რედაქციის სვეტი „სიტყვები“ თავისი ბუნებით მუდმივად იცვლის ფორმას, ეძებს ახალ ტიპოგრაფიასა და გავრცელების მედიუმებს. ის, რაც ათწლეულის წინ ფეისბუქ-გვერდად ჩაისახა, შემდგომში კი ციფრულ ბლოგად და ვებპორტალად ჩამოყალიბდა, ახალ ფაზაში გადადის. მრავალწლიანი ძიების, გამოცდილების დაგროვებისა და ფორმაცვალების შემდეგ, „სიტყვები“ მატერიად - ბეჭდურ ჟურნალად გარდაიქმნება. ეს არც ნოსტალგიური ჟესტია და არც ტექნოლოგიური რეგრესი - ეს ფიზიკურ, ხელშესახებ სამყაროში „სიტყვების“, როგორც ლიტერატურული ჟურნალის დაბადებაა. ჩვენს დროში, რომელიც დანაღმულია ცინიკური ფორმულით და მუდმივად გვახსენებს, რომ ახლა „ცუდი დროა პოეზიისთვის“, როცა კულტურის დაფინანსების შესაძლებლობები კრიტიკულად შევიწროვებულია, ლიტერატურული ჟანგბადის არსებობა აუცილებელ საჭიროებად იქცევა. მაშინ, როდესაც ჩვენი ყოველდღიურობა წინასწარ განსაზღვრულ, იძულებით ტოტალიზებულ მოცემულობებადაა ქცეული, ჩვენ გვჯერა, რომ ლიტერატურას შეუძლია ერთი შეხედვით გაუთვალისწინებელი ცვლილებების პროვოცირება. მას შესწევს ძალა, მონაწილეობა მიიღოს ახალი, ალტერნატიული ჰორიზონტების დასახვაში - თვალით, რომელიც აღჭურვილია არა მხოლოდ ერთფეროვანი, კრიტიკული მზერით, არამედ ახლის აღმომჩენი ხედვითა და დამკვირვებელი ალღოთი, რომელსაც შეუძლია დაინახოს უკეთესი ხვალინდელი დღე და თქვას მასზე რაღაც ახალი. ჩვენი სურვილიც სწორედ ესაა. მოცემული ნომერი მინიმალური მატერიალური რესურსებითა და მაქსიმალური ენთუზიაზმით შეიქმნა. ჩვენი ავტორების - როგორც ძველი თანამებრძოლების, ისე ახალი ხმების კოლექტიური ძალისხმევა ქმნის ჟურნალის ამ პირველ, გაზაფხულის ნომერს. ის, თავისდა უნებურად, წარსულის კვლევისა და კოლექტიურ მეხსიერებაში ჩაძირვის ლანდშაფტად იქცა, სადაც შემეცნების ინსტრუმენტი არა მშრალი, ტრადიციული საარქივო მასალა, არამედ ცოცხალი, ესთეტიკური რეფლექსიაა. გაზაფხულის ნომერში შესული ტექსტები ადამიანური გამოცდილების ღრმა შრეების აღმოჩენასა და გამოკვლევას ცდილობენ. აქ ერთმანეთს კვეთს სხეულში გატარებული, სომატიზებული ტრავმები და უახლესი პროზაული მემკვიდრეობის კრიტიკული, ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი; აქ მამის ძიება სცილდება ბანალურ ბიოგრაფიზმს და საწყისის, არქეტიპის ეგზისტენციალურ დეტექტივად იქცევა: ბავშვობის უწყინარი მოგონებიდან, როცა ჰაერში ატყორცნილი ბურთი წამით აჩერებდა დროს, მეტაფორაში ჩარჩენილ, დაკარგულ მამის ფიგურამდე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ, სიტყვის ახალ არქიტექტურაში. სარჩევი პროზა | თარგმანი ხუან რულფო — „ალმოდებული დაბლობი“ (ესპანურიდან თარგმნა ირაკლი მენთეშაშვილმა) რეცენზია მარიამ მორჩილაძე — „მოგზაურობა წარსულის ლაბირინთებში: მამის ძიება კომალაში“ თანამედროვე ქართული პოეზია საბა თოდუა ტატიანა ასათიანი ქართული პროზა გიორგი ფირცხალაიშვილი — „პატარა ბიგი“ ცოტნე ავსაჯანიშვილი — „ქართლის ხეობებს ასდის ნისლები“ გამოფენა „სომატიზებული გამოცდილება — უმეტყველო მატერია“ კურატორი: ანა რეხვიაშვილი მხატვრები: ლიზა კვანტალიანი, ნინი ჯალიაშვილი ამერიკული პოეზია ესეისტიკა გიორგი შარაშენიძე — „9 აპრილის გერნიკა“ კოტე ჯანდიერის მოთხრობა — „მატარებლები გვირაბში შედიან“ ესეისტიკა | თარგმანი ჯორჯ სტაინერი — „პოეტი და სიჩუმე“ (თარგმნა ტატო ჩანგელიამ)






