ლაშა მუზაშვილი – იატაკქვეშეთი და ამბოხის ბედისწერა
ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკის “იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ (1864 წ.) მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გენიალური, გარდამტეხი და წინასწარმეტყველური წიგნია. გარკვეული გაგებით, იგი ყველაზე მეტად “დამანგრეველი” ტექსტია, ვინაიდან მასში თავდაყირა დგას მეცხრამეტე საუკუნის ადამიანის თითქმის ყველა წარმოდგენა – როგორც ადამიანის, ისე ლიტერატურის შესახებ. ესაა რომანი, სადაც დაიბადა მთელი დასავლური მოდერნისტული და ეგზისტენიციალისტური მწერლობა ლამის ნახევარი საუკუნით ადრე; ესაა ერთგვარი ლიტერატურული აფეთქება, როდესაც ევროპული რაციონალიზმი, პროგრესის რწმენა და მეცნიერული ოპტიმიზმი პირველად შეეჯახა ადამიანის სულის ბნელ, შეუცნობელ, თვითდამანგრეველ სიღრმეს. ამ ნაწარმოებში დოსტოევსკი ქმნის არა უბრალოდ პერსონაჟს, არამედ ცნობიერების ისეთ ფორმას, რომელიც მთლიანად ანგრევს მეცხრამეტე საუკუნის რწმენას ადამიანის გონივრულ ბუნებაზე. იატაკქვეშეთის ადამიანი“ თითქოს თანამედროვე ადამიანის პირველი დიდი პორტრეტია – ადამიანის, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცის საკუთარი თავის შესახებ, მაგრამ ამ ცოდნამ იგი არა ბრძენი, არამედ პარალიზებული გახადა.
რომანის შექმნის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც რუსეთის ინტელექტუალურ ატმოსფეროსთან, ისე თავად დოსტოევსკის პირად სულიერ კრიზისთან. ეს ნაწარმოები 1864 წელს გამოქვეყნდა, მაგრამ მისი ფესვები ბევრად უფრო ადრე იწყება – დოსტოევსკის ცხოვრების იმ კატასტროფულ გამოცდილებებში, რომლებმაც მთლიანად შეცვალა მისი მსოფლმხედველობა.
1840-იან წლებში ახალგაზრდა დოსტოევსკი რუსული ინტელიგენციის იმ ნაწილს ეკუთვნოდა, რომელიც ევროპული იდეებით იყო მოხიბლული. იგი ინტერესდებოდა სოციალიზმით, უტოპიური ჰუმანიზმით და იმ პროგრესისტული რწმენით, რომლის მიხედვითაც საზოგადოების გონივრული მოწყობა საბოლოოდ ადამიანურ ტანჯვას შეამცირებდა. სწორედ ამ გარემოში ჩაერთო იგი პეტრაშევსკის წრეში – ინტელექტუალურ ჯგუფში, სადაც კითხულობდნენ აკრძალულ ევროპელ ავტორებს და პოლიტიკურ საკითხებს განიხილავდნენ. 1849 წელს ხელისუფლებამ ჯგუფი დააპატიმრა. დოსტოევსკი სიკვდილით დასაჯეს, თუმცა დახვრეტის წინ, უკვე მოედანზე მდგომ პატიმრებს სასჯელი შეუცვალეს და კატორღა მიუსაჯეს. ეს ფსიქოლოგიური შოკი დოსტოევსკის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გარდატეხა გახდა.
სწორედ ციმბირმა დაანგრია მისი ახალგაზრდობის იდეალიზმი. კატორღაში მან ახლოდან ნახა არა აბსტრაქტული “ხალხი“, არამედ კონკრეტული ადამიანები – სასტიკი, დამნაშავე, შეურაცხმყოფლები, მაგრამ ამავე დროს ღრმად ადამიანურები. დოსტოევსკიმ იქ იგრძნო, რომ ადამიანი ვერასოდეს თავსდება მარტივ სოციალურ თუ მეცნიერულ სქემაში. მან დაინახა, რომ ადამიანში თანაარსებობს სინათლეც და სიბნელეც, თავისუფლების წყურვილიც და თვითგანადგურების ინსტინქტიც. ეს გამოცდილება მოგვიანებით “იატაკქვეშეთის ჩანაწერების“ ფილოსოფიურ საფუძვლად იქცა.
1860-იანი წლების რუსეთი ინტელექტუალური მღელვარების ეპოქა იყო. ახალგაზრდა რადიკალები, განსაკუთრებით ნიკოლაი ჩერნიშევსკის გავლენით, ამტკიცებდნენ, რომ მეცნიერება და გონება საბოლოოდ შექმნიდნენ იდეალურ საზოგადოებას. ჩერნიშევსკის რომანი “რა ვაკეთოთ?“ რუსულ ახალგაზრდობაში თითქმის სახარების მსგავსი ტექსტი გახდა. იგი ქადაგებდა რაციონალურ ეგოიზმს – იდეას, რომ ადამიანი ბუნებრივად ისწრაფვის საკუთარი სარგებლისკენ და გონივრული საზოგადოება ამ ინტერესების ჰარმონიას შექმნის. დოსტოევსკისთვის ეს იდეა შემზარავად გამარტივებული ჩანდა. მას ეჩვენებოდა, რომ ასეთ სამყაროში ადამიანი დაკარგავდა თავის ყველაზე საშიშ, მაგრამ ყველაზე ნამდვილ თვისებას – თავისუფალ ნებას.
“იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ სწორედ ამ იდეოლოგიური ატმოსფეროს წინააღმდეგ დაიწერა. დოსტოევსკი ქმნის პერსონაჟს, რომელიც თითქოს მთელი სხეულით ებრძვის ეპოქის ოპტიმიზმს. იატაკქვეშეთის ადამიანი ამბობს: ადამიანი მხოლოდ სარგებლობის მიხედვით არ მოქმედებს; ზოგჯერ იგი საკუთარ ინტერესებსაც კი ანადგურებს მხოლოდ იმისთვის, რომ დაამტკიცოს – მანქანა არ არის. ამ თვალსაზრისით რომანი პირდაპირი პოლემიკაა ევროპული რაციონალიზმის წინააღმდეგ.
თუმცა ნაწარმოების წყარო მხოლოდ ფილოსოფიური კამათი არ ყოფილა. მისი შექმნისას დოსტოევსკი პირად ცხოვრებაშიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. 1864 წელი მისთვის ტრაგიკული იყო. იმავე წელს გარდაიცვალა მისი ცოლი მარია დმიტრიევნა, ცოტა ხნის შემდეგ კი – მისი ძმა მიხაილი, რომელიც დოსტოევსკისთვის უახლოესი ადამიანი იყო. მწერალი მძიმე ფინანსურ კრიზისშიც აღმოჩნდა. მას ვალები ჰქონდა, ჟურნალები იხურებოდა, ჯანმრთელობა უარესდებოდა, ეპილეფსიური შეტევები ხშირი ხდებოდა. ამ მდგომარეობაში იგი თითქოს თავადაც ნაწილობრივ “იატაკქვეშეთში“ ცხოვრობდა – იზოლაციაში, სულიერ დაძაბულობაში, მუდმივ შინაგან ბრძოლაში.
ნაწარმოები თავდაპირველად დოსტოევსკის ჟურნალ “Эпоха“-ში გამოქვეყნდა. ტექსტი მკითხველისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. რუსულ ლიტერატურაში მანამდე ასეთი ხმა თითქმის არ არსებობდა – ხმა, რომელიც ერთდროულად აღიარებდა საკუთარ სიმდაბლეს, ამაყობდა ამ სიმდაბლით, საკუთარ თავს ამხელდა და ამავე დროს მკითხველსაც უტევდა. იატაკქვეშეთის ადამიანი თითქოს ანტიგმირია, მაგრამ სწორედ ამ ანტიგმირობით იქცა თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პერსონაჟად.
საინტერესოა ისიც, რომ თავდაპირველ ჩანაფიქრში ტექსტს უფრო ფართო რელიგიური განზომილება უნდა ჰქონოდა. დოსტოევსკის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ მას სურდა ეჩვენებინა, როგორ შეიძლება ადამიანი საკუთარი ეგოს ტყვედ გადაიქცეს და დაკარგოს სულიერი მთლიანობა. თუმცა საბოლოო ტექსტში ეს რელიგიური იდეა უფრო ირიბად, ფსიქოლოგიური ფორმით დარჩა. სწორედ ამიტომ “იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ ერთდროულად აღიქმება როგორც ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და სულიერი კრიზისის ტექსტი.
ლიტერატურულად ეს ნაწარმოები გარდამტეხი აღმოჩნდა. დოსტოევსკიმ აქ შექმნა ცნობიერების სრულიად ახალი ფორმა – ფრაგმენტული, თვითწინააღმდეგობრივი, ნერვული მონოლოგი, რომელიც მოგვიანებით დიდ გავლენას მოახდენდა მოდერნისტებზე. კაფკა, პრუსტი, ჯოისი, ფოლკნერი, სარტრი, ბეკეტი – ყველამ თავისებურად გააგრძელა ის შინაგანი ანალიზი, რომელიც დოსტოევსკიმ “იატაკქვეშეთის ჩანაწერებში“ დაიწყო.
საბოლოოდ, ამ ნაწარმოების შექმნის ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაიბადა თანამედროვე ადამიანის ტრაგიკული თვითშეგნება. დოსტოევსკიმ საკუთარ ეპოქაში იგრძნო, რომ პროგრესის იდეა საკმარისი არ იყო ადამიანის საიდუმლოს ასახსნელად. მან დაინახა, რომ ადამიანი შეიძლება საკუთარ თავისუფლებას თვითგანადგურებისთვისაც იყენებდეს, რომ ცნობიერება შეიძლება ტანჯვად იქცეს, და რომ სულიერი იზოლაცია თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. სწორედ ამ ინტუიციამ აქცია ‘იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ არა მხოლოდ რუსული ლიტერატურის, არამედ მთლიანად მსოფლიო კულტურის ერთ-ერთ ყველაზე წინასწარმეტყველურ ტექსტად.
ნაწარმოების პირველი ნაწილი თითქმის მთლიანად ფილოსოფიური მონოლოგია. აქ სიუჟეტი მინიმალურია; მთავარი მოვლენა თავად აზრია. იატაკქვეშეთის ადამიანი პირდაპირ უპირისპირდება იმ ეპოქის იდეებს, რომლის მიხედვითაც ადამიანი საბოლოოდ შეიძლება განისაზღვროს როგორც რაციონალური არსება. დოსტოევსკის სამიზნე განსაკუთრებითაა უტილიტარიზმი და სოციალისტური რაციონალიზმი, განსაკუთრებით ნიკოლაი ჩერნიშევსკის იდეები, რომლისთვისაც ადამიანი საბოლოოდ ყოველთვის იმოქმედებდა საკუთარი სარგებლობის შესაბამისად. იატაკქვეშეთის ადამიანი ამ თეორიას არა აბსტრაქტული არგუმენტით, არამედ საკუთარი შინაგანი გამოცდილებით ანგრევს. იგი ამბობს: ადამიანი ხშირად შეგნებულად ირჩევს იმას, რაც მისთვის საზიანოა, მხოლოდ იმისთვის, რომ დაამტკიცოს – იგი მექანიზმი არ არის. სწორედ აქ ჩნდება დოსტოევსკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინტუიცია: თავისუფლება ადამიანისთვის ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბედნიერება.
ეს აზრი განსაკუთრებით მძაფრად ჩანს “ორჯერ ორი ოთხია“ სიმბოლოში. დოსტოევსკისთვის მათემატიკური აუცილებლობა მხოლოდ ლოგიკური წესრიგი არ არის; ეს არის სამყაროს იდეალი, სადაც ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია და ადამიანი თავისუფლებას კარგავს. იატაკქვეშეთის ადამიანს სძულს ეს იდეალური სამყარო, რადგან მასში ადგილი აღარ რჩება ადამიანის ახირებისთვის, თვითნებობისთვის, ირაციონალურობისთვის. ამიტომ ამბობს იგი, რომ ადამიანს ზოგჯერ სიგიჟეც კი სჭირდება, რათა საკუთარი ინდივიდუალობა შეინარჩუნოს. აქ დოსტოევსკი საოცრად წინ უსწრებს არა მხოლოდ ეგზისტენციალიზმს, არამედ ფსიქოანალიზსაც. ადამიანი მისთვის არ არის მხოლოდ გონება; იგი წინააღმდეგობებით, სიძულვილით, თვითდამამცირებელი სიამოვნებით და გაუცნობიერებელი იმპულსებით სავსე არსებაა.
“იატაკქვეშეთი“ მხოლოდ სოციალური იზოლაცია არ არის. ეს მეტაფიზიკური მდგომარეობაა. იატაკქვეშეთის ადამიანი სამყაროსგან მოწყვეტილი კი არ არის მხოლოდ – იგი საკუთარ თავსაც დაშორებულია. მას არ შეუძლია უშუალოდ ცხოვრება. ყოველი განცდა მაშინვე ანალიზის ობიექტად იქცევა. იგი ვერასოდეს მოქმედებს პირდაპირ; მოქმედების ნაცვლად ფიქრობს, ფიქრის ნაცვლად კი საკუთარ ფიქრს აანალიზებს. შედეგად, მისი ცნობიერება უსასრულო სარკედ იქცევა, სადაც ყველაფერი ირეკლება და არაფერი სრულდება. სწორედ ამიტომ დოსტოევსკი ამბობს, რომ ზედმეტი ცნობიერება ავადმყოფობაა. ეს არ ნიშნავს, რომ გონება ცუდია; პრობლემა ისაა, რომ თვითცნობიერება ადამიანს სიცოცხლის უშუალობას ართმევს.
ამ თვალსაზრისით იატაკქვეშეთის ადამიანი ჰამლეტის შთამომავალია. როგორც ჰამლეტი, იგი მოქმედებას მუდმივად ანალიზით ანაცვლებს. მაგრამ თუ ჰამლეტში ჯერ კიდევ ტრაგიკული სიდიადეა, იატაკქვეშეთის ადამიანი უკვე დეგრადირებული ცნობიერების ფიგურაა. იგი ვეღარ აღწევს ნამდვილ ტრაგიზმამდე, რადგან საკუთარ თავსაც ირონიულად უყურებს. ეს თვითირონია კი მას არ ათავისუფლებს; პირიქით, კიდევ უფრო ღრმად ითრევს პარალიზებაში. დოსტოევსკის გენია იმაში მდგომარეობს, რომ იგი აჩვენებს არა უბრალოდ ტანჯვას, არამედ ცნობიერებას, რომელიც საკუთარ ტანჯვასაც კი თეატრად აქცევს.
ნაწარმოების მეორე ნაწილი თითქოს რეალისტური ნოველაა, მაგრამ სინამდვილეში პირველი ნაწილის ფსიქოლოგიური დრამატიზაციაა. აქ ვხედავთ, როგორ იქცევა ფილოსოფია ცხოვრებად. იატაკქვეშეთის ადამიანი ვერ ამყარებს ნამდვილ ადამიანურ ურთიერთობას, რადგან ყოველი ურთიერთობა ძალაუფლების თამაშად ესმის. იგი ოფიცრის მიმართ შურისძიების ფანტაზიით ცხოვრობს არა იმიტომ, რომ ოფიცერმა რაიმე დიდი ზიანი მიაყენა, არამედ იმიტომ, რომ მისი იგნორირება საკუთარი არარსებობის სიმბოლოდ აღიქვა. იატაკქვეშეთის ადამიანისთვის მთავარი პრობლემა მუდმივად ღირსების საკითხია. იგი სასოწარკვეთილად ცდილობს საკუთარი არსებობის დამტკიცებას, მაგრამ ამას ყოველთვის დამამცირებელი ფორმით აკეთებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიზას ეპიზოდი. ლიზა დოსტოევსკის სამყაროში ერთ-ერთი იმ იშვიათი ფიგურათაგანია, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია უბრალო ადამიანური თანაგრძნობა. როდესაც იატაკქვეშეთის ადამიანი მასთან საუბრობს, ერთი წამით თითქოს ნამდვილი ადამიანური სიახლოვის შესაძლებლობა ჩნდება. მაგრამ სწორედ ეს აშინებს მას ყველაზე მეტად. იგი ვერ იტანს სიყვარულს, რადგან სიყვარული საკუთარი თავდაცვის მექანიზმების დანგრევას მოითხოვს. ამიტომ, როდესაც ლიზა მასთან მიდის, იგი მაშინვე იწყებს მის დამცირებას. ეს სცენა დოსტოევსკის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ფსიქოლოგიური მომენტია: ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება სიყვარული სურდა, სწორედ სიყვარულის გამოჩენისას იქცევა სასტიკად.
აქ ჩანს დოსტოევსკის უდიდესი ინტუიცია ადამიანის სიამაყის შესახებ. იატაკქვეშეთის ადამიანი სინამდვილეში საკუთარი ღირსების ავადმყოფური ფორმის ტყვეა. მას ურჩევნია ტანჯვა, ვიდრე გულწრფელი დამოკიდებულება, რადგან გულწრფელობა დაუცველობას ნიშნავს. ამიტომ მისი მთელი ცხოვრება ნეგატიური თავისუფლების ფორმაა – თავისუფლება ყველაფრის წინააღმდეგ, მაგრამ არაფრისთვის. იგი უარყოფს საზოგადოებას, პროგრესს, რაციონალიზმს, მეგობრობას, სიყვარულს, მაგრამ ამ უარყოფის მიღმა ვერ ქმნის ახალ ღირებულებას. შედეგად, იგი სიცარიელეში რჩება.
ამიტომ “იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ მხოლოდ ანტირაციონალისტური ტექსტი არ არის. იგი ნიჰილიზმის დაბადების ერთ-ერთი უდიდესი ლიტერატურული დოკუმენტია. დოსტოევსკი ხედავს, რომ როდესაც ადამიანი ღმერთს, მორალსა და მეტაფიზიკურ საფუძველს კარგავს, თავისუფლება შეიძლება აუტანელ ტვირთად გადაიქცეს. სწორედ ამიტომ იატაკქვეშეთის ადამიანი მუდმივად ცდილობს საკუთარი თავის განადგურებას. მას აღარ სჯერა, რომ ცხოვრებას შინაგანი აზრი აქვს, მაგრამ ამავე დროს ვერ ეგუება უაზრობას. ეს შინაგანი წინააღმდეგობა მის ცნობიერებას ჯოჯოხეთად აქცევს.
დოსტოევსკის განსაკუთრებული ძალა ისიცაა, რომ იგი საკუთარ პერსონაჟს არ ამართლებს. იატაკქვეშეთის ადამიანი ხშირად ამაზრზენია, პატარა, ბოროტი, მანიპულაციური. მაგრამ ამავე დროს იგი შემზარავად ადამიანურია. სწორედ ამიტომ ნაწარმოები ასეთი დამანგრეველია: მკითხველი მასში საკუთარ ჩრდილსაც ხედავს. დოსტოევსკი თითქოს გვაჩვენებს იმას, რასაც ჩვეულებრივ საკუთარ თავში ვმალავთ – შურს, თვითდამცირებას, უძლურ სიამაყეს, სიყვარულის შიშს, მუდმივ შინაგან თეატრალიზაციას. იატაკქვეშეთის ადამიანი იმიტომ გვაშინებს, რომ იგი სრულიად უცხო არსება არ არის.
ლიტერატურულად ეს ტექსტი თითქმის რევოლუციურია. დოსტოევსკი ქმნის ხმას, რომელიც უწყვეტად იცვლის ტონს: ირონია უცებ სასოწარკვეთილებად იქცევა, თვითდამცირება – ქედმაღლობად, აღსარება – თეატრად. ტექსტი თითქოს თავად იშლება ჩვენი თვალწინ. ეს სტილი იდეალურად შეესაბამება პერსონაჟის ფსიქიკას. მისი ენა არასოდეს არის სტაბილური, რადგან თავად მისი :მე“ არის დაშლილი. სწორედ ამიტომ “იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ შეიძლება ჩაითვალოს მოდერნისტული და ეგზისტენციალისტური პროზის წინამორბედად. კაფკა, სარტრი, კამიუ, მორიაკი, იონესკო – ყველა მათგანში იგრძნობა დოსტოევსკის ამ ტექსტის ექო.
მაგრამ დოსტოევსკის ხედვა საბოლოოდ მაინც განსხვავდება დასავლური ეგზისტენციალიზმისგან. მისთვის ადამიანის ტრაგედია მხოლოდ აბსურდი არ არის; ეს სულიერი კრიზისია. იატაკქვეშეთის ადამიანი იმიტომ ინგრევა, რომ ვერ აღწევს სიყვარულამდე და თანაზიარობამდე. იგი საკუთარ “მე“-შია ჩაკეტილი და სწორედ ეს “მე“ ხდება მისი ციხე. დოსტოევსკისთვის გამოსავალი არა რაციონალურ სისტემაში, არამედ სიყვარულისა და სულიერი გახსნილობის შესაძლებლობაშია. თუმცა “იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ ამ გამოსავალს ჯერ არ გვაძლევს; იგი მხოლოდ ავადმყოფობას აჩვენებს მთელი სისასტიკით.
ამიტომ ეს ნაწარმოები დღეს ძალიან თანამედროვედ ჩანს. თანამედროვე ადამიანი, რომელიც მუდმივად საკუთარ თავს აკვირდება, ირონიით იცავს თავს, უშუალო განცდას ცინიზმით ანაცვლებს და ნამდვილ სიახლოვეს გაურბის, ხშირად ძალიან ჰგავს იატაკქვეშეთის ადამიანს. დოსტოევსკიმ თითქოს წინასწარ დაინახა შინაგანი დაშლის ის ფორმა, რომელიც მოგვიანებით თანამედროვე კულტურის ერთ-ერთ მთავარ ნიშნად იქცა.
“იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ საბოლოოდ არის წიგნი ადამიანის წინააღმდეგობრივი ბუნების შესახებ. იგი ამსხვრევს ყველა მარტივ თეორიას ადამიანის შესახებ. ადამიანი არც მხოლოდ კეთილია, არც მხოლოდ რაციონალური, არც მხოლოდ სოციალური არსება. იგი ქაოსურია, ტრაგიკული, თვითდამანგრეველი, მაგრამ ამავე დროს თავისუფალი. სწორედ ამ საშინელ თავისუფლებაში ხედავს დოსტოევსკი ადამიანის უდიდეს ღირსებასაც და უდიდეს საფრთხესაც.
რომანში დოსტოევსკი ქმნის მეტყველებას, რომელიც თითქოს ჩვენს თვალწინ იშლება, ინგრევა, საკუთარ თავს ეჭვქვეშ აყენებს და მუდმივად წინააღმდეგობაში შედის საკუთარ თავთან. ამიტომ “იატაკქვეშეთის ჩანაწერების“ ენობრივი ანალიზი მხოლოდ სტილის განხილვა არ არის – ეს არის ადამიანის დაშლილი ცნობიერების ანალიზი.
ნაწარმოების პირველი განსაკუთრებული ნიშანი მისი მონოლოგური ფორმაა. მთელი ტექსტი აგებულია თითქოს უშუალო აღსარებაზე, მაგრამ ეს აღსარება არასოდეს არის მშვიდი და თანმიმდევრული. იატაკქვეშეთის ადამიანი მუდმივად კამათობს წარმოსახვით მოწინააღმდეგესთან. იგი თითქოს უხილავ აუდიტორიას ესაუბრება, წინასწარ გრძნობს მის რეაქციას და პასუხს მაშინვე აძლევს. ამის გამო ტექსტში ჩნდება უწყვეტი პოლემიკური მოძრაობა. ერთი წინადადება რაღაცას ამტკიცებს, მეორე კი მაშინვე ანგრევს მას. ეს ქმნის განცდას, რომ პერსონაჟის ცნობიერება სტაბილური არ არის; იგი მუდმივად საკუთარ თავთან ბრძოლაშია.
დოსტოევსკის ენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება სწორედ ეს თვითწინააღმდეგობრივობაა. იატაკქვეშეთის ადამიანი ხშირად ამბობს: “მე ცუდი ადამიანი ვარ“, მაგრამ რამდენიმე აბზაცში უკვე საკუთარ ინტელექტუალურ უპირატესობას უსვამს ხაზს. იგი თითქოს ერთდროულად საკუთარი თავის დამცირებასაც ცდილობს და საკუთარი გამორჩეულობის დამტკიცებასაც. ენობრივად ეს გამოიხატება ტონის მუდმივ ცვალებადობაში: თვითდამცირება უცებ ქედმაღლობად იქცევა, ირონია – სასოწარკვეთილებად, სიცილი – აგრესიად. სწორედ ეს არასტაბილურობა ქმნის ტექსტის ნერვულ ენერგიას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფრაზების რიტმი. დოსტოევსკის წინადადებები ხშირად მოულოდნელად წყდება, შემდეგ ისევ იწყება, გადახტება სხვა აზრზე, ბრუნდება უკან. ტექსტი არ მიედინება კლასიკური პროზის ჰარმონიით; იგი უფრო ჰგავს ნერვულ მეტყველებას, სადაც აზრი საკუთარ თავს ეჯახება. ამის გამო მკითხველი არ გრძნობს, რომ წინასწარ დამუშავებულ ლიტერატურულ ტექსტს კითხულობს. პირიქით – იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ცოცხალ, აღელვებულ, თითქმის ავადმყოფურ ცნობიერებას ვუსმენთ.
ეს ეფექტი განსაკუთრებით ძლიერდება გამეორებების მეშვეობით. იატაკქვეშეთის ადამიანი ერთსა და იმავე სიტყვებს, ინტონაციებს და აზრებს მუდმივად იმეორებს. მაგრამ ეს გამეორება უბრალო სტილისტური ხერხი არ არის. იგი ასახავს აკვიატებულ ცნობიერებას, რომელიც ერთ წერტილშია ჩარჩენილი. პერსონაჟი თითქოს ვერ გადადის ახალ აზრზე, რადგან საკუთარ შინაგან წინააღმდეგობებში ტრიალებს. ამიტომ ტექსტის რიტმი ხშირად წრიულია: აზრი წინ არ მიდის, არამედ საკუთარ თავს უბრუნდება.
დოსტოევსკის ენაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ირონიას. თუმცა ეს ირონია კლასიკური სატირის ირონია არ არის. იატაკქვეშეთის ადამიანი ყველაფერს – საკუთარ თავსაც კი – ირონიულად უყურებს. მაგრამ ეს ირონია მას არ ათავისუფლებს; პირიქით, უფრო ღრმად კეტავს საკუთარ თავში. იგი თითქოს წინასწარ ანადგურებს ნებისმიერ სერიოზულ გრძნობას, რათა სხვამ ვერ შეძლოს მისი დამცირება. ამიტომ მისი ენა მუდმივად თავდაცვითია. ყოველი გულწრფელი ფრაზის შემდეგ თითქმის მაშინვე ჩნდება ცინიკური კომენტარი, რომელიც ამ გულწრფელობას ანგრევს.
ენობრივად ძალიან საინტერესოა ისიც, რომ იატაკქვეშეთის ადამიანი ხშირად იყენებს ზედმეტ განმარტებებს. იგი ვერ ამბობს რაღაცას უბრალოდ და პირდაპირ. ყოველი აზრი დამატებითი კომენტარებით, დაზუსტებებით, თავის მართლებებით და გადახვევებით იფარება. ეს ქმნის გადატვირთული ცნობიერების შთაბეჭდილებას. პერსონაჟი თითქოს ვეღარ აღწევს უშუალო მეტყველებამდე, რადგან საკუთარ სიტყვებსაც აღარ ენდობა. სწორედ ამიტომ მისი ენა ხშირად ლაბირინთს ჰგავს.
დოსტოევსკი ასევე ოსტატურად იყენებს ინტონაციურ კონტრასტებს. ტექსტში მაღალი ფილოსოფიური მსჯელობა შეიძლება უცებ გადაიზარდოს თითქმის ქუჩურ აგრესიაში. ეს კონტრასტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი ანგრევს კლასიკური ლიტერატურის სტილისტურ ერთიანობას. იატაკქვეშეთის ადამიანი ერთდროულად ინტელექტუალიცაა და დამცირებული, დახვეწილიც და ვულგარულიც. მისი ენა სწორედ ამ გაორებას გამოხატავს.
ნაწარმოების ენობრივი სტრუქტურა ასევე მჭიდროდ უკავშირდება დროის განცდას. იატაკქვეშეთის ადამიანი თითქმის არასოდეს ჰყვება მოვლენებს უშუალოდ. ყოველი მოგონება უკვე მრავალჯერ გადამუშავებულია მის ცნობიერებაში. ამიტომ თხრობა არ არის პირდაპირი. წარსული მუდმივად ირევა აწმყოსთან, რეალური მოვლენა კი – მის ინტერპრეტაციასთან. ენა აქ არა რეალობის ასახვის, არამედ ცნობიერების მოძრაობის საშუალებაა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია დოსტოევსკის დიალოგები მეორე ნაწილში. გარეგნულად ისინი ჩვეულებრივი საუბრებია, მაგრამ სინამდვილეში ძალაუფლების ბრძოლებია. პერსონაჟები ერთმანეთს სიტყვებით ეჯახებიან, ხოლო იატაკქვეშეთის ადამიანი თითქმის ყოველთვის ცდილობს დიალოგში დომინირებას. თუმცა მისი მეტყველება იმდენად ნერვული და არათანმიმდევრულია, რომ საბოლოოდ თავადვე მარცხდება. მაგალითად, ლიზასთან საუბარში მისი სიტყვები ერთდროულად თანაგრძნობასაც გამოხატავს და დამცირების სურვილსაც. სწორედ ეს გაორება ქმნის სცენის ტრაგიკულ ძალას.
დოსტოევსკის ენის კიდევ ერთი რევოლუციური თვისებაა მისი ანტილიტერატურულობა. მე-19 საუკუნის ბევრი მწერალი ცდილობდა დახვეწილ, ჰარმონიულ პროზას, დოსტოევსკი კი შეგნებულად ქმნის უხეშ, მოულოდნელად გატეხილ, ზოგჯერ თითქმის ქაოსურ მეტყველებას. მისთვის მთავარი მუსიკალური სილამაზე კი არა, ფსიქოლოგიური სიმართლეა. სწორედ ამიტომ მისი ტექსტი ზოგჯერ მოუხეშავადაც კი ჟღერს, მაგრამ ამ მოუხეშაობაში უზარმაზარი შინაგანი ენერგიაა.
ამ თვალსაზრისით “იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ მოდერნისტული პროზის წინამორბედია. კაფკას, ჯოისის, ვულფის, და მოგვიანებით, ბეკეტის სწორედ დოსტოევსკისგან გადაეცათ იდეა, რომ ლიტერატურამ შეიძლება არა გარეგანი რეალობა, არამედ ცნობიერების დაშლილი მოძრაობა ასახოს. იატაკქვეშეთის ადამიანის ხმა თითქოს პირველი დიდი “ანტიგმირული“ ხმაა თანამედროვე ლიტერატურაში – ხმა, რომელიც საკუთარ თავსაც აღარ ენდობა.
ძალიან მნიშვნელოვანია ტექსტის მუსიკალურობაც. მიუხედავად გარეგანი ქაოსისა, დოსტოევსკის პროზას ძლიერი შინაგანი რიტმი აქვს. ხშირია ინტონაციური აფეთქებები, მოულოდნელი პაუზები, ემოციური აჩქარებები. ზოგჯერ ტექსტი თითქმის ისტერიულ მონოლოგს ჰგავს, შემდეგ კი უცებ ჩუმდება და ცივი ირონიით აგრძელებს საუბარს. ეს ტემპის ცვლილებები ქმნის განცდას, რომ ტექსტი ცოცხალია და სუნთქავს.
“იატაკქვეშეთის ჩანაწერების“ ენა საბოლოოდ წარმოადგენს ცნობიერების თეატრს. აქ სიტყვები მხოლოდ ინფორმაციის გადასაცემად არ არსებობს; ისინი პერსონაჟის შინაგანი ბრძოლის ნაწილია. ყოველი ფრაზა ერთდროულად აღსარებაცაა და თავდაცვაც, თვითგამხელაც და ნიღაბიც. სწორედ ამიტომ ეს ტექსტი უკიდეურესად თნაქმედროვეა – თანამედროვე ადამიანის დაშლილი, ირონიული, თვითდამკვირვებელი ცნობიერება დოსტოევსკიმ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ენობრივ ფორმად აქცია.
ამ ნაწარმოების უდიდესი ენობრივი მიღწევა ისაა, რომ დოსტოევსკი პირველად ქმნის პროზას, სადაც ადამიანი არა დასრულებული და სტაბილური არსებაა, არამედ მუდმივად მერყევი, შინაგანად გახლეჩილი ხმა. იატაკქვეშეთის ადამიანი საკუთარ თავსაც ვერ ფლობს ბოლომდე, და სწორედ ამიტომ მისი ენა იქცევა იმ ლაბირინთად, სადაც თანამედროვე ლიტერატურის დიდი ნაწილი მოგვიანებით შევა.
“იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და ამავე დროს ყველაზე წინასწარმეტყველური ტექსტია. ფიოდორ მიხაილოვჩმა ამ მცირე მოცულობის ნაწარმოებში შეძლო ადამიანის შინაგანი სამყაროს ისეთი სიღრმით გახსნა, რომელიც მოგვიანებით მთელი თანამედროვე ლიტერატურისა და ფილოსოფიის საფუძვლად იქცა. იატაკქვეშეთის ადამიანი მხოლოდ კონკრეტული ეპოქის კრიზისს არ გამოხატავს; იგი თანამედროვე ცნობიერების ერთ-ერთი მარადიული სახეა – ადამიანი, რომელიც ზედმეტად აცნობიერებს საკუთარ თავს, მაგრამ ამ ცნობიერებას თავისუფლებამდე კი არა, პარალიზებამდე მიჰყავს.
ნაწარმოების მთავარი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ დოსტოევსკი არ გვაძლევს მარტივ პასუხებს. იგი არ გვთავაზობს ჰარმონიულ სისტემას, სადაც ადამიანის ბუნება საბოლოოდ აიხსნება. პირიქით – იგი ანგრევს ყველა ზედაპირულ რწმენას ადამიანის რაციონალურობის, პროგრესის და ბედნიერების ავტომატური შესაძლებლობის შესახებ. იატაკქვეშეთის ადამიანი გვაჩვენებს, რომ ადამიანი ხშირად საკუთარი თავის მტერიცაა, რომ თავისუფლება შეიძლება თვითგანადგურების ფორმადაც გადაიქცეს, და რომ ცნობიერება ზოგჯერ ტანჯვის ყველაზე მძიმე წყაროა.
ფილოსოფიურად ეს ტექსტი ადამიანის თავისუფლების ტრაგედიას ეხება. დოსტოევსკისთვის ადამიანი ვერასოდეს იქნება მხოლოდ გონივრული მექანიზმი, რადგან მის არსებაში ყოველთვის დარჩება ირაციონალური, ქაოსური და აუხსნელი ძალა. სწორედ ეს ძალა ანიჭებს მას ღირსებასაც და ამავე დროს უბიძგებს დაცემისკენ. იატაკქვეშეთის ადამიანი მუდმივად ცდილობს საკუთარი არსებობის დამტკიცებას, მაგრამ ამას სიყვარულისა და თანაზიარობის ნაცვლად უარყოფითა და თვითდამანგრეველი სიამაყით აკეთებს. ამიტომ მისი ცხოვრება იქცევა იზოლაციის ჯოჯოხეთად.
ლიტერატურულად “იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ ახალი ეპოქის დასაწყისია. დოსტოევსკიმ შექმნა ცნობიერების ისეთი ენა, რომელიც მანამდე თითქმის არ არსებობდა – ფრაგმენტული, წინააღმდეგობრივი, ნერვული, თვითირონიული. ამ ტექსტში ადამიანი პირველად ჩანს არა როგორც დასრულებული ხასიათი, არამედ როგორც დაშლილი და მუდმივად მერყევი შინაგანი ხმა. სწორედ ამიტომ ეს ნაწარმოები იქცა მოდერნიზმის, ეგზისტენციალიზმისა და ფსიქოლოგიური პროზის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ.
მაგრამ “იატაკქვეშეთის ჩანაწერების“ მნიშვნელობა მხოლოდ ლიტერატურული ინოვაცია არ არის. მისი უდიდესი ძალა იმაშია, რომ იგი დღემდე მტკივნეულად თანამედროვეა. თანამედროვე ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს მუდმივად აკვირდება, უშუალო განცდას ირონიით ფარავს, სიყვარულს გაურბის და შინაგანად იზოლირებულია, ხშირად ძალიან ჰგავს იატაკქვეშეთის ადამიანს. დოსტოევსკიმ თითქოს წინასწარ დაინახა თანამედროვე სამყაროს სულიერი კრიზისი – ადამიანის მდგომარეობა, რომელმაც თავისუფლება მოიპოვა, მაგრამ შინაგანი მთლიანობა დაკარგა.
საბოლოოდ, “იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ არის წიგნი ადამიანის სულიერი მარტოობის შესახებ. იგი გვიჩვენებს, რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარ “მე“-ში იკეტება და ვეღარ აღწევს ნამდვილ კავშირს სხვებთან. მაგრამ ამავე დროს დოსტოევსკი ირიბად მიანიშნებს, რომ ადამიანის გადარჩენა მხოლოდ სიყვარულში, თანაგრძნობასა და შინაგანი გახსნილობის შესაძლებლობაშია. სწორედ ამ დაძაბულობაში – ადამიანის სიბნელესა და შესაძლო სულიერ ხსნას შორის – იმალება ამ ნაწარმოების მარადიული ტრაგიკული სიდიადე.