ლენგსტონ ჰიუზი – ლექსები

თარგმნა ნორიკ ბადოიანმა

ზანგი ლაპარაკობს მდინარეებზე

ეძღვნება უილიამ დიუბუას

მე ვიცი მდინარეები:
მე ვიცი მდინარეები, სამყაროსავით ძველი და უფრო ხნიერი, ვიდრე ძეხორციელის ძარღვებში მედინი სისხლი.

და ჩემი სული ღრმა შეიქნა, ვით მდინარენი.

მე ვბანაობდი ევფრატის წყალში, როცა ჯერ კიდევ გარიჟრაჟი ჭაბუკი იყო.
მე დავდგი ქოხი კონგოს მახლობლად და კონგო ღამით მინანავებდა.
მე მოვიხილე ნილოსი და მის ნაპირად ავაშენე პირამიდები.
მე მისისიპის მომესმა მღერა, ეიბ ლინკოლნმა რომ გაცურა ნიუ ორლეანს, და ვნახე მისი მღვრიე ზვირთები, ჩამავალ მზეში ოქროდ ქცეული.

მე ვიცი მდინარეები:
ძველთაძველი, ქუფრი მდინარეები.

და ჩემი სული ღრმა შეიქნა, ვით მდინარენი.

1921

 

დეიდა სიუს ამბები

დეიდა სიუს თავი სავსე აქვს ამბებით.
დეიდა სიუს გული სავსე აქვს ამბებით.
და ზაფხულობით, რომ შეღამდება,
სახლის პარმაღზე ჩამოჯდება დეიდა სიუ,
შავტუხა ბიჭუნას ჩაიკრავს გულში,
და ამბებს უყვება.

შავი მონები,
რომ შრომობენ თაკარა მზეში,
შავი მონები,
რომ სეირნობენ ცვრიან ღამეში,შავი მონები,
მძლავრი მდინარის სანაპიროზე რომ მღერიან მწუხარების საგალობლებს*, ­––
ნაზად ერთვიან
მოხუცი დეიდა სიუს ხმის მდინარებას,
ნაზად ერწყმიან
დეიდა სიუს ამბებში მორიალე
მრუმე აჩრდილებს.

და შავტუხა ბიჭუნამ, სმენადქცეულმა, იცის,
რომ დეიდა სიუ ნამდვილ ამბებს უყვება.
იგი ხვდება, რომ მას ეს ამბები
წიგნებში კი არ ამოუკითხავს
– ყველა მათგანი ცხოვრებამ ასწავლა.

და ზაფხულის ღამით შავტუხა ბიჭუნა
განაბული უსმენს
დეიდა სიუს ამბებს.

1921

*მწუხარების საგალობლები (ინგ. Sorrow Songs) – უილიამ დიუბუას მიერ დამკვიდრებული ტერმინი, რომლითაც იგი აღწერდა ამერიკაში დამონებული აფრიკელების ფოლკლორულ სიმღერებსა და სასულიერო მუსიკას.

 

 

ზანგი

მე ვარ ზანგი:

შავი, როგორც უკუნი ღამე,
შავი, როგორც ჯურღმულები ჩემი აფრიკის.

მე სულ ვიყავი მონა:
კეისარი თავის სასახლის საფეხურებს მარეცხინებდა.
ვაშინგტონის ჩექმებსაც მე ვაპრიალებდი.

მე სულ ვიყავი მუშა:
ჩემი ხელებით აღიმართნენ პირამიდები.
„ვულვორთ ბილდინგის“ ასაშენებლად მე ვზელდი დუღაბს.

მე სულ ვიყავი მომღერალი:
მთელი გზა აფრიკიდან ვიდრე ჯორჯიამდე
მომქონდა ჩემი მწუხარების საგალობლები.
მე შევქმენი რეგთაიმი.

მე სულ ვიყავი მსხვერპლი:
მაჭრიდნენ ხელებს მე კონგოში ბელგიელები.
მისისიპიში ახლაც ხოლმე ლინჩის წესით მასამართლებენ.

მე ვარ ზანგი:
შავი, როგორც უკუნი ღამე,
შავი, როგორც ჯურღმულები ჩემი აფრიკის.

1922

 

სიმღერა ზანგი მრეცხავი ქალისთვის

ო, მრეცხავო ქალო,
იდაყვებამდე ქაფში მკლავები,
სუფთა სული,
სუფთა სამოსი, –
მე გიმღერებდი მრავალ სიმღერას,
სიტყვების პოვნა რომ შემძლებოდა.

ზამთრის საღამოს ოთხი საათი იყო თუ ექვსი, რომ დაგინახე, ბოლო პერანგს როგორ წურავდი მის თეთრი ქალის საკუჭნაოში? ოთხი საათი იყო თუ ექვსი? ზუსტად არ მახსოვს.

მაგრამ ის ვიცი, რომ გაზაფხულის ერთ-ერთი დილით, შვიდ საათზე, ხელში სარეცხის მოზრდილი ფუთით ვერმონტის ქუჩას მიუყვებოდი.
ვიცი, რომ გნახე ნიუ-იორკის მეტროს ვაგონში, გვიან საღამოს სამსახურიდან შინ მიმავალი.

ჰო, მე შენ გიცნობ, მრეცხავო ქალო.
და ვიცი ისიც, რომ მოახერხე შენს შვილებს ევლოთ დაწყებით სკოლაში, საშუალოშიც და უმაღლესშიც ჩაებარებინათ.
მე ვიცი, როგორ ბეჯითად შრომობ და შენს კაცს როგორ უდგახარ გვერდით, როდესაც ოჯახს გაუჭირდება.
მე ვიცი, როგორ აიშენე სარეცხი ტაშტით საცხოვრებელი და სახლს ეძახი; როგორ აღმართე თეთრი ქაფით ეკლესიები უფალი ღმერთის მსახურებისთვის.

და მე მინახავს, მრეცხავო ქალო, როგორ ღიღინებ უკანა ეზოში, ვაშლის ხეებთან, და ჰფენ გრძელ თოკზე თეთრ ტანსაცმელს, მზეზე რომ გაშრეს.

და მე მინახავს, კვირაობით ეკლესიაში როგორ გალობ, როგორ ადიდებ შენს იესოს, რადგან ერთ დღესაც ჩამოუჯდები ხელმარჯვნივ ღვთის ძეს და დაივიწყებ, რომ ოდესღაც მრეცხავი იყავ. მტკივან წელსაც და ტანსაცმლის ფუთებს წაშლი ხსოვნიდან.
ჰო, მე მინახავს, როგორ ღიღინებ.

და შენთვის,
ო, მოღიღინე მრეცხავო ქალო,
შენთვის, მოღიღინე პატარა მულატო ქალო,
მოღიღინე შავო ძლიერო ქალო,
მოღიღინე ყვითელო მაღალო ქალო,
იდაყვებამდე ქაფში მკლავები,
სუფთა სული,
სუფთა სამოსი, –
შენთვის უამრავ სიმღერას დავწერ,
სიტყვების პოვნა თუკი შევიძელ.

1925

 

ზოგიერთ ინტელექტუალს

შენ არა ხარ ჩემი მეგობარი.
მე ხომ ღარიბი ვარ,
შავი,
ზანტი და ხეპრე.
არა ვარ შენი სწორი და დარი.
შენ არ მითხარი ეგრე? –
„არა ხარ ჩემი მეგობარი“.

1925

 

რუბი ბრაუნი

ის ახალგაზრდა იყო და ლამაზი
და ოქროვანი იმ მზის შუქივით, ტანს რომ უთბობდა.
და ვინაიდან გახლდათ შავი,
ის მეივილში ვერც თავის ადგილს იპოვიდა
და ვერცა საწვავს სიხარულის წმინდა ალისთვის,
სულის წიაღში რომ უღვიოდა.

და ერთხელაც,
როცა მოხუცი მის ლეთამის პარმაღზე იჯდა
და ვერცხლის ნივთებს აპრიალებდა,
მან საკუთარ თავს ორიოდე კითხვა დაუსვა,
დაახლოებით ასე რომ ჟღერდა:
რა უნდა ქნას შავმა გოგომ იმ ჯამაგირით,
რომელსაც თეთრი ქალის ოჯახში შრომისთვის იღებს?
და:
ამ ქალაქში არაფერია გულგასახარი?

ახლა მდინარისპირა ქუჩებმა
ბევრი რამ იციან ამ ლამაზმან რუბი ბრაუნზე,
დარაბებდახშულ ავბედით სახლებში
გამომწყვდეულ ზანგ გოგონაზე,
თავის შეკითხვებზე პასუხს რომ ეძებდა.
ეკლესიის ღვთისმოსავი მრევლი მის სახელს აღარ ახსენებს.

მაგრამ თეთრი კაცები,
დარაბებდახშული სახლების ხშირი სტუმრები,
ახლა იმაზე მეტ ფულს უხდიან, ვიდრე ოდესმე გადაუხდიათ,
მათ ოჯახებში როცა მუშაობდა.

1926

 

ასაკთან ერთად

ეს დიდი ხნის წინათ იყო.
თითქმის დამავიწყდა ჩემი ოცნება.
მაგრამ მაშინ იქ იყო, ჩემთან,
თვალწინ მედგა,
მზესავით კაშკაშა
– ჩემი ოცნება.

მერე ნელინელ,
ნელინელ
ჩემსა და ოცნებას შორის
კედელი წამოიმართა.
იზრდებოდა და იზრდებოდა,
ჩრდილავდა,
მალავდა
შუქს ჩემი ოცნების.
იზრდებოდა, ვიდრე ცას მიებჯინა, –
ეს კედელი.

ბნელა.
შავი ვარ.

ვწევარ წყვდიადში.
აღარ მინათებს ოცნების შუქი,
აღარ დამნათის თავზე.
ყრუ კედელია მხოლოდ,
წყვდიადია მხოლოდ.

ჩემო ხელებო!
ჩემო მრუმე ხელებო!
გაანგრიეთ ეს კედელი!
იპოვეთ ჩემი ოცნება!
გამაფანტინეთ ეს ბურუსი,
დამალეწინეთ ეს ღამე,
დაე, დაიმსხვრეს ეს უკუნეთი
ათასობით ათინათად,
დე, აფრიალდეს
მზიურ ოცნების კორიანტელად!

1926

 

გარეწარი

მე გარეწარი, გარეწარი ვარ,
რაკიღა ყველა მეუბნება ამას.
ჰო, გარეწარი, გარეწარი ვარ,
გარშემო ყველა მეუბნება ამას.
და სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან
თან ჩემი ღვარძლი და ლიქიორი დამაქვს.

ცემა-ტყეპაში მყავს ჩემი ცოლი,
საყვარელსაც არ ვინდობ.
ცემა-ტყეპაში მყავს ჩემი ცოლი,
და არც საყვარელს ვინდობ.
არ ვიცი, ამას რად ვშვრები, მარა
თავს კი კარგად ვგრძნობ იმ დროს.

გარეწარი ვარ, არ გავსწორდები,
და სულ ეს ვიქნები, რაცა ვარ.
გარეწარი ვარ, გარეწარი ვარ,
და სულ ეს ვიქნები, რაცა ვარ.
მე ჯოჯოხეთში უნდა წავიდე,
სამოთხეს, რომც მომკლან, არ წავალ.

1927

 

სახლის მონატრების ბლუზი

კიდია სევდიან სიმღერად
რკინიგზის ხიდი ჰაერში.
კიდია სევდიან სიმღერად
რკინიგზის ხიდი ჰაერში.
ელმავლის ყოველი ჩამოვლა
მავსებს დარდით და კაეშნით.

სადგურის ბაქანზე ჩავედი,
გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა,
სადგურის ბაქანზე ჩავედი,
გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა.
სამხრეთში რომელი წამიყვანს? –
წყებას ვუყურებ ვაგონთა.

საშინელი რამეა, ღმერთო,
როცა გენატრება სახლ-კარი.
საშინელი რამეა მართლაც
მონატრება შენი სახლ-კარის.
და ქვითინი რომ შევიკავო,
ხახადაფჩენილი ვხარხარებ.

1927

 

ბოშა

ჩემი საყვარელი ბოშაა,
შინ არასოდეს არი.
ჩემი საყვარელი ბოშაა,
სახლში არასდროს არი.
ყელში მაქვს უკვე მარტოობა, –
გავხდები ბოშა ქალი.

მემფისში ვიცხოვრე ერთხნობას,
ტენესის შტატში როა.
მემფისში დავყავი ერთხნობას,
ტენესის შტატში როა.
მაგრამ მაიძულა წამოსვლა
ბოროტი ხალხის ხროვამ.

ყვითელ კაცს გადავეყარე,
ფული, რაც მქონდა, დამცინცლა.
ყვითელ კაცს გადავეყარე,
ბოლო გროშებიც დამცინცლა.
მიყვარდა – მიტომ ვაძლევდი,
სხვა დროს – სხვას კაპიკს არ მივცემ.

ეჰ, სიყვარული, სიყვარული,
არის უცნაური სნება.
ეჰ, სიყვარული გახლავთ
მეტად უცნაური სნება.
ერთხელ თუ შეგეყარა,
არასოდეს დაგეხსნება.

 

მუშაკაცი

წერაქვითა და ნიჩაბით
მთელი დღე ვშრომობ, გვიან
ღამით ვბრუნდები სოროში,
რომელსაც სახლი ჰქვია.

ცოლს ვეძახი მაშინათვე,
კარს შევაღებ რაწამს,
ის კი შინ არ მხვდება ხოლმე –
დადის აცაბაცად.

არადა კარგად ვექცევი,
ზრუნვა არ აკლია.
მაგრამ რა ვქნა? – არ ვუნდივარ,
რადგანაც წაკლაა.

მე მუყაითი კაცი ვარ
ორმაგიც მაქვს ხარჯი –
რაკი მთელი ჩემი გარჯა
მიბრუნდება ტანჯვით!

1927

 

პარიზელი მათხოვარი

ერთ დროს იყავ ახალგაზრდა,
მოკრუნჩხულხარ თოშში ახლა.
და კაციშვილს არ ადარდებს,
ბებრუხანა რომ გამხდარხარ.

მშვენიერი ერთ დროს იყავ,
სახლადა გაქვს ახლა ქუჩა.
და სუყველამ დაივიწყა
სიტკბოება შენთა ტუჩთა.

რუ ფონტენზე მოწანწალევ,
ო, დამჭკნარო დედაკაცო!
გარდა სიკვდილისა, არვინ
დაგიკოცნის ღაწვებს აწი.

1927

 

 

სიბერე

მეტისმეტად ახალგაზრდები რომ ხართ,
ამიტომ არ გესმით.
მაგრამ ჩვენ ხნიერნი ვართ,
ვით ჯუნგლების ხეები, მარად რომ ყვაოდნენ,
ხნიერნი, როგორც დავიწყებული მდინარეები,
დედამიწის წიაღში რომ მიედინება.
და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით ის, რაც თქვენ არ უწყით:
სიცოცხლის სიხარული,
ნივთების უსარგებლობა.
თქვენ ჯერ ძალიან ახალგაზრდები ხართ საიმისოდ,
რომ ეს გაიგოთ.
აი, აშენებთ მორიგ ცათამბჯენს,
ვარსკვლავებამდე აზიდულს. ჩვენ კი
ხეებზე ზურგმიყრდნობილნი ვსხედვართ
და ვუმზერთ როგორ ემხობიან ცათამბჯენები
და ვარსკვლავები ივიწყებენ მათ სამუდამოდ.
სოლომონმა ააშენა ტაძარი,
მაგრამ ის დაინგრა.
მისი კვალიც კი არ დარჩენილა.
ჩვენ, ბებრებმა, ვიცით ზოგი რამ,
რაც თქვენ არ გესმით.

1927

 

ავადმყოფის ოთახი

რა სიწყნარეა
ავადმყოფის ოთახში,
სადაც ორ საყვარელს
– სიცოცხლესა და სიკვდილს ­– შორის
წევს უტყვი ქალი, –
და სამივეს ტკივილის ზეწარი ფარავს.

 

პორტიე

მუდამჟამ
უნდა გეუბნებოდეთ:
“დიახ, სერ”.
დიახ, სერ!
დიახ, სერ!
ჩემი დღე და მოსწრება
უნდა ვლაშქრო
ამ “დიახ, სერ!”-ების
ვეება მთები.
თეთრი ბებერი ბობოლა
ფლობს მთელს მსოფლიოს.
მოიტა, ფეხსაცმელს გაგიპრიალებ.
დიახ, სერ!

 

მეგონა, ტანჟერი იყო ის, რაც მე მინდოდა

ახლა უკვე ვიცი,
რომ ნოტრ დამი პარიზშია,
და სენაც ახლა იმაზე უფრო მეტს ნიშნავს ჩემთვის,
ვიდრე რუკაზე გავლებული გრეხილი ზოლი
ანდა მოგზაურობის ამბებში ნახსენები სახელწოდება.

ახლა უკვე ვიცი,
რომ ანტვერპენში ბროლის სასახლეა,
სადაც ასობით ქალი თავისი სხეულით ვაჭრობს,
მეზღვაურების ღამეული საყვარლები კი
გენუის პორტებში ელოდებიან თავიანთ კაცებს.

ახლა უკვე ვიცი,
რომ ვეებერთელა ოქროვანი მთვარე,
წიგნებში როა, ისეთი მთვარე,
მართლა ამოდის აფრიკის პალმის კორომთა წიაღ,
და სოფლების მოედნებზე, მანგოს ხეთა ჩეროში,
ტამტამებიც ნამდვილად სცემენ.

ახლა უკვე ვიცი,
რომ ვენეცია ეკლესიების გუმბათები
და არხების ქსელია,
ხოლო ტანჟერი – სითეთრე მზეში.

მეგონა, ტანჟერი იყო ის, რაც მე მინდოდა,
ანდა ნოტრ დამის გარგულიები,
ან ანტვერპენის ბროლის სასახლე,
ან ოქროვანი მთვარე პალმის კორომთა თავზე,
ან ტაძრის გუმბათები და არხების ქსელი.

ერთ ბებერ მასხარას უთქვამს ოდესღაც,
ბედნიერებას სხვაგან ვერსად ვერ იპოვიო,
გარდა საკუთარი თავისა.

უეჭველია,
ნოტრ დამი პარიზშია, –
მაგრამ მეგონა, ტანჟერი იყო ის, რაც მე მინდოდა.

1927

 

ფლორიდელი გზის მუშები

ჰეი, ძმაკაც!
შემომხედე!

მე გზა გამყავს,
რომ მანქანებმა იქროლონ მასზე,
მე გზა გამყავს
პალმების ტევრში,
რომ სინათლემ და პროგრესმა
განაგრძონ წინსვლა.

მე გზა გამყავს,
რომ დიდრონი მანქანებით
მდიდრებმა ჩამიფრინონ ხოლმე,
მე კი, აქ მდგარი, თვალს ვაყოლებდე.

ჰო, რა თქმა უნდა,
გზა ყველას არგია.
მდიდრები ივლიან,
მე – შევაშტერდები.
ჩემს დღეში არავინ მინახავს, მანქანა
ასე ჩინებულად რომ ეტარებინოს.

ჰეი, ძმაკაც, შეხე!
მე გზა გამყავს!

1930

 

დილა მშვიდობის, რევოლუციავ!

დილა მშვიდობის, რევოლუციავ!
შენზე უკეთესი მეგობარი
მე არ მყოლია.
დღეის ამას იქით განუყრელნი ვიქნებით.

მომისმინე, რევოლუციავ:
იცი, ჩემმა ყოფილმა უფროსმა,
აი, იმ კლიენტმა,
ხარჯების შესამცირებლად
სამსახურიდან რომ გამაგდო.
გაზეთებს გრძელი წერილი მისწერა შენზე:
აქაოდა, თურმე, შარის თავი ხარ,
გადამთიელი მტერი,
მოკლედ – ჩათლახის ერთი.
პოლიციაშიც დარეკა და უთხრა,
თვალი ეჭიროთ იმ ტიპზე,
რევოლუცია რომ ჰქვია.

ხო ხვდები,
უფროსმა გაიგო, რომ ჩვენ ვმეგობრობთ,
იგი ხედავს, რომ დროს ერთად ვატარებთ,
იცის, რომ გვშია, ძონძები გვმოსავს,
ჯიბეში ერთი გროშიც არ გვიჭყავის,
და რომ ვაპირებთ, რაღაცა შევცვალოთ.

უფროსს, რა თქმა უნდა, ყველაფერი აქვს,
დიდებულ კერძებს შეექცევა,
უამრავ სახლს ფლობს,
დამოგზაურობს,
არბევს გაფიცვებს,
ხელში უჭირავს პოლიტიკა,
ქრთამავს პოლიციას,
ყიდულობს კონგრესს
და მთელ ქვეყანაზე ცხვირაბზუებული დაიარება.

მაგრამ მე ––
მე არასოდეს მქონია სამყოფი ლუკმა,
არასდროს ვყოფილვარ ზამთარში თბილად,
არასდროს მიგრძვნია თავი დაცულად
და მთელი ჩემი დღე და მოსწრება
თვიდან თვემდე ძლივს გამაქვს თავი.

აბა, ჩემო რევოლუციავ,
ჩვენ ხომ ძმაკაცები ვართ,
და ერთად თუ დავდექით,
ყველაფერს დავეუფლებით:
ფაბრიკა-ქარხნებს, არსენალებს, გემებს და სახლებს,
რკინის გზებს, ტყეებს, ბაღებს, ყანებს და მინდორ-ველებს.
ავტობუსის ხაზებს, ტელეგრაფს, რადიოს,
(ო, რა ამბავს დავატრიალებთ რადიოთი!)
ფოლადსამსხმელოებს, ქვანახშირის შახტებს, ნავთობს და აირს,
წარმოების ყველა საშუალებას – ყველაფერს
(ო, რა დიდებული დღე გათენდება!),
და მშრომელ ხალხს გადავცემთ,
და ჩვენი, მშრომელი ხალხის, სასარგებლოდ ვამუშავებთ.

წარმოიდგინე! რადიო ––
იმ პირველ დილითვე რომ აუწყებს საბჭოთა კავშირს:
საერთაშორისო საბჭოებს ახალი წევრი შემოემატა
სალამი სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკებს
ჰეი, თქვენ, აჯანყებულო მუშებო ყველა ქვეყნისა,
მოგესალმებით
და ხელს მოაწერს: გერმანია
ხელს მოაწერს: ჩინეთი
ხელს მოაწერს: აფრიკა
ხელს მოაწერს: პოლონეთი
ხელს მოაწერს: იტალია
ხელს მოაწერს: ამერიკა
ხელს მოვაწერ ჩემი ერთადერთი სახელით: მუშა.
იმ დღეს, როდესაც მთელს მსოფლიოში
არავინ იქნება მშიერი, შემცივნული, დაჩაგრული.

ეს ამოცანა ჩვენ გვაკისრია!

მე მეტისმეტად დიდ ხანს ვშიმშილობდი,
ნუთუ შენ არა?!

შევუდგეთ საქმეს, რევოლუციავ!

1932

 

თეთრი კაცი

ვიცი, ვინცა ხარ!
შენ თეთრი კაცი ხარ.
მე კი – ზანგი.
საუკეთესო სამსახურებს შენ თრეულობ,
ჩვენ კი სანაგვე ყუთების დაცლა
და დარბაზების ლაგება გვრჩება.
შენ დიდებულად ატარებ დროს
მდიდრულ ვილაში პალმ ბიჩზე,
ჩვენ კი მიყრუებულ ქუჩებსა
და წვირიან ჯურღმულებში
გვაცხოვრებ ქირით.
შენ ტკბები რომით
და იპყრობ ეთიოპიას.
თეთრო კაცო! თეთრო კაცო!
ლუი არმსტრონგს აკვრევინებ,
მერე საავტორო უფლებას ადებ
და ამით ფულს შოულობ.
დიდი ოხერი ვიღაცა ხარ შენ, თეთრო კაცო!
ყველაფერი გაქვს!
მაგრამ ახლა მე უკვე ვიცი,
რომ შენი ნამდვილი სახელი თურმე
“თეთრი კაცი” არ ყოფილა.
და მე გავიგე, რომ ამის შესახებ
ორმოცდაათი წლის წინ
კარლ მარქსს დაუწერია რაღაცა –
რისი წაკითხვაც არ უყვართ მდიდრებს.
მართალია, თეთრო კაცო?
შენი სახელი, შემთხვევით,
“კომუნისტურ მანიფესტად” წოდებულ
წიგნში ხომ არ წერია?
ასე ხომ არ წარმოითქმის შენი სახელი ––
კ-ა-პ-ი-ტ-ა-ლ-ი-ს-ტ-ი?
ნუთუ ყოველთვის თეთრი ხარ?
ჰა?

1936

 

პარკის ძელსკამი

მე პარკის ძელსკამზე ვცხოვრობ,
პარკ ავენიუზე სახლობ შენ.
ამრეზით მიყურებ ხოლმე,
როდესაც ჩამივლი ახლოში.

მე ლუკმა პურის ფულს ვმათხოვრობ,
შენ – მოახლე გევლება თავზე.
მაგრამ მე ვიღვიძებ! მითხარი,
ის აზრი ხომ არა გცემს თავზარს,

რომ, იქნებდა, ერთ-ორ წელში,
– დავუშვათ, რა იცი რა ხდება, –
მეც გავიმართები წელში –
და მეზობლად დაგისახლდები?

 

მწუხრი

როდესაც მწუხრში დახეტიალობ,
ხანდახან
კვალი აგებნევა კიდეც,
ხანდახან – არა.

როდესაც მუშტებს
უბრაგუნებ კედელს,
ხანდახან ძვლებიც
დაგელეწება,
ხანდახან – არა.

ცნობილია, რომ კედლები
ინგრევა ხოლმე,
მწუხრის შემდეგ რიჟრაჟი დგება.
და ხუნდები იმსხვრევა!

1936

 

ბავშვები, რომლებიც კვდებიან

მე ვწერ იმ ბავშვებზე, რომლებიც კვდებიან,
თეთრკანიანებზე, შავკანიანებზე,
რადგან ბავშვები უსათუოდ მოკვდებიან.
ხოლო ბებრები და მდიდრები იცხოვრებენ კვლავინდებურად,
ისევ შესთქვლეფენ სისხლსა და ოქროს,
ბავშვებს კი სიკვდილის გზას გაუყენებენ.

ბავშვები მოკვდებიან მისისიპის ჭყანტობებში
გლეხების დარაზმვისას,
ბავშვები მოკვდებიან ჩიკაგოს ქუჩებში
მუშების დარაზმვისას,
ბავშვები მოკვდებიან კალიფორნიის ფორთოხლის ბაღებში,
ერთობისაკენ ხალხის მხმობელნი.
თეთრები და ფილიპინელები,
ზანგები და მექსიკელები,
ყველა მოდგმის ბავშვები მოკვდებიან,
ისინი, ვისაც ვერ მოატყუებენ,
ვერ მოქრთამავენ,
ვისაც არ ხიბლავს მაძღარი სიცოცხლე
და უბადრუკი მშვიდობა.

რა თქმა უნდა, ბრძენკაცები და განსწავლულნი,
სარედაქციო წერილებს რომ აშანშალებენ,
ვაჟბატონები დოქტორის ხარისხით,
თეთრკანიანებიც, შავკანიანებიც,
რომ ატარებენ გამოკვლევებს და თხზავენ წიგნებს,
კვლავ განაგრძობენ სიტყვების ხლართვას,
რათა ჩაახშონ ხმები ბავშვების, რომლებიც კვდებიან.
და გახრწნილი სასამართლოები,
და მოსყიდული პოლიციელები,
და პირსისხლიანი გენერლები,
და ვერცხლისმოყვარე მქადაგებლები
ხელს აღმართავენ ბავშვებზე, რომლებიც კვდებიან,
დააცხრებიან მათ კანონებით და კომბლებით, ხიშტებით და ტყვიებით,
რათა ხალხში დათესონ შიში,
რამეთუ ბავშვები, რომლებიც კვდებიან,
არიან რკინა ხალხის ძარღვებში მჩქეფარე სისხლში,
ბებრებს და მდიდრებს კი არ სურთ, რომ ხალხმა
გაიგოს ამ რკინის გემო,
შეიგნოს თავისი ძალა,
გაჰყვეს ენჯელო ჰერნდონს*
ან მით უმეტეს – გაერთიანდეს.

ყური დამიგდეთ, ბავშვებო, რომლებიც კვდებით,
დღეს შეიძლება, სხვაგან არსად არ გედგათ ძეგლი,
გარდა ჩვენი გულებისა,
დღეს შეიძლება, თქვენი ცხედრები იხრწნებოდნენ ჭყანტობებში,
ციხის საფლავებსა თუ მეთუნის მიწაში*,
მდინარეებში, სადაც ჩაგძირეს, როგორც ლიბკნეხტის* გვამი,
მაგრამ დადგება ჟამი, –
­და თქვენ უწყით, რომ ეს ჟამი მალე დარეკავს, –
როცა მასების მძლავრი მსვლელობა
თქვენთვის აღმართავს სიყვარულის და სიხარულის ცოცხალ მონუმენტს,
მაღლა აღაპყრობს გადაჭდობილ შავ და თეთრ ხელებს,
და ცას მიაწვდენს სიმღერას
ბავშვების სიკვდილით
გამარჯვებული ახალი სიცოცხლისა.

1938

*ენჯელო ჰერნდონი (1913-1997) ­­­– ამერიკის მუშათა მოძრაობისა და კომუნისტური პარტიის აქტივისტი. 1932 წელს, ჰერნდონმა, 19 წლის ასაკში, ატლანტაში მოაწყო მაღაროელების ინტერრასობრივი დემონსტრაცია, რომელიც მოითხოვდა კომპენსაციის გადახდას სამსახურიდან შემცირებით დათხოვნილთათვის. ჰერნდონის წინააღმდეგ დაიწყო პოლიციური დევნა, ის დააპატიმრეს და, აჯანყების მოწყობის მცდელობისა და კომუნისტური ლიტერატურის ფლობისთვის, 20 წლით კატორღული სამუშაოები მიუსაჯეს. საქმე საქვეყნოდ გახმაურდა და ჰერნდონი რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. 1935 წელს იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხოლო 1937 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა მისი ადვოკატების აპელაცია და ჯორჯიის შტატში მოქმედი კანონი „აჯანყების შესახებ“ არაკონსტიტუციურად ცნო, რადგან ის არღვევდა სიტყვის თავისუფლებისა და შეკრების უფლებას. 1940-იანი წლების ბოლოს ჰერნდონი ჩამოშორდა პოლიტიკას.

*მეთუნის მიწა (ინგ. potter’s field) – სახარების მიხედვით, იუდასთვის მიცემული 30 ვერცხლით მღვდელმთავრების მიერ უცხოელთა სასაფლაოდ ნაყიდი მიწა. ამერიკაში – სასაფლაო, სადაც მარხავენ დაუდგენელი წარმომოვლობის ხალხს, მაწანწალებს, კრიმინალებს.

*კარლ ლიბკნეხტი (1871-1919) – გერმანელი რევოლუციონერი, საერთაშორისო სოციალისტური და მუშათა მოძრაობების გამოჩენილი წევრი. გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ლიბკნეხტი მიეკუთვნებოდა მემარცხენე ფრთას, რომელიც მოგვიანებით „სპარტაკის კავშირად“ გაფორმდა, 1919 წლის დასაწყისში კი გერმანიის კომუნისტურ პარტიად ჩამოყალიბდა. 1919 წლის იანვარში სპარტაკისტებმა მოაწყვეს აჯანყება, რომელიც 1918 წლის ნოებრის რევოლუციის გაღრმავებას ისახავდა მიზნად, თუმცა სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ ჩაახშო ამბოხი, ხოლო მისი ლიდერები როზა ლუქსემბურგი და კარლ ლიბკნეხტი „ფრაიკორის“ (ულტრამემარჯვენე გასამხედროებული ჯგუფების) წევრებმა მოკლეს. ჰიუზი შეცდომას უშვებს – “მდინარეში” (ლანდვერ-კანალში) როზა ლუქსემბურგის გვამი ჩააგდეს, ხოლო ლიბკნეხტის ცხედარი, მას შემდეგ რაც ე. წ. ახალ ტბასთან, უკვე მძიმე მდგომარეობაში მყოფი (მანამდე მას კონდახით სცემეს), რამდენიმე გასროლით სიცოცხლეს გამოასალმეს, მორგში გადაიტანეს.

 

ბალადა ბინის მეპატრონეზე

პატივცემულო, პატივცემულო,
ჭერიდან მოჟონავს წვიმა.
ხომ მოგახსენეთ ამის შესახებ
ამ ერთი კვირის წინათ?

პატივცემულო, პატივცემულო,
საფეხურებიც ჩატყდა.
საღსალამათი რომ ამოხვედით,
სასწაულია ნაღდად.

ათი დოლარი მაქვს თქვენი ვალი?
ათი დოლარიო? ნუთუ?!
მოდი, ჯერ სახლი გაარემონტეთ
და გადაგიხდით უთუოდ.

რა? გამასახლებ? და გაზს ჩამიჭრი,
თუ არ ვიქნები ჭკვიანად?
მომისვრი ქუჩაში ბარგი-ბარხანით
და ჩემი ავეჯიანად?

ოჰ, რას ღრიალებ, თუ ჩემი ძმა ხარ.
ყვირილით მაშინებ?
ერთი სიფათში თუ ჩაგაფარე,
მოკეტავ მაშინვე.

პოლიცია! პოლიცია!
ჩქარა! ეს კაცი დასაჭერია!
დამხობას უპირებს ხელისუფლებას,
ქვეყნის მტერია!

ისმის სასტვენი!
სირენა კივის!
უგრეხენ ხელებს.

განყოფილება.
საკანი რკინის.
პრესაში წერენ.

მეიჯარეს თავს დაესხა მდგმური.
არავითარი გირაო – ბრძანა მოსამართლემ.
გაატარებს ციხეში მოძალადე სამ თვეს.

1940

 

მწუხრის ჰაერის ბლუზი

ხალხო, ჩრდილოეთს წავედი, რადგან
მითხრეს, ცხოვრებას აიწყობ იქო.
ჰო, ჩრდილოეთში წავედი, რადგან
მითხრეს, ცხოვრებას აიწყობ იქო.
ექვსი თვე არის, რაც აქა ვარ და
გავრეკო ლამის, აღარ მაქვს სიქა.

საუზმეზე დილის ჰაერს
შევექცევი დილით მე.
საუზმეზე დილის ჰაერს
გეახლებით დილით მე.
საღამოხანს ვახშამზე კი
მწუხრის ჰაერს მივირთმევ.

ჰოდა, რა ვქნა? – ვიცეკვებ,
რომ განვიქარვო დარდი.
მეტი რა ვქნა? – ვცეკვავ, რომ
განვიქარვო დარდი.
სხვანაირად ამდენ დარდს
როგორ გავუმკლავდე?

მარა ვინმეს რომ ეკითხა,
საიდან მოდის დარდიო,
აი, ვინმე თუ მკითხავდა,
საიდან ჩნდება დარდიო, –
შემხედეთ-მეთქი, ვეტყოდი, –
ეგ ხომ ისედაც ცხადია.

1941

 

პატარა ძველი ბარათი

დილადრიან ავდექი გუშინ,
შევხედო-მეთქი, რამეს თუ მწერენ.
ბარათი ვნახე საფოსტო ყუთში,
წავიკითხე და დავკარგე ფერი.

ძველი, პატარა იყო ბარათი,
არ იქნებოდა ერთი გვერდიც კი,
მააგრამ ისეთი რამე დამმართა,
გაჩენის დღეს და ბედს ვიწყევლიდი.

მეორე მხრითაც მოვატრიალე,
იქაც მიწერა ზოგჯერ იციან…
ეჰ! თავი ასე ოხერ-ტიალად,
რაც შავად გავჩნდი, მე არ მიგრძვნია.

არც დანა გინდა და არცა თოფი –
ფანქრით ქაღალდზე ნაწერ სიტყვებსაც
შეუძლია, რომ გიტიროს ყოფა
და გაგამგზავროს კაცი იმქვეყნად.

1943

 

კუ კლუქსი

გამთოკეს და წამიყვანეს
უკაცრიელ ალაგს.
მითხრეს, დიდი თეთრი რასის,
თქვიო, გწამს თუ არა?

თუ ვტყუოდე-მეთქი, მისტერ,
გამისკდეს მიწა მე,
ოღონდ სახლში გამიშვით და
ყველაფერს ვიწამებ.

თეთრი კაცი გაწიწმატდა:
„ბიჭო, რა თქვი? რაო?!
აქ დგახარ და კიდევ ბედავ,
აქეთ გვეღადაო?!“

თავში მაგრად ჩამაფარეს,
გავიშხლართე იქვე.
და მიწაზე დაგდებულიც
გამეტებით მწიხლეს.

„ზანგო, – მითხრა კლანის წევრმა, –
აბა, ახლა რას იზამ?
ჰა, გვითხარი, ისევ არ გწამს
დიდი თეთრი რასისა?„

 

ვინ, თუ არა მამაზეციერი?

გავიხედე და ის კაცი დავინახე,
კანონის რომ ეძახიან სახელს.
ჯიქურ მოდიოდა.
შიშისგან გამცრა…
სურათი თვალწინ დამიდგა მყისვე:
ცივი და მკვდარი ვაგდივარ ძირს მე,
ანდა სხვა სიტყვებით,
მოკლული განზრახ.

და აღმომხდა: მოწყალეო ღმერთო,
ამ კაცისგან დამიფარე, შეგთხოვ!
მიხსენ შენი მონა და ყმა!

მაგრამ არ ჩქარობდა ღმერთი.
აღმართა კანონმა კეტი,
გამიერთიანა თავ-ყბა.

და არ ძალმიძს მე იმისი გაგება,
ჩვენი ღმერთი რად არ გვექომაგება,
ცემით სულს როცა გვხდის პოლიციელი.
შავკანიანი გახლავართ რახან
და იარაღიც არა მაქვს გლახაკს,
ვინ დამიცავს,
თუ არა ზეციერი?

მაგასაც ვნახავთ…

1947

 

კუნძული

კაეშნის ტალღავ,
ნუ ჩამნთქავ ახლა,
წინ კუნძულს ვხედავ,
აგერ, სულ ახლოს.

წინ კუნძულს ვხედავ,
მის სალუქ ქვიშრობებს,
კაეშნის ტალღავ,
იქ გადამისროლე.

1950

0 Votes: 0 Upvotes, 0 Downvotes (0 Points)

Search
Loading

Signing-in 3 seconds...

Signing-up 3 seconds...