუნა ბარნსის ნახატი
ბარნსისთვის პარიზი თავიდანვე ღირებული ადგილი არ ყოფილა. ქალაქისა და კულტურის ხიბლი, ავტორმა თანდათანობით, ადგილობრივ ოჯახებში სტუმრობის შემდგომ შეიგრძნო. თუმცა აღსანიშნავია, რომ მის სამეგობრო წრეს არასდროს შეადგენდნენ ფრანგები. ქალაქი, რომელიც მწერალმა ვერასდროს დაივიწყა, ემოციურად მოქმედებდა არა ადგილობრივი სოციუმის, არამედ იმ კონკრეტული გარემოს საშუალებით, რომელსაც პარიზში ჩასული ამერიკელები ქმნიდნენ. XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკელების უმრავლესობა პატარა ქალაქებში ცხოვრობდა და ოჯახის პატრიარქალურ წყობას ემორჩილებოდა. ინდუსტრიალიზაციის პროცესმა და პირველმა მსოფლიო ომმა ბიძგი მისცა ვიქტორიანულ ჩარჩოთა მსხვრევას და ამერიკელების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელიც საკუთარ შტატს არ გასცილებოდა, მასიურად მოედო ევროპას. სწორედ ევროპული გარემო იქცა ამერიკელთათვის თავისუფლების და საკუთარი სურვილების ღიად გამოხატვის საშუალებად. სასტუმრო Hotel Jacob-ში, სადაც ბარნსი პარიზში ბინის შეძენამდე ჩერდებოდა, თავს იყრიდნენ მისი ამერიკელი მეგობრებიც: მთარგმნელი ლევის გალანტიერი, მწერლები შერვუდ ანდერსონი და ჰაროლდ ლოები, დადაიზმისა და სიურრეალიზმის წარმომადგენელი მან რეი. ამავე სასტუმროში, რობერტ მაკალმონის საშუალებით, ერთმანეთი გაიცნეს ბარნსმა და ერნესტ ჰემინგუეიმ. ჯუნა არასდროს ყოფილა ჰემინგუეის პიროვნებითა და ნიჭით აღფრთოვანებული; ეპატაჟის მოყვარულმა ერნესტმა კი ფორდ მედოქს ფორდის ლიტერატურულ გაზეთში, The Transatlantic Review-ს მაისის ნომერში, ის შემდეგი სიტყვებით მოიხსენია: „ჯუნა ბარნსი, რომელიც მისი გამომცემელთა თქმით სწორედ ის ლეგენდარული პიროვნებაა, რომელიც მთელი საუკუნეა ევროპის ღამის ცხოვრებას წარმართავს – ქალაქშია. მე არასდროს შევხვედრილვარ მას, არც მისი წიგნები წამიკითხავს, თუმცა ვფიქრობ, კარგი ადამიანია“ (Hemingway, 1924: 356). მოგვიანებით, ნატალი კლიფორდ ბარნისათვის 1930 წელს გაგზავნილ წერილში, ბარნსმა ჰემინგუეის მისამართით ირონია არ დაიშურა: „ერთ ბიჭს ეგონა, რომ მისთვისაც „აღმოხდებოდა მზე“.“ არსებობს ფილიპ ჰერინგის მოსაზრებაც, რომ ერნესტ ჰემინგუეიმ, რომანისთვის „ფიესტა. აღმოხდების მზე“, მთავარი პერსონაჟის სახელი და გვარი – ჯეიკ ბარნსი, სწორედ ჯუნა ბარნსის გვარისგან და „სასტუმრო იაკობის“ სახელისგან შეადგინა.

ილუსტრაცია 1914 წლის სტატიისათვის „როგორია როდესაც ძალით გაჭმევენ“ / ფოტოზე გამოსახულია ჯუნა ბარნსი
სენას მარცხენა სანაპიროზე მცხოვრები, მოწყენილობისა და რუტინისგან დაღლილი ჯუნა ბარნსის კარიერული აღმასვლა ამერიკელ მოქანდაკესთან და მის პატრნიორთან, თელმა ვუდთან შეხვედრის შემდეგ იწყება. სწორედ მისი მისამართით წარმოთქვა ჯუნამ ცნობილი სიტყვები: „მე არ ვარ ლესბოსელი, მე უბრალოდ მიყვარდა თელმა“. სივრცობრივი ბარიერის არ არსებობა და არაცნობიერ მოტივთა დომინანტური ბუნება წარმართავს ბარნსის თითქმის ყველა მოთხრობის, რომანის თუ პიესის ფაბულას. პერსონაჟთათვის დამახასიათებელი ლოკაციის ცვლა, რომელიც ხშირად არა თუ რეალურ, არამედ გონებაში წარმოდგენილ აქტად გამოვლინდება სრულიად აბათილებს ქრონოლოგიურ მიმდევრობათა მნიშვნელობას. მკითხველს საშუალება ეძლევა საკუთარი თვალით იხილოს ანტიკური ხანიდან მეოცე საუკუნემდე მომხდარი თითოეული მოვლენა, თუ ამ მოვლენებში მონაწილე როგორც ისტორიული, ისე ლიტერატურული გმირი. მითოლოგიასა და ისტორიასთან კავშირის გარდა, ავტორი აქტიურად იყენებს თანამედროვეთა სახეებს, როგორც პროტოტიპებს საკუთარი მხატვრული პერსონაჟებისა. არატრადიციულ და შეიძლება ითქვას პარადოქსულ ოჯახურ გარემოში გაზრდილი ავტორი არაერთხელ გამხდარა პოლიგამისტი მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ტრავმული გამოცდილებების წარმოსაჩენად იგი შემოქმედების თითქმის ყველა ეტაპზე გვიჩვენებს აღნიშნულ მოვლენაში მონაწილეთა სახეებს. თუმცა მაშინაც კი, როდესაც ასე აშკარაა ბარნსის პერსონაჟთა შექმნის წინაპირობა, მკითხველი ვერასდროს დასწამებს მას მხოლოდ დედისადმი სიბრაზის ან მეგობრის მიმართ წყრომის საფუძველზე განპირობებული სიუჟეტური ხაზის არსებობას. თითოეულ გმირს და მოვლენას თან სდევს ის ანტიკური, მითოლოგიური, მითოსური და რენესანსული სული, რომელიც მაღალი მოდერნიზმის მხატვრულ თავისებურებათა უმთავრესი კომპონენტია. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოებებს, ბარნსი უმეტეს შემთხვევაში თან ურთავს მის მიერვე კონკრეტული თავებისთვის შექმნილ ნახატებს, რაც ტექსტის გაანალიზებას კიდევ უფრო კომპლექსურს ხდის: ისინი ან დამატებით ინფორმაციას გვაწვდიან სიუჟეტური ხაზის შესახებ ან კიდევ უფრო მეტად ართულებენ შინაარსს, რადგან ხატვის სპეციფიკური ტექნიკიდან გამომდინარე, გამოსახულ საგანთა თუ ფიგურათა ამოცნობა ერთგვარი თავსატეხია.

ჯუნა ბარნსი და ამერიკელი მოქანდაკე თელმა ვუდი
თავისი პირველი რომანი „რაიდერი“ ჯუნა ბარნსმა 1928 წელს გამოაქვეყნა. Horace Liveright-ის გამომცემლობამ ტექსტს ცენზურა დაადო, რომანის ხელნაწერი კი მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა. აკრძალვამ ბარნსს უბიძგა, რომ ცენზურისათვის მხატვრული ფუნქცია მიენიჭებინა: ფაქტობრივად, მას არცერთი სიტყვა თუ წინადადება არ ამოუღია ტექსტიდან, ისინი ვარსკვლავებით შეცვალა და მკითხველის ყურადღება კიდევ უფრო მეტად მიმართა აკრძალული მონაკვეთებისკენ. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არაა, რომ ვარსკვლავებით გამოსახული სიტყვების უმეტესობა შედგება ოთხი სიმბოლოსგან, რაც ინგლისურ ენაში მამაკაცის სასქესო ორგანოსთან და სქესობრივი აქტის აღმნიშვნელ სიტყვებთანაა დაკავშირებული. „რაიდერი“ მოგვითხრობს ამერიკაში მცხოვრები ოჯახის ისტორიას, რომლის თითოეული წევრის სიმბოლური და ასოციაციური მრავალნიშნადობა დროში განფენილობისა და ფანტასმაგორიულობის შეგრძნებას იწვევს მკითხველში. წინასიტყვაობაში ბარნსმა ირონიულად მოიხსენია კანონის აღსრულების ამერიკული მოდელი, რომელშიც მხატვრული ლიტერატურის ცენზურის ქვეშ მოქცევაც მოიაზრებოდა. „რაიდერთან“ დაკავშირებული შეზღუდვების გარდა, მწერალმა ხაზი გაუსვა წინამორბედ მწერალთა გამოცდილებასაც: ,,უწინ ადამიანებს ლიტერატურას სთავაზობდნენ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ის უკვე აღარ წარმოადგენდა ლიტერატურას“ (Barnes 1990: 7). მსგავსი შეფასებით, მან გააკრიტიკა გამომცემლები, რომელთაც ლიტერატურული ტექსტების მიმართ XX საუკუნის პირველ ნახევარშიც ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ, როგორიც გასულ ეპოქაში. 50 თავისაგან შემდგარი რომანი აერთიანებს როგორც პროზაულ ტექსტს, ისე პოეზიას და ავტორის მიერ შესრულებულ ჩანახატებს. სრუქტურულ მრავალფეროვნებასთან ერთად ტექსტს გამოარჩევს მხატვრულ სტილთა ცვალებადობაც: რომანში შევხვდებით როგორც ჯეფრი ჩოსერის ეპოქის, ისე რესტავრაციის პერიოდის, სენტიმენტალიზმისა და მოდერნისტულ, ჯეიმზ ჯოისისეულ ენას. სხვადასხვა ეპოქის სტილთა პაროდირება და განმეორებადობის პრინციპი, რაც დამახასიათებელი იყო მოდერნისტული ლიტერატურისათვის, უდროობის შეგრძნებას და ადამიანის მარადიული არსებობის ილუზიას ქმნის. სტილური მრავალფეროვანებისა და რთული ტექსტუალური შრეების გამო ბონი კაიმ სკოტი „რაიდერს“ ჯეიმზ ჯოისის „ულისეს“ მე-14 ეპიზოდს, „მზის ხარებს“ ადარებს, ხოლო ოჯახური კონფრონტაციისა და რეპროდუქციის საკითხის აქტუალურობით – „ფინეგანის ქელეხს“ (Scott, 1991). ჯოზეფ ფრენკი კი რომანს შემდეგნაირად აფასებს: „უნდა ვაღიაროთ, რომ „რაიდერი“ ყოველმხრივ ანომალიური ქმნილებაა“ (Frank 1945: 434).

„ქალთა ალმანახისათვის“ შექმნილი ილუსტრაცია ილუსტრაციის ავტორი: ჯუნა ბარნსი
„ქალთა ალმანახი“ ჯუნა ბარნსის ერთ-ერთ ყველაზე ექსპერიმენტულ ნაწარმოებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ნაწარმოების სახელწოდება ტრადიციული ალმანახის პაროდირებაა. მწერალს მსგავსი სათაური შესაძლოა აეღო გაზეთიდან, რომელიც XVII-XVIII საუკუნეებში ქვეყნდებოდა ინგლისში და ერქვა „დღიური ქალებისათვის ან ქალთა ალმანახი“ (“Ladies Diary, or Woman’s Almanack”). ინგლისელი მათემატიკოსის, ჯონ ტიპერის მიერ გამოცემული ალმანახი ქალთა გაკეთილშობილების იდეას ემსახურებოდა, რის უპირველეს განსახიერებად და მისაბაძ მაგალითად დედოფალი ანა და ალმანახზე დართული მისი პორტრეტი მიიჩნეოდა. ბარნსის ტექსტი წელიწადის თორმეტი თვის მიხედვით სიმბოლურად თორმეტ თავად იყოფა. იგი აერთიანებს არა მხოლოდ სალონური შეხვედრების აღწერებს, არამედ ლექსებს, სიმღერებს, ბიბლიურ სიუჟეტებს, მითებს და ბარნსის მიერ შექმნილ ნახატებს. „ალმანახის“ აგების სპეციფიკური ხერხისა და განსხვავებული გამომხატველობითი ფორმების ერთიანობის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მწერალზე გავლენა ჰქონდათ ისეთ ავანგარდისტებს, როგორებიც იყვნენ სონია დელონი, ხუან მირო და ჟაკ დიუპინი. თავდაპირველად, მწერლის მიზანი არ ყოფილა „ალმანახის“ ფართო მასებისათვის გაცნობა. ნატალი კლიფორდ ბარნის სალონური საზოგადოებისათვის გამოცემულ ტექსტში (1050 ასლი) ავტორი იყენებს როგორც რესტავრაციის პერიოდის, ისე არქაულ სიტყვებს, რაც მკითხველში ბუნდოვანებას და ხშირად სრულ გაურკვევლობას იწვევს. გრამატიკული წესების უარყოფით და სინტაქსის სრული რღვევით, ნაწარმოებში თითქმის არცერთი ეპიზოდი არ იკითხება ნათლად და გარკვევით. ფრაზების უმეტესობა კოდირებულია, გაშიფვრა კი, ფაქტობრივად, – წარმოუდგენელი, რადგან მათი მნიშვნელობები მხოლოდ ლიტერატურული სალონის წევრებისათვის იყო ცნობილი. დღესდღეობით დაშიფრული და უმეტესწილად ამოუხსნელი შინაარსის ტექსტი მივიწყებულია, ხოლო აქამდე ჩატარებული კვლევები მის არაერთგვაროვან და ხშირად არასწორ ინტერპრეტაციას გვთავაზობენ. ბარნსის სამწერლობო ენა არა მხოლოდ „ქალთა ალმანახში“, არამედ შემოქმედების ყველა ეტაპზე შექმნილ თითოეულ ტექსტში ავლენდა მეტად სპეციფიკურ ხასიათს. მწერალი ენის საშუალებით არღვევს ფუკოს „ისტორიულობის“ პრინციპს, რაც ყოველი ეპოქისათვის საკუთარი ისტორიის ქონას გულისხმობს. მისთვის ენის არც ერთი ფორმა თუ ვარიანტი არ რჩება ისტორიულ საზღვრებს მიღმა, არამედ ერწყმის სხვა ეპოქებისათვის დამახასიათებელ ენობრივ ვარიანტებს და ამავდროულად ავთენტურობასაც ინარჩუნებს. ბარნსის ენას პარადოქსის ენაც შეიძლება ვუწოდოთ. ქლინს ბრუკსის მიერ პოეზიაში პარადოქსის ენის განმარტება სრულად შეესაბამება ავტორის სამწერლობო სტილს: „ცოტა ჩვენგანია მზად იმ დებულების მისაღებად, რომ პოეზიის ენა პარადოქსის ენაა. პარადოქსი არის სოფისტიკის, სირთულის, სინათლის, მახვილგონიერების ენა. იგი არ არის სულის ენა…“ „აშკარაა, რომ ჭეშმარიტება, რომელსაც პოეტები გამოთქვამენ, მხოლოდ პარადოქსის საშუალებით შეგვიძლია გავიგოთ“ (Brooks 1947: 3). ბარნსის ენა ბრუკსის მიერ ჩამოთვლილი ყველა მახასიათებლის ნაზავია, რომელიც, როგორც ტ.ს. ელიოტი აღნიშნავს „ღამის ტყის“ წინასიტყვაობაში, ძალიან ახლოსაა პოეზიასთან.

„ქალთა ალმანახისათვის“ შექმნილი ილუსტრაცია / ილუსტრაციის ავტორი: ჯუნა ბარნსი
ჯუნა ბარნსის 1936 წელს გამოცემულ რომანს, „ღამის ტყეს“, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია არა მხოლოდ მწერლის შემოქმედებაში, არამედ მოდერნიზმის ეპოქასა და მოდერნისტულ ლიტერატურაში. გამოცემიდან ბევრი წლის შემდეგ, ბარნსმა ამერიკელ ავტორსა და ფოტოგრაფს, ჰენკ ო’ნილს გაუმხილა, რომ სათაურისათვის შთაგონების წყაროს უილიამ ბლეიკის „ვეფხვი“ წარმოადგენდა: “Tyger, tyger, burning bright in the forests of the night…” (Blake, 1988: 36). ნაწარმოებზე არანაკლები მნიშვნელობისაა ტ.ს. ელიოტის წინასიტყვაობა, რომელშიც იგი ხაზს უსვამს ტექსტის პოეტურობას და მის წაკითხვას პოეზიაში უკეთ გაწაფულ მკითხველს ანდობს. რომანი ეძღვნება ამერიკელ ექსპატრიატ პეგი გუგენჰაიმს, რომელიც ცნობილი იყო ხელოვნების ნიმუშების შეგროვებით, და ჯონ ფერარ ჰოლმსს – ბრიტანელ ლიტერატურის კრიტიკოსს. ფილიპ ჰერინგი ნაწარმოების ჰოლმსისეულ აღქმაზე წერს: „ის ფიქრობდა, რომ ეს იყო „ყველაზე ბნელი და სევდიანი წიგნი, რომელიც ოდესმე წაეკითხა“. მას მეორე „მელანქოლიის ანატომიად“ მოიხსენიებდა, რაც მეტად ღირებული შეფასებაა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რობერტ ბარტონის ეს შესანიშნავი ნამუშევარი ბარნსის საყვარელი წიგნი იყო“ (Herring 1995: 204). „ღამის ტყის“ გმირები XX საუკუნის ოციანი წლების პარიზში ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა, პერსონაჟთა სახეების სიმბოლური და ასოციაციური მრავალნიშნადობა საშუალებას გვაძლევს ტექსტი გავიაზროთ არა თუ კონკრეტული ეპოქის ჭრილში, არამედ უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე. დროისმიერი მანძილი უგულებელყოფილია მწერლის მიერ მითოსურ სქემათა გამოყენებით და სრულიად ფანტასტიკური გარემოს საშუალებით, რომელშიც დიდ როლს თამაშობს როგორც დეკორაციის სიმბოლურობა, ისე მასში არსებულ გმირთა სხეულის მოცემულობა და თითოეული ჟესტი. შედეგად, პერსონაჟები გადიან როგორც წარმოსახვით, ისე სივრცობრივ გზას რათა მიაგნონ, მოერგონ, ან დაივიწყონ კონკრეტული იდენტობა. ბარნსისეული მაძიებლობის მითოსი უფრო მეტად გონების გზად გვევლინება, ვიდრე სივრცობრივ მოცულობად, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ხდება როგორც პარიზში, ბერლინსა და ვენაში, ისე ამერიკაში. რვა თავისაგან შემდგარ რომანში არ ვხვდებით სწორხაზოვან თხრობას. ცნობიერების ნაკადის ტექნიკის საშუალებით, რომელიც ძირითადად მონოლოგებში იჩენს თავს, წარმოდგენილია არა მხოლოდ სიუჟეტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, არამედ წარსულში პერსონაჟთა თავს გადამხდარი ამბები. ისტორიებს, რომელთაც ამოვიკითხავთ, ვისმენთ არათუ მოქმედი გმირების, არამედ მეორე პირის მონაყოლზე დაყრდნობით. შედეგად, მკითხველი კარგავს რეალობის აღქმას და კმაყოფილდება ალტერნატიული სიმართლითა თუ წარმოსახვით. სიტყვათა უწყვეტი ჯაჭვი და განმეორებადობის პრინციპი აქრობს დროის შეგრძნებას და სიუჟეტური ხაზიც თავის ფუნქციას კარგავს. ბიბლიური ალუზიები, რომელთაც „ღამის ტყის“ თავების სათაურებში ვხვდებით, ტექსტის ფაბულას კიდევ უფრო მრავალშრიანსა და მასშტაბურს ხდის. პირველი და მეხუთე თავები, „ქედის მოხრა“ (Bow Down) და „გუშაგო, რა მოხდა ღამით?“ (Watchman, what of the Night?) ესაია წინასწარმეტყველის მე-2 და 21-ე თავების ალუზიაა, რომელშიც ვისმენთ ავისმომასწავებელ წინასწარმეტყველებას ბაბილონის დაცემასთან დაკავშირებით. „ქედის მოხრას“ (Bow Down) მესამე და მეთერთმეტე მუხლებში დამდაბლებისა და დიდი ტკივილის მნიშვნელობით ვხვდებით: „დამდაბლდება ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს!“ (ესაია 2:11) (“The lofty looks of man shall be humbled, and the haughtiness of men shall be bowed down, and the LORD alone shall be exalted in that day”) (Isaiah 2:11); „ამის გამო ამიკანკალდა წელი, მშობიარესავით ტკივილებმა შემიპყრო, გაგონილმა მომკრუნჩხა და ნანახმა შემაძრწუნა“ (ესაია 21:3) (“I am bowed down so that I cannot hear; I am dismayed so that I cannot see”)(Isaiah 21:3). „გუშაგო, რა მოხდა ღამით?“ (Watchman, what of the Night?) კი დაკავშირებულია მეთერთმეტე მუხლთან: „მე მომძახიან სეყირიდან: ყარაულო, ღამის რომელია? ყარაულო, ღამის რომელია?“ (ესაია 21:11) (“One calls to me from Seir: “Watchman, what is left of the night? Watchman, what is left of the night?”) (Isaiah 21:11). დანიელა კასელს თავის სტატიაში მეხუთე თავის სახელწოდების საილუსტრაციოდ მოჰყავს სტრიქონი უილიამ ბლეიკის ლექსიდან „სიზმარი“ (Dream): ‘What wailing wight / Calls the watchman of the night?’ და მიიჩნევს, რომ ბარნსის მხრიდან ტექსტში ნაჩვენები ალუზია ლინგვისტური უმანკოების მოპოვების ირონიული მცდელობაა (Caselli, 2016). მეორე თავი, „მთვარეული“ (La Somnabule) ასოციაციურად უკავშირდება ვინჩენცო ბელინის ოპერა „სომნამბულას“ (La Sonnambula), რომელიც 1827 წელს დაიდგა პარიზში; მესამე თავი, „ღამის გუშაგი“ (Night Watch) კი მიგვანიშნებს რემბრანდტის ამავე სახელწოდების ტილოზე, რომლის სიუჟეტი დარწმუნებით არც ღამის განათებაზე მეტყველებს და არც დღის. მეექვსე თავი, „სადაც დაეცემა ხე“ (Where the Tree Falls), ეკლესიასტეს მე-11 თავის ალუზიას წარმოადგენს: „ხე ძირს რომ დაეცემა, სამხრეთით იქნება თუ ჩრდილოეთით, სადაც დაეცემა, იქვე დარჩება“ (ეკლესიასტე 11:3) (“…if a tree falls to the south or to the north, in the place where the tree falls, there it will lie”) (Ecclesiastes 11:3). მეშვიდე თავი, „დაბლა ჩადი, მეთიუ“ (Go Down, Matthew), არაერთი კრიტიკოსის აზრით, მეთიუ ო’კონორთან დაკავშირებულ სექსუალურ შინაარსს ატარებს. ნათელია, რომ ჰომოსექსუალი ექიმის მონოლოგი და აღნიშნული სათაური ერთმანეთთან კავშირშია, თუმცა ბარნსისავე განმარტებით ეს მხოლოდ და მხოლოდ პარალელია ცნობილ აფრო-ამერიკულ კომპოზიციასთან „განვედ, მოსე“ (Go Down, Mosses), რომელიც, თავის მხრივ, გამოსვლის წიგნის მე-5 თავის პირველ მუხლს უკავშირდება: „ამის შემდეგ მივიდნენ ფარაონთან მოსე და აჰარონი და უთხრეს, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში“ (გამოსვლა 5:1) (Afterward Moses and Aaron went to Pharaoh and said, “This is what the Lord, the God of Israel, says: ‘Let my people go, so that they may hold a festival to me in the wilderness’) (Exodus 5:1).

ჯუნა ბარნსი ავტოპორტრეტი
სამწუხაროა რეალობა, რომელშიც თანამედროვე მკვლევართა უმეტესობა ჯუნა ბარნსის შემოქმედებას ძირითადად ერთი და იმავე პრობლემის ირგვლივ განიხილავს, რაც გულისხმობს ერთი მხრივ მისი ფსიქოტიპის გაანალიზებას ტრავმული გამოცდილებების საფუძველზე და მეორე მხრივ ავტორის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის კავშირს ლიტერატურულ პერსონაჟებთან. რეალურად, ჯუნა ბარნსის თვითმიზანი არასდროს ყოფილა კონკრეტული სექსუალური თუ გენდერული იდენტობის უპირატესობის წარმოჩენა. ფაქტია, რომ ამგვარი დამოკიდებულება ავტორის მიერ შექმნილი უდიდესი ღირებულების მხატვრულ ტექსტთა დაკნინებას იწვევს. მწერლისთვის ყოველთვის ირონიის და პაროდირების საგანი იყო ინდივიდთა მიერ სტერეოტიპულ იდენტობათა შექმნა-შენარჩუნების მცდელობა, რადგან საფუძვლიანად აცნობიერებდა ადამიანის გონების და სურვილების მრავალწახნაგოვან, ცვალებად ბუნებას. 1963 წელს კი, ნატალი ბარნისათვის გაგზავნილ წერილში წარმოთქმული სიტყვებით ბარნსმა არა მხოლოდ საკუთარი აწმყო, არამედ მომავალიც განსაზღვრა და კვლავ სალონური წრისათვის გასაგებ, ზედროულობით გაჯერებულ მწერლად დარჩა: “I am the most famous unknown of the century!”
გამოყენებული ლიტერატურა:
[1] ციტატები ქართულ ენაზე, რომელთაც არ აქვთ მითითებული წყარო, თარგმნილია ავტორის მიერ