
(ვარიანტი)
მე დღესაც ისევ წავალ იქ, სადაც
მოსჩქეფს ცხოვრების მძლავრი დინება.
და გავუძღვები ჩემს ლექსებს სარდლად
ბაზრის ზვირთებთან შესარკინებლად.
1914
სადაც მგელმა იკივლა სისხლიანი ლაშებით:
„ჰეი, ჭაბუკთა ხორცით ფაშვი ამოვიყორე!“, –
იქ დედას აღმოხდება: „აღარა მყავს ვაჟები“. –
უხუცესნი ვიმსჯელებთ, თუ რა უნდა ვიღონოთ.
მართალია, ჭაბუკებს დღეს ფასი დაუვარდა?
გახდა წყალზე, მიწაზე, ქვანახშირზე იაფი?
ქალო თეთრ სამოსელში, შენ, ცელს რომ იქნევ მარდად,
გარუჯულკუნთიანო, შრომაში გაზვიადდი!
„აბა, მკვდარი ბიჭები! ბიჭები პირტიტველა!“ –
მოედნებზე გმინვა ქალაქებმა მორთეს.
განა ასე არ არის, ჩიტების გამყიდველო? –
მათი ბუმბულებით შენი ქუდი მორთე.
„უკანასკნელ ირმების სიმღერები“ – კრებული
ვინც გამოსცა, კაუჭზე თავქვე დაკიდებულა,
სადაც კურდღლის კიდია ტყავიც ვერცხლისფერი
და აწყვია არაჟანი, ხორცი, კვერცხი, ყველი.
ბრიანსკისა ეცემა, მანთაშევთან მატულობს.
აღარ არის ჭაბუკი, ჩვენი თვალებხატულა,
სუფრასთან მუსაიფის მეფე ენამზიანი.
დაიჯერეთ, გვჭირდება, ჩვენთვის ძვირფასი არი!
1915
მოწვეთს ხოფთაგან კაშკაშა წვიმა,
მენავეების ლურჯით მხმობელი.
ჰოი, ბელადო, უხილავი გვირგვინი ბრწყინავს
შენს თავზე! – ვხედავთ, ვესავთ, მოველით.
როგორი არის? ვით აისი, იგია ქერა,
ქერა, ვით მწიფე თაველი პურის,
ყინული, ზღვაა იმისი მზერა,
ზღვა, ლომვეშაპი რომელშიც ცურავს.
და ლურჯი თვლებით ალის ენები
უწნავენ გამთოშავ გვირგვინს.
და დგას, შთენილი უსახელებოდ,
მუდამჟამ მარტოკა იგი.
მაგრამ არ კრთება, საჭესთან დგას და
მისი კისტენი უქმობს.
ნეტავ რა ძალა იზიდავს ზღვასთან?
რა არის ის, აქ რომ უხმობს?
ქარი კი უფრო ძალუმი გახდა!
ზღვის ხაფი მკაცრი და მჭახე!
მაგრამ ის, ვისიც ზღვა არის ტახტი,
ჩურჩულებს ნეტავ რა სახელს?
და როცა რკალი ხომლების ჩანთქა
ლაჟვარდის ვეება რიდემ,
მან დაიძახა: ჯერარს, დრო დადგა,
ცისფერო საწმისო, გამიძეხ, ვვლიდეთ!
1918, 1922
ხრავს ხეებს წყალი და მოსჩქეფს წყნარად,
სად ლურჯი ცირცლის ხარობს ბარდები.
ლუწი თუ კენტი? – მკითხაობს ქარი,
წყალში უძრავად წვანან ბადენი.
ოხშივარია ჯანღიან ბინდში,
სადღაც არ გრძნობენ ურვის მარწუხებს.
მუქი და მრუმე გამოჩნდა ბიჭი,
მის სიახლოვეს – ტურფა ქალწული.
და ღამით მხოლოდ ისლი ხმიანებს
და მხოლოდ ქარი არწევს ლერწმიანს.
ვიღაც მაღალი, მკრთალსახიანი
მუხნარში დგას და ხეებს შერწყმია.
1919
სად ცივი წყარო მოთქრიალებდა,
მე მივჭენავდი, ვით ხელი მოლა,
და მსიამოვნებდა.
ორმოცი ვერსის სიშორეზე დაკითხვაზე მომიხმო „ჩეკამ“.
სახედრები გვხვდებოდნენ გზაში.
მხედარმა სადღაც გადაუხვია.
ხუთ ვერსამდე ვიჭენეთ, ალბათ.
„ჭამე“. – ჩურეკი ოქრსოფერი მომიტეხა ჩემმა მეგზურმა.
გამომიწოდა სველი ყველი და ცისფერი მტევანი ღვინის,
გველის ცისფერი კვერცხების ბუდე
(დედა-გველი აკლია მხოლოდ).
ისევ მივჭენავთ. გზადაგზა ზეცის ძღვენს შევექცევით.
ცხენები ერთურთს ეხახუნებიან ფერდებით, სარტყლებით უნაგირისა.
ჩემი ამხანაგის ბაგეზე ღიმილი კიაფობს თეთრად.
„ჭამე, ძმობილო“, – გამოწვდილია კვლავ ჩემკენ ხელი ზღვის თვალთა მტევნით.
ასე მივჭენავდით დაკითხვაზე მთის ძირას ორნი.
და კამეჩების მშრალი რძე პირში მიხრაშუნებდა,
მერე – კამკამა ღვინო მათარით და ოქროვანი ფქვილის ხმიადი.
გასწვრივ კი – ტევრი მოგვყვებოდა, სად ხეს ძველისძველს
თავით ფეხამდე კუშტი სვია შემოხვეოდა,
მხოლოდ ტყვიისებრ გამოქანებულ ტახს რომ გაეპო.
ჩანდა კოცონთა შავი ლაქები, თეთრი ნაცარი, პირუტყვის ძვლები.
და ათასობით ცხვარი, მწყემსის გაძღოლილი, ხანგამოშვებით,
ვითარცა წარღვნა, მორბოდა ჩვენკენ
მრუმე ზვირთებად ცოცხალი ზღვისა.
ანაზდად ხევში ბინდი ჩამოწვა.
შავად დიოდა იქვე მდინარე,
მოაგორებდა ცისფერ მაქმანს უთვალავ ქვაზე.
უცბად დაბნელდა და მეჩხერი წვეთების ბადე,
ცივი წვეთების შალითა მყისვე გადაგვეფარა.
მრისხანე ხევი მოულოდნელად იქცა წიგნად სხვა მკითხველისთვის,
სულ სხვა სამყაროს თვალებისთვის გახდა ხილული.
მიმობნეული იყო აული და სახლები გვეჩვენებოდა
ასოებად გაუგებარ, უცხო ენისა.
იქ წითელი ქვა ცად აწვდილიყო სწორი სიმაღლით,
აქამომდის რომ კითხულობს ვიღაც.
ოღონდ მკითხველი მე ცაზე არ შემიმჩნევია,
მაგრამ მეგონა, რომ სადღაც იქ, ახლოში იყო.
ვინ იცის, იქნებ, წვიმის ჩალმა ებურა თავზე.
სამსახურებრივ მოვალეობად ქვემოთ მდინარე მიხმაურობდა,
და ამუქებდნენ მაღლა ჰაერს კენტი ხეები.
ქვის უწყებანი გარდასული უშქარი წლების,
წითელნი, იდგნენ დაუჭმუჭნავნი.
ვაჭრობის ხმაა? თუ ნაზი და ბუნდოვანი ტრფობის აღწერა?
თითების მგვანი თეთრი ღრუბლები ქვის გაზეთის თავზე ეკიდნენ.
ერთ დღეში „ჩეკამ“ დაასრულა უსარგებლო გამოძიება.
მე გავემგზავრე.
ღრეები, სადაც ვძრომიალობდი, ცარიელი კალაპოტის ტომრები, სადაც შემალულიყვნენ მცენარეთა სალოცავები, და ბაღში მდგარი ბებერი მსხლის ხე, ზედ ღმერთთა ყვავილს – ომელას რომ გაეშალა თვისი ქალაქი, და სტანჯავდა ჭარმაგ ხეს უცხო უძველეს სისხლით, ყვავილებით წითლად მღუარი, –
მე გეთხოვებით!
გემშვიდობებით, საღამოებო,
როს ღამის ღმერთნი, ჭაღარა მწყემსნი,
ერეკებოდნენ სოფლებისკენ ოქროსფერ ჯოგებს.
რბოდნენ კამეჩნი და რძის სურნელი ხესავით ცისკენ ისვეტებოდა,
ელტვოდა ღრუბლებს.
გემშვიდობებით, ფურკამეჩთა მუქლურჯო თვალნო წამწამების გისოსთა მიღმა,
საიდანაც ხბოს და ადამიანთ ეღვრებოდა დედობრივი ზრუნვის სხივები.
მშვიდობით იყავ, ღამის უკუნო,
როცა სიბნელე და კამეჩები
ერთ შავ ღრუბლად იყვნენ შერწყმულნი
და ყოველ ღამით ვეფეთებოდი
ჩემი ხელებით მათ რქებს დაგრეხილს,
კოკას თვალნაღვლიან
ზანტად მორონინე
ქალების თავზე.
1920-1921
ხედავთ, სპარსნო, მე მოვდივარ
ჩინვატით თქვენკენ,
ქარების ხიდი მაქვს ფეხქვეშ გადებული.
მე ვარ ჰუშედარ-მაჰი,
მე ვარ ჰუშედარ-მაჰი,
წინასწარმეტყველი
ამა საუკუნის და მომაქვს ხელით
ფრაშოკერეტი (მყოფადის სამყარო).
თუ დღეს ერთმანეთს ჰკოცნიან ქალი და ვაჟი, –
ეს მაშჲა და მაშჲანაა, პირველნი აღმდგარნი
გარდასულ ჟამთა ქვის კუბოებიდან.
მე ვოჰუმანა ვარ – სახიერი აზრი.
აშა ვაჰიშტა ვარ – საუკეთესო სამართლიანობა.
ხშატრა ვაჲრია ვარ – აღთქმული სამეფო.
ვფიცავთ კურატ ალ აინის თმას,
ვფიცავთ ზარათუშტრას ოქროს ბაგეებს –
სპარსეთი გახდება საბჭოთა ქვეყანა.
ასე იტყოდა წინასწარმეტყველი.
1921, აპრილი-მაისი
ირანში, მდინარის პირად,
სად მწვანე ზვირთები დიან,
მისი ხაბოების გასწვრივ,
ამო წყალის სიახლოვეს
ვლიან შერეკილნი წყვილად
და ფარგებს ესვრიან ტყვიას.
თევზს შუბლში უმიზნებენ თოფს,
აბა, სდექ, საყვარელო, სტოპ!
დადიან, ჩივიან, წუხან.
ხსოვნიდან ვერარა წაშლის.
ხანდისხან ხარშავენ უხას.
„ეხ, მე ამ ცხოვრების რა ვთქვი!“
დადის თვითმფრინავი ცაში –
ღრუბლების ამფსონი მარჯვე.
სუფრა სადღა არის ნატვრის –
მეუღლე თვითმფრინავის?
შეყოვნდა და მიტომ არ ჩანს
თუ უკრეს დილეგს თავი?
ზღაპრების წინასწარ მჯერა:
ყველა რომ ახდება, ვიცი.
და ჩემი რომ მოვა ჯერი,
ვიქცევი მტვერად და მიწად.
და როცა ყიჟინით “ვაშა!”
ალმებით ჩაივლის ხალხი,
მეც გამოვიღვიძებ მაშინ,
მტვრიანი, მჭმუნვარე სახით.
თუ ყველა უფლება ჩემი
შევუკეთო მერმისის ღუმელს?
იდინე მდინარის ჩქერო!
იშრიალე, ბალახო, მრუმევ!
მაისი, 1921
ზღვის სანაპირო.
ცა. ვარსკვლავები. მშვიდი ვარ. ვწევარ.
ხოლო სასთუმლად არც ქვა, არც ბუმბული –
მიდევს მეზღვაურის გახვრეტილი ჩექმა.
სამოროდოვმა ამ ჩექმებში,
როცა წითელი დღეები იდგა,
ამბოხება მოაწყო ზღვაზე,
და თეთრების ხომალდები წაიყვანა კრასნოვოდსკში –
წითელ წყლებში.
ბნელდება. ბნელა.
„ამხანაგო, დამეხმარე!“ –
მიხმობს ირანელი, შავი, თუჯისფერი,
და ფიჩხის გროვას იღებს მიწიდან.
გადავუჭირე ღვედი
და ზურგზე ავაკიდებინე.
„საულ!“ – გმადლობო, მითხრა სპარსულად,
და სიბნელეში გაუჩინარდა.
მე კი წყვდიადში ვჩურჩულებდი
სახელს: მაჰდი.
მაჰდი?
ხოჭომ, შავი, ხმაურიანი ზღვიდან
რომ მოფრინავდა
და პირდაპირ ჩემზე ეჭირა გეზი,
თავზე ორი წრე შემომარტყა და
ფრთებდაკეცილი ჩემს თმაზე დაეშვა.
უჩუმრად დუმდა, ხოლო მერე
აწრიპინდა უცებ,
გარკვევით წარმოთქვა ნაცნობი სიტყვა
ორივესათვის გასაგებ ენაზე.
მტკიცედ და ნაზად თქვა სიტყვა თვისი.
საკმარისია! ჩვენ გავუგეთ ერთმანეთს!
ღამის თალხი ხელშეკრულება
ხელმოწერილია ხოჭოს წრიპინით.
ხოჭომ აფრებივით გაშალა ფრთები
და გაფრინდა.
ზღვამ გადაშალა წრიპინიც და კოცნაც სილაზე!
ეს იყო!
ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა!
1921
ზღვა უგალობდა „სულთა თანას“
ძაღლების ლეშებს და მკვდარ ლოქოებს.
ნაპირს ტალღები ეხეთქებოდნენ და ეხეთქებოდნენ.
ძაღლებს, მისნებს და წინასწარმეტყველთ
ზღვა ხმაურიანი სთავაზობდა სადილს.
ეფარა მაგიდას სუფრა.
მიგორავდნენ ტალღები მიჯრით,
მოისწრაფოდნენ ბრტყელ ნაპირისკენ.
მკვდარი კუტუმი, თეთრი ნასვრეტით თვალის ადგილას,
ხმელი დიდრონი ქერცლით, ხვატისგან გათეთრებული,
ჩემ სიახლოვეს ესვენა.
იქვე გიზგიზებდა მეთევზის კოცონი
და იწვევდა მაწანწალებს – შეეწვათ ცეცხლზე
მკვდარი ქაშაყი ქვიშრობების საგანძურიდან,
ქვირითიანი ტომსიკები გამწყდარი თევზის.
ზღვამ ძაღლებს, მისნებს – ყველას ვრცელი
გაუწყო სუფრა.
ყვინთაობდა და აქეთ-იქით ეცემოდა კუ.
ფეხშიშველა დედაკაცები შორეულ ოჯახთა თეთრეულს რეცხდნენ,
რეცხდნენ თეთრეულს და სანაპირო
მიმოეფინათ ჭილოფებით ბღენძი ქმრებისა.
ზღვა უწმიდესი მიუტევებდა თეთრეულს ცოდვებს.
მომძახოდა ბიჭუნა: „ურუს…
რუსი დერვიში… გულ-მოლა…“
ყაბულს ვიყავი, ვიწექ ქვიშაზე. სულერთი იყო.
ფეხშიშველა დედაკაცები, თეთრ სველ სამოსში,
წელში მოხრილნი, ზღვის პირას იდგნენ.
წმიდათაწმიდა თავისი ნამით
ზღვა მიუტევებდა თეთრეულს ცოდვებს.
ჰგავდა ნაპირი აღსარებას და სააღსარებოს.
ზღვა, დიადი ღმერთმებრძოლი
აშმორებულ თევზებს უშენდა
ტალღებზე მთრთოლავ მზიურ სახებას,
რომლის გრძელი სხივების წვერში
აყროლებული ფარგა ირწეოდა.
შლეგი! არადა ხომ შეეძლო, ადამიანის
მოაზროვნე ღუმელს შეშად გამოდგომოდა,
და მისი ტვინი ახალ-ახალი ფიქრებით დაეგზნო
ახალი აზრების სახმილით.
ნახე, მშიერი, მოკუნცხული დაეხეტება.
ცოცხალი ღუმელი უშეშოდ დადის სანაპიროზე.
1921
ჩემთვის გაცილებით სასიამოვნოა,
ვუცქერდე ვარსკვლავებს,
ვიდრე ხელს ვაწერდე
სიკვდილის განაჩენს.
ჩემთვის გაცილებით სასიამოვნოა,
ვუსმენდე ყვავილებს,
თავს რომ ხრიან და ჩურჩულებენ:
“აი, ის არის!”, –
როცა მივსეირნობ ბაღში,
ვიდრე ვხედავდე
მრუმე შაშხანებს გუშაგებისა,
იმათ რომ კლავენ,
ვისაც ჩემი მოკვლა სწადია.
აი, რატომ არასდროს,
არა, არასდროს არ ვიქნები ხელისუფალი!
1922
ჰეი, ნორჩო ჩარჩ-ვაჭრებო,
ყეყეჩობას მორჩეთ, გიჯობთ!
პუგაჩოვის მმოსავს ჯუბა
და მოსკოვში მოვაბიჯებ!
სიმართლისკენ იმად როდი
ვილტვით გულით და გონებით,
ხაზიდებში რომ დაქროდეთ,
ყინჩად და თავმოწონებით.
იმად როდი მოსისხარ მტერს
ომში სისხლს ვადენდით ულევს,
მოვაჭრენი რომ ისხამდნენ
მარგალიტის სამკაულებს.
ღამით კი არ ვიწყებ ბორგვას,
ბოღმისაგან კბილთა ღრჭიალს –
მივაშურებ დონს და ვოლგას,
ვიმღერ ჰანგებს ომახიანს!
მიმწუხრისას წინ გავგზავნი
მე კატარღებს მკვიდრად ნაგებს.
ვის ვიახლებ თანამგზავრად?
ვის და – ერთგულ ამხანაგებს!
1922 წ., თებერვალი
„სადაც მგელმა იკივლა სისხლიანი ლაშებით“
ლექსი პირველად დაიბეჭდა კრებულში „Взял“ (1915). მოგვიანებით, მცირე სახეოსხვაობით, შევიდა კოლაჟის პრინციპით შედგენილ პოემაში „ომი სათაგურში“ (1919).
უკანასკნელ ირმების სიმღერები – ხლებნიკოვის თხზულებათა 1986 წელს გამოცემული კრებულის (Хлебников В. Творения. М., 1986, с. 694) კომენტატორების (ა. პარნისი, ვ. გრიგორიევი) აზრით აქ, სავარაუდოდ, ალუზიაა რუსი ავანგარდისტი მხატვრისა და თეორეტიკოსის პაველ ფილონოვის წიგნზე «Пропевень о проросли мировой», რომელიც, გარდა რიტმული პროზით დაწერილი პოემებისა, ავტორისეულ ილუსტრაციებსაც შეიცავდა. ამ ილუსტრაციებიდან მიხაილ მატიუშინისადმი მიწერილ წერილში ხლებნიკოვმა გამოარჩია „ფრთხილად-მფრთხალი ირემი“ (Хлебников В. Неизданные произведения. М., 1940, с. 379). თუმცა პოეტის თხზულებების 2000-იან წლებში გამოცემული ექვსტომეულის (В. Хлебников. Собрание сочинений в 6-ти томах. М., 2000-2006.) პირველი ტომის შენიშვნების ავტორებს (ე. არენზონი, რ. დუგანოვი) მიაჩნიათ, რომ ეს „პოეტის კრებსითი სახეა. ხლებნიკოვის დღიურის ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ 1917 წლის 2 ივნისს მან დაწერა სტატია (ჯერაც აღმოუჩენელი) „განსვენებული ირმები“ “ (Хлебников. Собр. соч., т. 1., с. 513).
ბრიანსკისა ეცემა, მანთაშევთან მატულობს – აქციების ფასი: ბრიანსკის მანქანათმშენებელი ქარხნისა და ბაქოს ნავთობმომპოვებელი საზოგადოების „მანთაშევი და კო“.
„მოწვეთს ხოფთაგან კაშკაშა წვიმა“
მცირე ცვლილებებით ლექსი შევიდა პოემაში „ომი სათაგურში“.
ცისფერი საწმისი – ექვსტომეულის კომენტატორთა აზრით (соч., т. 2, с. 506), „ბერძნული მითოლოგიის „ოქროს საწმისის“ ძიების თემა ტრანსფორმირებულია გერმანელი მწერლის, ნოვალისის რომანიდან „ჰაინრიხ ფონ ოფტერდინგენი“ (1802) ნასესხები „ცისფერი ყვავილის“ სიმბოლური სახეხატით“.
„სად ცივი წყარო მოთქრიალებდა“
ლექსი დაწერილია 1920 წლის შემოდგომის დასაწყისში კავკასიაში ყოფნის შთაბეჭდილებებით.
დელი მოლა – ბრიტანეთის სომალიში დერვიშთა მოძრაობის დამფუძნებლისა და ანტიკოლონიური მოძრაობის (1899-1920) ლიდერის, პოეტისა და სწავლულის მუჰამედ იბნ აბდალაჰის (1856-1920) ზედმეტსახელი; აქ ეს სახე დაკავშირებულია რუსულ ლიტერატურაში ფანატიკოსი მთიელების გამოსახვის ტრადიციასთან (მ. ლერმონტოვის, ა. ბესტუჟევ-მარლინსკის, ვას. ნემიროვიჩ-დანჩენკოსა და სხვ. ნაწარმოებებში).
ჩურეკი – უსაფუარო კვერი ჩრდილოეთ კავკასიაში.
აული – ტრადიციული სოფელი კავკასიის მთიან რეგიონებში.
ომელა (ფითრი) – ბუჩქოვანი მცენარე, რომელიც ხეებზე პარაზიტირებს; წმინდა მცენარე ინდოევროპულ მითებში.
„შეხედეთ, სპარსნო“
მიუხედავად იმისა, რომ ძველსაპრსული მითოლოგიითა და ისტორიით ხლებნიკოვი ადრეც იყო დაინტერესებული და, როგორც მისი დღიურის ჩანაწერი მოწმობს, უკვე 1920 წელს, – როცა ცნობილი გახდა, რომ სპარსეთში, გილანის პროვინციაში, აჯანყებულებმა მირზა ქუჩუქ-ხანის მეთაურობით საბჭოთა რესპუბლიკა გამოაცხადეს, – აპირებდა ირანში გამგზავრებას, ექვსტომეულის კომენატორთა აზრით, სპარსულ თემატიკაზე მწყობრი ტექსტი მხოლოდ ბაქოში, აღმოსავლეთის ხალხთა ყრილობის ატმოსფეროში, შეიძლებოდა დაწერილიყო (соч., т. 2., с. 533). ხლებნიკოვი 1920 წლის ოქტომბერში ჩავიდა ბაქოში, სადაც ფლოტილიის პოლიტგანათლების ლექტორად ირიცხებოდა, ხოლო 1921 წლის აპრილის შუა რიცხვებში გილანის რევოლუციის დასახმარებლად ბაქოდან გაგზავნილი წითელი არმიის დანაყოფებთან ერთად ირანში გაემგზავრა, სადაც 1921 ივლისის ბოლომდე დაჰყო.
ჩინვატი – ირანულ მითოლოგიაში ცოცხალთა და მკვდართა სამეფოების შემაკავშირებელი ხიდი, რომელზეც ზარათუშტრას, ზოროასტრიზმის რელიგიის ფუძემდებელს, გადაჰყავს მართალთა სულები.
ჰუშედარ მაჰი – ზოროასტრიზმის ესქატოლოგიაში ზარათუშტრას ერთ-ერთი სულიერი შვილი, რომელიც მომავალში კაცობრიობას მხსნელად და სამყაროს განმაახლებლად მოევლინება და შეამზადებს ნიადაგს ფრაშოკერეტისთვის.
ფრაშოკერეტი – სიკეთისა და სამართლიანობის საუფლო.
მაშჲა და მაშჲანა – პირველი ადამიანები, ადამისა და ევას ანალოგი სპარსულ მითოლოგიაში, რომლებმაც აღიარეს აჰურამაზდას, კეთილი საწყისის, უზენაესობა, თუმცა, მოგვიანებით, აჰრიმანის თაყვანისცემისთვის ჯოჯოხეთში განიდევნენ, საიდანაც მხოლოდ საშინელი სამსჯავროს შემდეგ გამოაღწევენ.
ვოჰუმანა, აშავაჰიშტა (ხშირად ითარგმნება როგორც „საუკეთესო ჭეშმარიტება“), ხშატრა ვაჲრია – აჰურამაზდას სამი (ექვსიდან) გამოვლინებაა.
კურატ ალ აინი (სპ. თვალთა ნუგეში, ნამდვილი სახელი – ფატიმე ზარინ-თაჯი), იგივე თაჰირე (სპ. წმინდა, სპეტაკი) (1814/1817-1852) – ირანელი პოეტი ქალი და საზოგადო მოღვაწე. იზიარებდა ისლამის რელიგიური და სოციალური რეფორმატორის, მირზა ბაბის იდეებს, აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბაბისტურ მოძრაობაში. უარყოფდა შარიათს, მოითხოვდა ქალთა ემანსიპაციასა და საზოგადოების გარდაქმნას ეგალიტარული, სოციალისტურ-უტოპიური პრინციპების თანახმად. შაჰის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. არსებობს მისი სიკვდილით დასჯის რამდენიმე ვერსია; ერთ-ერთის მიხედვით, ის საკუთარი თმებით დაახრჩვეს. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბაჰაიზმის აღმსარებელთა კულტურაში. ფიგურირებს ხლებნიკოვის რამდენიმე ლექსსა და პოემაში.
„ირანული სიმღერა“
შერეკილნი ვლიან წყვილად… ხლებნიკოვი და მხტვარი მ. დომბროკოვსკი (1895 — 1942).
„ზღვა უგალობდა სულთათანას“
გადამუშავებული სახით ლექსი შევიდა პოემაში „გულ-მოლას საყვირი“, რომელშიც პოეტის ირანში ყოფნის პერიოდია ასახული.
კუტუმი – თევზი კობრისებრთა ოჯახისა.
„ურუს… რუსი დერვიში… გულ-მოლა…“ ურუს – რუსი. რუს დერვიშსა და გულ-მოლას ( სიტყვასიტყვით „ყვავილების მღვდელი“) ხლებნიკოვს ირანში ეძახდნენ. როგორც წერს რ. პ. აბიხი, რომელსაც ბაქოსა და ირანში ხშირი ურთიერთობა ჰქონდა ხლებნიკოვთან, იური ტინიანოვისა და ნ. სტეპანოვის საერთო რედაქციით გამოცემული ხლებნიკოვის ნაწარმოებების ხუთტომეულის პირველ ტომში (1928) გამოქვეყნებულ „გულ-მოლას საყვირის“ კომენტარებში: „[ირანში] ხლებნიკოვმა ბაზარში გაყიდა სერთუკი, რომელიც ბაქოში ჩამოსვლისას ეცვა. უსერთუკოდ, უჩექმოდ, ტომრისგან შეკერილ პერანგსა და შარვალში, ის მაწანწალას ჰგავდა. თუმცა გრძელი თმები, შთაგონებული სახე და არაამქვეყნიური ადამიანის იერი იყო ის მიზეზი, რის გამოც სპარსელებმა მას „დერვიში“ შეარქვეს“.
ფარგა – თევზი ქორჭილასებრთა ოჯახისა.
„ღამე სპარსეთში“
…ამ ჩექმებში სამოროდოვმა… ბორის სამოროდოვი (1897-1942) – მეზღვაური, რომელიც თავდაპირველად თეთრგვარდიელთა ჯარში მსახურობდა. 1920 წელს 22 მარტს იგი კრეისერ „ავსტრალიაზე“ ამბოხებას ჩაუდგა სათავეში და სხვა რამდენიმე გემთან ერთად კრასნოვოდსკში გაიყვანა, ბოლშევიკების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ხლებნიკოვმა სამოროდოვი ბაქოში გაიცნო და დაუახლოვდა მასა და მის დებს – ოლგასა და იულიას. ოლგა სამოროდოვა იგონებს: „ერთხელ ბ. ს.-მა უამბო [ხლებნიკოვს], როგორ მოაწყო ამბოხება ორ ხომალდზე და გემები კრასნოვოდსკში, ბოლშევიკებთან გაიყვანა, პირდაპირ ფლოტილიის ცხვირწინ. ამასთანავე, ამ მოქმედებას ერთი წვეთი სისხლიც არ მოჰყოლია. ხლებნიკოვი მოხიბლა ამ უსისხლო ამბოხმა და ამგვარ სიუჟეტზე პოემის დაწერასაც კი აპირებდა“ (Ольга Самородова. Поэт на Кавказе). სამოროდოვს ეძღვნება ხლებნიკოვის რამდენიმე ლექსი. ჩექმები, რომლებიც ლექსშია ნახსენები, ხლებნიკოვს სომოროდოვმა აჩუქა.
…კრასნოვოდსკში – წითელ წყლებში… რუსული ტოპონიმი კრასნოვოდსკი (თანამედროვე სახელწოდება – თურქმენბაში) ნიშნავს წითელ წყლებს (красные воды).
…ვჩურჩულებდი სახელს: მაჰდი… მაჰდი – მესია ისლამში.
„ნუ ცუღლუტობთ!“
ლექსი წარმოადგენს 1921 წელს შემოღებული ახალი ეკონომიკური პოლიტიკის („ნეპის“ – НЭП, Новая экономическая политика) შედეგად საზოგადოებაში მოძლიერებული ზნე-ჩვეულებების (გამორჩენის ჟინის, მომხმარებლობის) წინააღმდეგ პროტესტს. ეკონომიკური რეფორმა, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფალი ბაზრის, კერძო საკუთრებისა და მცირე მეწარმეობის გარკვეული ფორმების დაშვებასა და წახალისებას, სამოქალაქო ომისა და „სამხედრო კომუნიზმის“ პირობებში განადგურებული და ჩიხში მოქცეული ეკონომიკის გამოცოცხლებას ისახავდა მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ „ნეპი“ იძულებითი კომპრომისის ხასიათს ატარებდა (უპირველეს ყოვლისა, ის იყო დათმობა წვრილი გლეხობის მრავალრიცხოვანი მასისადმი), მას საკმაოდ ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა კომუნისტური პარტიის შიგნითაც, მოსახლეობაშიც და რადიკალურად განწყობილ ინტელიგენციაშიც. ხლებნიკოვის ლექსს სტატიაში „ლიტერატურული გამოხმაურებები“ ციტირებს ბოლშევიკი რევოლუციონერი, მარქსისტული ლიტერატურული კრიტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი ალექსანდრ ვორონსკი და ასეთ კომენტარს უკეთებს: „ეს განწყობა, რომელიც თავს იჩენს მუშათა მასებშიც, ახალგაზრდებშიც და კომუნისტებშიც, ძალიან ღრმაა. მასში გაცილებით უფრო მეტია ჯანსაღი გუმანი, ქმედითობა, ვიდრე დაშტამპულ ოპტიმიზმში, რადგან ამგვარი ოპტიმიზმი ყოველთვის როდია რევოლუციური ნებისა და სიმტკიცის მაჩვენებელი. დღესდღეობით მის უკან ხშირად იმალება ჩინოვნიკური სიმხდალე და საბჭოთა ყოფის მანკიერი მხარეებისაგან თვალის არიდების სურვილი“ (Александр Воронский. Литературные отклики).
პუგაჩოვის მმოსავს ჯუბა… – იგულისხმება რეალური ბეწვეულის ქურთუკი, რომელიც ხლებნიკოვს ვ. მაიაკოვსკიმ აჩუქა და, გარდა ამისა, პუშკინის „კაპიტნის ქალიშვილის“ ალუზიაა, რომლის გმირიც, ოფიცერი გრინოვი, კურდღლის ტყავის ჯუბას უსახსოვრებს პუგაჩოვის პერსონაჟს.
ხაზიდებში… – ხაზიდი – იგივე სიასამური, ძვირფასი ბეწვის მქონე ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა.