
ოლიკო ლევაკია: დაიბადა არასარაში, 1900 წლის 18 დეკემბერს, მეჯოგე მამისა და ტრომბონისტი დედის ოჯახში, რომელთაც მის გარდა კიდევ 12 შვილი ჰყავდათ. სკოლაში მისი პოეზიითა და პოლიტიკით დაინტერესება არჩიბალდ გლეხიას უნდა უკავშირდეობდეს, მის მასწავლებელს, რომელიც ნაროდნიკი ყოფილა. 1919 წელს, ახალი რესპუკლისის შექმნისას, ლევაკია თბილისში ჩამოდის და უნივერსიტეტში ფილოლოგიის კურსზე აბარებს. ის მალევე ხდება – ,,შავი ქარის“, სოციო-ანარქისტული პოეტური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი. მიუხედავად იმისა, რომ მათ მოასწრეს რამდენიმე გაზეთისა და პამფლეტის გამოცემა, 21 წლის ოკუპაციასთან ერთად ზოგი მათგანი ემიგრაციაში წავიდა, მათ შორის იყო ოლიკოც.
1931 წელს აქვეყნებს ერთადერთ კრებულს სახელწოდებით – ,,ღაჟღაჟური“. კრიტიკა თითქმის არ მოჰყოლია. ლიტერატურული სივრცე ლევაკიას ვერ ამჩნევდა. ლევაკიას ლექსები პირველივე თვალის შევლებით ავლენენ პოეტ ქალს, რომელიც სხეულსა და სივრცეს ერთნაირად გრძნობს. სიკვდილი და ეროტიკა მასთან ერთი და იგივე ენით საუბრობენ. განსაკუთრებით საინტერესოა ლირიკული სუბიექტი: ის იშვიათად არის მშვიდი დამკვირვებელი, განსაკუთრებულ მუსიკალურსა და სოც-პოლიტიკურ ხმასაც წარმოადგენს არამხოლოდ მაშინდელ, არამედ ქართულ პოეტურ ტრადიციაში.
ოლიკო ლევაკია 1933 წელს, ნაზინოს კუნძულის ტრაგედიას შეეწირა, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ იქ 6 ათასამდე ადამიანი საჭმლის, წყლისა და ყოველგვარი თავშესაფრის გარეშე გადაასახლა.
წიგნიდან ,,ღაჟღაჟური“
კარიდან გავდივარ და თივაზე ჩრდილს ვატოლებ,
ჩრდილი შემკრთალია, სისხლით დანამული
ჩემი ჯარისკაცის პერანგი ახატია
თივას ბაირაღად, გდია განაბული.
ჩემო ჯარისკაცო, პერანგს მე წავიღებ,
თივაზე დარჩება მხოლოდ კოტრიალი,
წინა წლის ზაფხულიდან, ჩრდილს რომ მატოლებდი,
ახლა შენთან ერთად მზეც რა შორი არი.
კარში შევდივარ და თივა მოწითალო,
მზეზე მინებებულ პალოს ეფერება,
ჩემი ჯარისკაცი სხვაგან წასულია,
ჩრდილთა სამეფოში მზისგან იპარება.
მე შავი ქალბატონი ვარ,
უგულო ღამის ძუკნა!
თვალებამღვრეული ვუსმენ,
სანამ ის ჩემს ნეკნებზე უკრავს.
ღამეო, დამმალე შენი ქალბატონი,
დაფარულ სურვილთა ქროლვა,
ის თვალებამღვრეული მიბრახუნებს,
ღამეში შიშია და როკვა.
ასეთი გადარევის ანგელოზი,
ჯერ ხორცს მოგიტაცებს ვაჟბატონო,
რომ ჩემი თვალები ახვეული,
მთვარეულ შენსაზე ვაბატონო.
ბოზია ღამე და სავსე ნაბიჭვრებით,
როკვაა მასში და რინდი სუბსტანცია,
უკრავენ გამეტებით მშიერი მაქციები,
ღამესაც გათენება უხარია.
მე ჩამოვედი თბილისში მარტო, იყო აგვისტო, ჩქეფა, ბაზარი,
დამესხა მზერა ხვად ავაზათა, ოფლის რივულეტს ყელი ამგვარი
თმების არშიას ძუძუმდე ჩაჰყვა, და მომერია სურვილი კბენის,
ქალაქს კისერი ისე ჰქონდა დამწვარი.
ხვალ მოგკლავ მთვარის პირველივე გამოჩენისას,
როცა სიზმრებში დაკარგული ღამე ეკიდა,
მადლიერების ლოცვასავით ყელს გამოგჭრიან,
ჩემი თვალები და ქალური ღრმა პოეტიკა.
ხვალ მოგკლავ მთვარის პირველივე გამოჩენისას,
ტრიალ-მინდორზე, ხალები რომ მითვალიერე,
ვისა ცა შია, თქვენს უდაბნოს გამოერიდა,
და მოიპოვა უწმინდესი სიცარიელე.
ხვალ მთვარის პირველივე გამოჩენისას,
დაგკოდავს ენა ჩემი, თრთოლვით მალული,
სისხლი წალეკავს უცნაურ მინდორს,
მკვლელი სიმღერის ხმა უდაბური.