ხუან რულფო — ალმოდებული დაბლობი

ესპანურიდან თარგმნა ირაკლი მენთეშაშვილმა

ხუან რულფომ ორი დიადი ნაშრომის – მოთხრობების კრებულისა და რომანის, „პედრო პარამოს“ – გამოქვეყნების შემდეგ, 38 წლის ასაკში, კალამი საბოლოოდ დადო და არაფერი დაუწერია. ეს ორად ორი წიგნი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მწერალი მსოფლიო ლიტერატურის ბუმბერაზად და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად აღიარებულიყო.

რულფოს „პედრო პარამო“ ყველა დროის, ქვეყნის, კულტურისა თუ ენობრივი სივრცის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებადაა მიჩნეული. „პედრო პარამოს“ გარდა, ხუან რულფოს გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული სახელწოდებით „ალმოდებული დაბლობი“. წინამდებარე მოთხრობა ამ კრებულის ერთ-ერთი ძირეული ტექსტია.

ისტორიული ეპოქა, რომელსაც ხუან რულფოს შემოქმედება ეხება, მექსიკის რევოლუციის პერიოდსა და მომდევნო,რეაქციონისტული ძალების დიქტატურის წლებს მოიცავს. მოთხრობის გმირები სწორედ ამ რეაქციული, შავბნელი ძალების პირმშოები არიან: უკონტროლოდ დარჩენილი მეომრების დაჯგუფება, რომელიც მოგვიანებით ყაჩაღობას მიჰყოფს ხელს. ისტორიას მექსიკელი აბრაგი მოგვითხრობს. აჯანყებულთა (უფრო ზუსტად კი ყაჩაღთა) რაზმის მეთაური, პედრო სამორა, რეალური ისტორიული პიროვნებაა.

როგორც ავტორის ბიოგრაფიიდან ჩანს, სწორედ სასტიკი და დაუმორჩილებელი პედრო სამორას თარეშს გაექცა მშობლიური ხალისკოდან რულფოს ოჯახი. ამის შემდეგ მათი ბედისწერა აირია – მწერალმა ადრეულ ასაკში ჯერ მამა, შემდეგ კი დედა დაკარგა.

კულტურულად და გეოგრაფიულად ჩვენგან დაშორებული მექსიკა, ლიტერატურისა და ხელოვნების განმაახლებელი ძალის წყალობით, ისტორიული მეხსიერების გაცოცხლების შემდეგ შესაძლოა ძალიან ახლობელი და ნაცნობი აღმოჩნდეს. შეიძლება ეს სათანადოდ გააზრებული არ გვაქვს, მაგრამ ისტორიული, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური პარალელები საქართველოსა და მექსიკას შორის საკმაოდ მკაფიო და მრავალფეროვანია. დარწუნებული ვარ, ეს მწარე, მაგრამ სასარგებლო ნაყოფი კიდევ უფრო გაამდიდრებს ქართველ მკითხველს და რთული რეალობის უკეთ აღქმაში დაეხმარება – მით უფრო დღეს, როდესაც რეაქციონისტული ძალები მთელ მსოფლიოში გააქტიურებული არიან.


 

ქოფაკი კი მოკლეს, მაგრამ ლეკვები გადარჩნენო…

მექსიკური ანდაზა

 

“პეტრონილო ფლორესს გაუმარჯოს! “ – შეძახილი ხევის კლდოვან დერეფანს გაჰყვა და ზევით მოაღწია, იქ, სადაც ჩვენ ვიყავით ჩასაფრებულები, შემდეგ ჩაიკარგა.

ქარს უთავბოლო, ყრუ ხმაური მოჰქონდა, ადიდებული მდინარე რომ მიეხეთქება ხოლმე, ისეთი. მორიგი შეძახილი უფრო მძლავრად მოგვესმა:

„გენერალ პეტრონილო ფლორესს გაუმარჯოს!’’

ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ.

ძუკნა ნელ-ნელა წამოდგა, სავაზნიდან მასრები ამოიღო და პერანგის ჯიბეში შეინახა. ოთხ ძმას ფრთხილად მიუახლოვდა და უთხრა: „ბიჭებო, გამომყევით, აბა, ვნახოთ ერთი, რა ამბავია?!“ ოთხი ძმა ბენავიდე ჩაცუცქულები უკან გაჰყვნენ. ძუკნა წელში გამართული წავიდა; თხელი მხარ-ბეჭით ჯებირს ზემოთ ამოწეული, სივრცეს გადაჰყურებდა.

ჩვენ იქვე დავრჩით გაუნძრევლად: მწკრივში, ზურგზე დაწოლილები,მზადყოფნაში; მზეზე გაფიცხულ ხვლიკებს ვგავდით.

ფერდობზე ამოსასვლელი გზა გველივით იყო დაკლაკნილი. ისინიც, ძუკნა და ოთხი ძმა ბენავიდე, გველებივით მიიკლაკნებოდნენ, თითქოს ფეხები ერთმანეთზე ჰქონოდათ მიწებებული. თვალთახედვიდან ნელ-ნელა გაუჩინარდნენ. ჩვენ თავები შევატრიალეთ და ისევ სიმწვანეს მივაშტერდით: ხშირი, დატოტვილი ლიანების დიდრონი ფოთლებით ჩრდილს გვაძლევდნენ. ამის სურნელი იდგა, მზით მცხუნვარე ჩრდილის, დამპალი, შმორიანი ლიანების.

შუადღის ძილი მოგვერია, მაგრამ ჩაძინების საშუალებას ხევიდან ამომავალი ხმაური არ გვაძლევდა. ძალიან გვინდოდა გაგვეგო რა ხდებოდა, მაგრამ მარტო ყრუ ხმაური აღწევდა ჩვენამდე: გამძვინვარებული ქარბორბალასავით, თითქოს სადღაც შორს, ხევის გადაღმა ქვა-ღორღიან გზაზე ეტლებს მოახრიგინებდნენ.

უცებ სროლის ხმა გაისმა. კლდოვან ხევში ქუხილის ექო ათასჯერ აირეკლა, გეგონება სამყარო ჩამონგრეულიყო. ყველაფერმა გაიღვიძა: ჩიტები აიშალნენ და ახმაურდნენ, შუადღის ჯანღისგან დაძინებულმა ჭრიჭინებმაც გაიღვიძეს და ჭრიჭინით გააყრუეს იქაურობა.

– რა ხდება? – იკითხა ჯერ კიდევ ძილ-ბურანში გახვეულმა პედრო სამორამ.

ჩიუილა წამოდგა და იმავე ბილიკს დაადგა, რომელსაც წეღან დაადგნენ სხვები; შაშხანას შეშასავით მიათრევდა.

– ვნახავ აბა ერთი, რა ხდება – თქვა წასვლისას და ისიც მალევე დაიკარგა თვალთახედვიდან.

ჭრიჭინებმა ისე გააყრუეს იქაურობა. რომ ვერც კი გავიგეთ, როგორ მოგვიახლოვდნენ. მაშინ გამოჩნდნენ როდესაც ყველაზე ნაკლებად ველოდით, პირდაპირ ჩვენს წინ, სრულიად მოუმზადებლები. თითქოს გავლით, სხვა სადარდებელზე ფიქრით მიაბიჯებდნენ, არა იმაზე, რაც ახლა წინ მოელოდათ.

შევტრიალდით და სათოფეებიდან დავიწყეთ თვალთვალი. ჯერ პირველმა ნაკადმა გაიარა, შემდეგ მეორემ, სხვებიც მიჰყვნენ, წელში მოხრილები, უძილობით დატანჯულები. სახე ოფლისგან უელვარებდათ, გეგონებოდა ნაკადულზე წყალი შეისხესო.

მსვლელობა არ ჩერდებოდა.

ნიშანი მივიღეთ – გრძელი გაბმული სტვენა და იქით, შორს, საითკენაც ძუკნა იყო წასული გასროლის ხმა გაისმა. ჩვენც ცეცხლი გავხსენით. ადვილი იყო. მათი სასიკვდილოდ გამზადებული სხეულებით სავსე გზა სათოფიდან მიზანში გვქონდა ამოღებული. ვხოცავდით უმოწყალოდ; ვერც კი ხვდებოდნენ რა ხდებოდა.

მალე გონს მოეგნენ, სეირი დიდ ხანს არ გაგრძელებულა – პირველი და მეორე მჭიდის გამოცლამდე; შუა გზაზე დაყრილი, მოკაკვული, მოკრუნჩხული, დახოცილი ცხედრები სამალავიდან ისე ჩანდა, თითქოს მაღლა, ციდან ვინმეს გადმოეყარათ. ცოცხლები გაუჩინარდნენ. შემდეგ უცებ გამოჩნდნენ და კვლვ გაქრნენ, გზაზე აღარავინ ჩანდა.

მორიგი მჭიდის გამოცლას ველოდით.

„პედრო სამორას გაუმარჯოს!“- დაიყვირა ერთ-ერთმა ჩვენიანმა – მოთმინება არ გამოიჩინა. მოპირდაპირე მხრიდან მინავლებული ხმა გაისმა: „მიშველე, უფალო! შემიწყალე! ატოჩას მფარველო ანგელოზო. მიშველე!“.

შოშიების გუნდმა გადაიფრინა ჩვენს თავზე; მთისკენ მიემართებოდნენ.

მესამე მჭიდი უკვე ჩვენ დაგვაცალეს, ზურგს უკნიდან. ისინი იყვნენ; წამოვხტით და მოვკურცხლეთ დახოცილებისკენ. ცხედრებს გადავურბინეთ და ეკალ-ბარდებში თავქუდმოგლეჯილი გავიქეცით; ტყვიების სიმხურვალეს ვგრძნობდით კოჭებში, გეგონებოდა, გავარვარებულ მიწაზე კალიების ბუდეებს ვაბიჯებდით. გზადაგზა ძვლების მსხვრევისა და სხეულის მძიმედ ვარდნის ხმები ისმოდა, როცა ტყვია რომელიმე ჩვენგანის სხეულს დაეწეოდა ხოლმე. ბევრი ვირბინეთ, ხევის პირს მივადექით და კიდეს გადმოვეკიდეთ, ვითომდა ხრამში ვიყავით გადაცვენილები.

სროლა გრძელდებოდა. სროლა გრძელდებოდა მას მერეც, რაც ხევის გადაღმა ხოხვით გავაღწიეთ, ნაკვერჩხალს გაქცეული თახვებივით.

„გენერალ პეტრონილო ფლორესს გაუმარჯოს თქვე ბოზიშვილებო…!“ გაჰყვიროდნენ ხმამაღლა. შეძახილის ხმა ხევს თავდაღმა, მეხივით მოჰყვებოდა.

ნაშალი კლდის დიდი ლოდების უკან ჩავიმალეთ, ამდენი სირბილისაგან ქოშინი გვქონდა ატეხილი. ყველანი პედრო სამორას მივშტერებოდით, უსიტყვოდ, თვალებით ვეკითხებოდით თუ რა დაგვტყდომოდა თავს. უსიტყვოდ გვიცქერდა ისიც. თითქოს ყველას სათქმელი გაგვთავებოდა და ენა ტყვიასავით დაგვმძიმებოდა; თუთიყუშებივით ვიდექით, პირის გახსნა გვიჭირდა და ლაპარაკის დაწყება.

პედრო სამორა გვიცქერდა და გვთვლიდა; იმ თავისი, მუდამ უძილო, ჩაწითლებული თვალებით. გვთვლიდა სათითაოდ. კი იცოდა რამდენი ვიყავით, მაგრამ ეტყობა ჯერ არ იყო ბოლომდე დარწმუნებული და ამიტომაც გვთვლიდა და გვთვლიდა თავიდან.

ხალხი გვაკლდა: ათი-თორმეტი კაცი, თუ არ ჩავთვლით ძუკნას და ჩიულას, მათთან ერთად წასულებს. ჩიულა უეჭველად სადმე ეკალბარდებში იყო ჩამალული, წამოწოლილი თავის შაშხანასთან ერთად, ფედერალების წასვლის მოლოდინში გატრუნული.

პირველებმა ძუკნას შვილებმა, ხოსესეებმა აწიეს თავი, შემდეგ წამოდგნენ და ბოლთის ცემა დაიწყეს, პედრო სამორას სიტყვას ელოდნენ, მანაც არ დააყოვნა:

– „ კიდევ ერთი ასეთი და ბოლოს მოგვიღებენ.“

ყელში გაჩხერილი ნერწყვი გადაყლაპა და შემდეგ გეგონება გამბედაობა შემატებოდა ხოსესეებს დაუღრიალა:

– „ ჰო, ჰო! ვხედავ რომ მამათქვენი არაა, დაიცადეთ კაცო, გაუძელით ცოტას! წავალთ მის მოსაძებნად აბა რას ვიზამთ!“

გასროლის ხმამ შორიდან წინტალების გუნდი აშალა. ფრინველები ხევში ჩამოცვივდნენ და ჩვენთან ახლოს დაფრთხიალებდნენ; უცებ დაგვინახეს და შეშინდნენ, გეზი იცვალეს, მზის მცხუნვარე სხივები გადაჭრეს და ჩხავილით გაავსეს კლდოვანი ტევრები ხევის მოპირდაპირე მხარეს.

ხოსესეები დამშვიდდნენ და გატრუნულები დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილს.

ასე ვიყავით გვიანობამდე. საღამოსკენ ჩიულა გამოჩნდა. ოთხიდან მხოლოდ ერთი ძმა ახლდა. თქვეს რომ ქვევიდან, სიპი ქვიდან მოდიოდნენ, მაგრამ არ იცოდნენ ფედერალები წასულიყვნენ თუ არა. ყველაფერი თითქოს დაწყნარებულიყო. ტურების ყივილი თუ გაისმოდა ხანდახან.

– შენ, ხუნდა – მომიტრიალდა პედრო სამორა – მომისმინე, ბრძანებას გაძლევ, ხოსესეებთან ერთად სიპ ქვაზე წადი და ძუკნა მოძებნე. თუ მკვდარი იყოს, დამარხე. სხვებსაც იგივე უქენი თუ ნახე. თუ დაჭრილი იყოს, სადმე ისეთ ადგილას დატოვე სვავებმა ნახონ, მაგრამ უკან არ წამოიყვანო.

– „კარგი, ეგრე ვიზამ.“- ვთქვი და წავედით.

ფარეხს მივუახლოვდით, იქ, სადაც ცხენები გვყავდა დატოვებული. ტურების ხმა სულ უფრო და უფრო ახლოდან გვესმოდა. ცხენები აღარ იყვნენ, მარტო ერთი გაძვალტყავებული ვირი იყო დარჩენილი, რომელიც ჩვენ მისვლამდეც იქ იყო. ცხენები უეჭველად ფედერალებმა წაიყვანეს.

იქვე, ქარქვეტების უკან ვიპოვეთ ოთხის ძმის ნეშტი, ერთმანეთზე დაწყობილი აზვავებული სამი ცხედარი. თავი ავუწიეთ და შევანჯღრიეთ, სიცოცხლის ნიშანწყალი თუ შერჩენოდათ, მაგრამ არა, მკვდრები იყვნენ. ერთი სარწყულებელში ეგდო ნაწლავებგადმოყრილი. მაჩეტეთი ჰქონდა გაფატრული მუცელი. შემოვიარეთ გარშემო და ზოგი სად იყო მიგდებული და ზოგი სად, თითქმის ყველას ჩაშავებული ჰქონდა სახე.

– დაჭრილები იყვნენ და ბოლო მერე მოუღეს – თქვა ერთ-ერთმა ხოსესემ.

ძუკნას ძებნა დავიწყეთ; სხვა აღარაფერი გვაინტერესებდა, მარტო წყეული ძუკნას პოვნა გვინდოდა.

მაგრამ არსად იყო.

„ალბათ წაიყვანეს – ვთქვით – წაიყვანეს, რომ ხალხს დაანახონ“; მაგრამ მაინც გავაგრძელეთ ძებნა თივის გროვებში და საერთოდ ყველგან.

ტურები ყმუოდნენდა ყმუოდნენ, მთელი ღამე არ გაჩერებულან.

რამდენიმე დღის შემდეგ, არმერიაში მდინარეს რომ ვკვეთდით ისევ გადავეყარეთ პეტრონილო ფლორესს და მის ხალხს. უკან კი დავიხიეთ, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ამჯერად იმათ ამოგვჟუჟეს. პედრო სამორა წინ გაიჭრა თავისი შავი ბედაურით – ასეთი ცხენი მე არ მინახავს, -მას მივყვებოდით გუნდად შეკრულები, ჩამალულები ცხენების უკან. სასაკლაო მოგვიწყვეს. მე მდინარეში გადავვარდი ცხენთან ერთად და გონება დავკარგე. შორს წაგვიღო წყალმა. კინაღამ დავიხრჩე, წყალმა სადღაც, ლამით სავსე გუბესთან გამომრიყა ჩემ მკვდარ ცხენთან ერთად.

ეს პეტრონილო ფლორესის ძალებთან ჩვენი ბოლო შეტაკება იყო. მეტი ბრძოლა აღარ გაგვიმართავს. რაღა ბრძოლა? სულ მალვაში ვიყავით, გაქცევაში; ცოცხლები ვინც გადავრჩით მთას შევაფარეთ თავი. დავიფანტეთ და ჩვენი შიში უკვე აღარავის ჰქონდა. აღარავინ დარბოდა ყვირილით: „სამორას ხალხი მოდის, დაიმალეთ სამორას ხალხიო!“.

დაბლობში მშვიდობა დადგა.

მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნით.

მალვაში რვა თვე გავატარეთ; არმერიას იმ მონაკვეთთან, სადაც მდინარე ვიწროვდება, ტოცინის კანიონის სანაპიროზე გაშლამდე. ვუცდიდით დროს რომ დავბრუნებოდით, მაშინ როდესაც უკვე აღარ ვემახსოვრებოდით არავის. ქათმები გავამრავლეთ, ხანდახან ტრამალებში ავდიოდით ირმებზე სანადიროდ. ხუთნი ვიყავით, ლამის ოთხი, ხოსესეების ერთ ძმას დუნდულს ქვემოთ, ფეხზე, განგრენა გასჩენოდა ნატყვიარის გამო, მაშინ, ზურგიდან რომ დაგვეცნენ თავს.

ვიყავით ასე, უკვე ვფიქრობდით რომ აღარავის ვჭირდებოდით; სახრჩობელას შიში რომ არ გვქონოდა, ალბათ იარაღს ჩავაბარებდით და მშვიდობიან ცხოვრებას დავუბრუნდებოდით.

ჰოდა, მაშინ გამოჩნდა ეს ვიღაც არმანსიო ალკალა, პედრო სამორას შიკრიკი და მისი დავალებების შემსრულებელი.

დილაადრიანად ხორცს ვჭრიდით, საქონელი გვყავდა დაკლული და საყვირის ხმა მოგვესმა. ხმა შორიდან მოდიოდა, ალბათ ხევის ბოლოდან. შემდეგ ისევ განმეორდა. ხარის ღმუილს ჰგავდა: ჯერ მძაფრი და შედარებით დაბალი, შემდეგ ბოხი და მერე ისევ წვრილი. ექო ხევში ფართოდ იშლებოდა და ჩვენამდე აღწევდა, შემდეგ მდინარის დინების ხმაურში იკარგებოდა.

მზე ახალი ამოსული იყო, ცხენზე ამხედრებული მხედარი დაჭაობებულ ტირიფებში რომ გამოჩნდა. ალკალა იყო. ორი პატარა ურიკა მოჰქონდა ‘44’-იანი მასრებით, თოფები ცხენზე საგზალივით ჰქონდა გადაკიდებული.

ცხენიდან ჩამოვიდა. თოფები დაგვირიგა; დარჩენილები ისევ შეკრა და ცხენს აჰკიდა. ეჩქარებოდა.

– რამე აუცილებელი საქმე თუ არ გაქვთ სან-ბუენავენტურაში წასასვლელად მოემზადეთ, დღეს ან ხვალ. პედრო სამორა გელოდებათ. ამასობაში მე ქვევით ჩავალ და ძანეტეს ხალხს მოვძებნი. დავბრუნდები მალე.

მეორე დღეს, საღამოხანს დაბრუდა. ძანეტეს ხალხთან ერთად. გარუჯული სახეები საღამოს მკრთალ შუქში ძლივს უჩანდათ: სამნი იყვნენ, არცერთს არ ვიცნობდით.

“ცხენებს გზაში ვიშოვით” – თქვა და წავედით.

სან-ბუენავენტურას მისადგომებთან მივხვდით რაც ხდებოდა – რანჩოები იყო გადამწვარი. მარცვლეულით სავსე ფარდულებიდან ისეთი მაღალი ალი ამოდიოდა გეგონებოდა ცეცხლი სკიპიდარით სავსე კასრებს ჰქონოდათ წაკიდებული. ჩაბნელებულ ცაზე აელვარებული ნაპერწკლების ქარბორბალები ცეცხლოვან სვეტებს ქმნდიდნენ.

გზას ცეცხლში ალში გახვეული სან-ბუენავენტურა გვიკვალავდა. ჩვენც ერთი სული გვქონდა მივსულიყავით და ბოლო მოგვეღო იმისათვის რასაც მიუსწრებდით, რაღაცა გვეძახდა, გვიხმობდა თითქოს.

ცხენოსნები შეგხვდნენ ქალაქის მისადგომებთან. უნაგირზე ჰყავდათ გამობმული ხალხი და მიწაზე ახოხიალებდნენ, ზოგს ფორთხვით, ზოგი, ჯერ ცოცხალი, ხელებით ცდილობდა ყირამალა თავის დაჭერას, ზოგს უკვე ხელებჩამოყრილს და კისერმოწყვეტილს მიათრევდნენ.

ჩვენ ვიდექით და ვუყურებდით. ჩვენ წინ ჩაიარეს და უკან პედრო სამორა მოჰყვებოდა ცხენზე ამხედრებული დიდძალი ხალხით. ამდენი ხალხი არასდროს მყავდა ნანახი გაგვიხარდა.

დიდ დაბლობს მოთარეშე მხედრების დაბრუნება გულს უხაროდა, როგორც ძველ დროს, სულ თავიდან, როდესაც სახლებიდან წამოვიშალეთ ქარისგან ატაცებული ხმელი ქარქვეტასავით, რათა დაბლობში შიში დაგვეთესა. დრო იყო, ასე ხდებოდა და ისევ ის დრო ბრუნდებოდა.

სან-ბუენავენტურადან სან-პედროში გავემართეთ. ცეცხლი წავუკიდეთ იქაურობას და შემდეგ პეტაკალისკენ ავიღეთ გეზი. სიმინდის მწიფობის დრო იყო, ამ დროს დიდ დაბლობში ქარები იცოდა ხოლმე, სიმინდებს თავი ჰქონდათ უკვე წატეხილი. მოკლედ, ძალიან ლამაზი სანახაობა იყო ცეცხლის ალში გახვეული ყანების ცქერა; თითქმის მთელი ვაკე ნაკვერჩხლად იქცა იმ უზარმაზარ ხანძარში; ალი ცას წვდებოდა, ნაკვერჩხალი შამბნარამდე იყო მისული, ბოლს ლერწმისა და თაფლის ტკბილი სუნი დიოდა.

ჩვენ ჩაშავებული, გამურული სახეებით, ავი სულებივით გამოვვარდებოდით ხოლმე ცეცხლისა და კვამლის გულიდან. საქონელს მივერეკებოდით აქეთ-იქიდან ერთი მიმართულებით, რომ სადმე მათთვის თავი მოგვეყარა და ერთად გაგვეტყავებინა. ჩვენი შემოსავლის წყარო ეხლა ეგ იყო: საქონლის ტყავი.

პედრო სამორა გაიძახოდა: „ამ რევოლუციას ჩვენ მდიდრების ხარჯზე მოვიგებთ. ისინი გაიღებენ ტყვია-წამლის ფულს და ყველა ხარჯს. ჯერ დროშა არაა რომლის ქვეშაც ვიბრძოლებთ, მაგრამ ფული მაინც უნდა იყოს, ფედერალები რომ მოგვაკითხავენ, ჩვენი ძალა უნდა დავანახოთო!“- ასე ამბობდა.

და ასეც მოხდა, ფედერალური ჯარები მართლაც მოვიდნენ და ჩვენი ხოცვა-ჟლეტა ისევ დაიწყეს. თუმცა ისე იოლად არა, როგორც ადრე. ჩანდა, რომ ჩვენი შიში და რიდი ჰქონდათ.

თუმცა მათი შიში ჩვენც გვქონდა. სული მიგვდიოდა მათი აღჭურვილობის რახარუხის გაგონებისას ან მათი ცხენების ფლოქვის ხმაზე ქვიან გზებზე, სადაც ჩასაფრებები გვქონდა მოწყობილი და ველოდებოდით.

სახეზე გვეწერა ყველას რომ შიში გვქონდა, ისეთ დღეში ვიყავით, გვერდით რომ ჩაივლიდნენ ხოლმე გვეგონა ცალი თვალით გვხედავდნენ და ამბობდნენ: „ვიცით სადაც ხართ, ვიყნოსეთ თქვენი სამალავი, მორჩა თქვენი ამბავიო.“

როგორც ჩანს ასეც იყო, ცხენებს ეკედლებოდნენ და სროლას იწყებდნენ, მათ უკან იმალებოდნენ იქამდე სანამ დასახმარებლად სხვები არ მოვიდოდნენ. მათი დამხმარე ძალები კი, როგორც მელას საქათმეში ისე გამოგვიჭერდნენ ხოლმე, ალყაში გვაქცევდნენ. მივხვდით, რომ ასე დიდ ხანს ვერ გავძლებდით, თუმცა კი ბევრნი ვიყავით.

ეს ის ხალხი აღარ იყო გენერალ ურბანოს რომ ახლდნენ, მარტო ყვირილითა და ჰაერში გასროლილი სომბრეროების დანახვით შიშით რომ ძრწოდნენ; რანჩოებიდან ძალით გამოთრეული საწყალი ხალხი, მარტო მაშინ რომ იწევდნენ ჩვენზე, როდესაც ცოტანი ვიყავით. ეგენი აღარ იყვნენ. ახლა სხვები გამოჩნდნენ- ეს საშიში ხალხი იყო. ვინმე ოლაჩეა, ამტან, გამძლე და გულად ხალხთან, ტეოკალტიჩედან წამოყვანილ მთიელ ტეპეჰუანეს ინდიელებთან ერთად: უჭმელობას შეჩვეული, გრძელთმიანი მეომრები, საათობით თვალთვალი რომ შეეძლოთ თვალის დაუხამხამებლად, იმის მოლოდინში, რომ ვინმეს თავი წამოეწია და 30-იანი გრძელი მასრა დაეჭედებინა შიგ შუბლში, ძვლებს რომ გამხმარი ტოტებივით ამსხვრევდა.

რა თქმა უნდა დაუცველ რანჩოებზე დაცემა უფრო ადვილი საქმე იყო ვიდრე სამთავრობო ჯარებისთვის ჩასაფრებების მოწყობდა და შემდეგ დაშინებული ტყე-ტყე ბოდიალი. ამიტომაც დავიფანტეთ, თუმცა მუჭა-მუჭა ხალხს უფრო დიდი ზიანი მოგვქონდა; პატარ-პატარა ჯგუფებით ვმოქმედებდით და მტერს აქა-იქ მოულოდნელად ვესხმოდით ხოლმე. სულ გადარბენაზე ვიყავით; დავკრავდით ფეხს და ჯორებივით დავხტოდით აქეთ-იქით.

სანამ ვულკანურ ფერდობზე ხასმინის მდიდარ რანჩოებს ცეცხლს უკიდებდნენ, სხვები ცეცხლწაკიდებულ დიდრონ ტოტებს ვათრევდით ტყიდან და სამხედრო ბანაკებს ვეცემოდით ჟივილ-ხივილით; ხმაურში, მტვერსა და ბუღში ხალხს თავს ვაჩვენებდით, ვითომდა ბევრი ვიყავით.

ჯარისკაცები თავიდან კი დაგვდევდნენ ზევით-ქვევით ძაფზე აცმული კოჭებივით, თითქოს ვინმე ექაჩებოდათ ერთი ბოლოდან მეორისაკენ, მაგრამ მერე ერთ ადგილზე გაჩერება და დაცდა ამჯობინეს. უზარმაზარი ცეცხლის კერები მოჩანდა მთელ დაბლობში, თითქოს და მთლიან ტევრებს ჰქონოდათ წაკიდებული ცეცხლი. ვიდექით და შორიდან ვუცქერდით ხან ცეცხლმოდებულ რანჩოებს, ხან ჯარისკაცების გარნიზონებს, ხანაც დიდ სოფლებს, ტუცამილმას თუ ცაპოტიტლანს, ღამეს რომ თეთრად ანათებდნენ ხოლმე. ოლაჩეას ხალხი გამოემართებოდა სწრაფი ნაბიჯით, მაგრამ ადგილზე როდესაც მივიდოდნენ, უკვე ტოტოლიმიპსმა იწვოდა, ბევრად შორს, სულ სხვა მხარეს და ასე…

ვტკბებოდით სეირით. უცებ ტეპემესკიტოს ეკალბარდებიდან გამოვვარდებოდით და თავს დავესხმებოდით როდესაც ჯარისკაცები უკვე ჟინწამხდარები მიდიოდნენ უკან გზაზე. მათი ცქერა მტრის გარეშე დარჩენილ ცარიელ დაბლობში, მთებს შორის მოქცეულ უზარმაზარ, ღრმა და უძირო წყალს რომ ჰგავდა, სიამოვნებას გვგვრიდა.

კუასტეკომეტე დავწვით და იქ ხარების ბრძოლა მოვაწყეთ. პედრო სამორას სიგიჟემდე უყვარდა ეს თამაში.

ფედერალებმა აუტლანისკენ აიღეს გეზი, რომელიღაც ადგილის საძებნელად, რომელსაც ლა პურუფიკაციონს ეძახდნენ. მათი თქმით, იქ იყო ბანდიტების ბუდე საიდანაც ჩვენ ვიყავით გამოსულები. ისინი წავიდნენ და კუასტეკომატეში ჩვენ გადავინაცვლეთ.

ხარების ბრძოლის გამართვის საშუალება მოგვეცა. რვა ჯარისკაცი დაეტოვებინათ გარნიზონში, კაპრალის და რწმუნებულის გარდა. ორი დღის განმავლობაში ვერთობოდით.

რაღაც ფარეხი წრიულად შემოვღობეთ, თხების სადგომივით. ძელებთან ჩვენ დავდექით ტორერო რომ არ გაქცეულიყო. გიჟებივით გარბოდნენ პედრო სამორას დანახვაზე, ბებუთით ხელში მათ დევნას რომ იწყებდა სარქენად… თუ ბიჭი ხარ დაუდექი!

რვა ჯარისკაცი მარტო პირველ დღეს გვეყო. დანარჩენები პედრომ მეორე დღისთვის მოიტოვა. ყველაზე მეტად იმ აწოწილმა, გაჩხიკულმა კაპრალმა გვაწვალა. თხელი სხეულის მოძრაობით ადვილად უსხლტებოდა ჯალათს. გადასახადების ამკრეფმა მალევე გალია სული. მოხუცი იყო და დასუსტებული. წინააღმდეგობაც არ გაუწევია. გარდაიცვალა ჩუმად, გაუნძრევლად; გამოვიდა და ერთ ადგილას დადგა, თითქოს ელოდა სიკვდილს. მაგრამ კაპრალმა გვაწვალა, გვარბენინა.

პედრო სამორა ნაბდებს აძლევდა ყველას. ამიტომაც გაგვაწამა კაპრალმა, ბებუთის მოგერიებას ახერხებდა ამ სქელი ნაჭრით; პედრო სამორა პირუტყვივით უტევდა, უხეში მოძრაობებით, ეს კი ნაჭერს იქნევდა და დარბოდა. პედრო სამორა მალე დაიღალა ბევრი სირბილით, ერთი ორი ნაკაწრის მეტი არ ჰქონდა გაკეთებული. ბოლოს მოთმინება ამოეწურა და კუასტეკომეტელს პირდაპირ კი არ მივარდა, როგორც ხარი იზამდა ამას, არამედ გვერდულად, ერთი ხელით ნაბადი დაუჭირა და მეორეთი ბებუთი გამოუსვა. იმან ვერც კი გაიგო ვერაფერი, დარბოდა ნაბდის ქნევით, გეგონება ბზიკებს იგერიებდა. სისხლისდენა რომ დაინახა წელზე, გაჩერდა. შეეშინდა და სცადა ნეკნებზე მიყენებული იარის თითებით დაჭერა- იმ ხვრელის, საიდანაც იღვრებოდა წითელი სითხე, ფერს რომ აკარგვინებდა სახეზე. შემდეგ მიწაზე დაეცა და მოგვაშტერდა. ეგდო ასე, სანამ სახრჩობელაზე ჩამოვკიდებდით, თავისით დიდ ხანს ვერ გალევდა სულს.

მას მერე პედრო სამორა ხელიდან არ უშვებდა გართობის შესაძლებლობას.

მაშინ ჯერ დაბალი ჩინისანი ვიყავით, პედრო სამორა და მის ქვემოთ ყველა დანარჩენი; მაგრამ ხალხი გვემატებოდა სხვადასხვა ადგილებიდან: საკაოლკოს გუეროს ტომის ინდიელები, სანკონსოტეები, ყველის გუდას რომ მიუგავდათ სახე. და კიდევ ისინი, ცივი მხარეებიდან, საკუთარ თავს მიციმიტლას რომ ეძახდნენ და სულ ჩაფუთნულები დადიოდნენ, გეგონება ყინვა ყოფილიყო დღედაღამ. ამათ შიმშილის გრძნობა ეკარგებოდათ სიცხის დროს და ამიტომ პედრო სამორამ ისინი ვულკანის ყურეში საგუშაგოზე გაგზავნა, იქ, მაღლა, იმ სიშორეზე, ქვიშისა და ქარისგან გარეცხილი ლოდების მეტი რომ არაფერია. გუეროს ინდიელებს პედრო სამორასადმი სიყვარული გაუჩნდათ და გვერდიდან აღარ სცილდებოდნენ. ჩრდილივით დაჰყვებოდნენ თან და ყველა მის ბრძანებას ასრულებდნენ. მისთვის პატარ-პატარა გოგოებსაც იტაცებდნენ გასართობად.

ყველაფერი მშვენივრად მახსოვს. გრძელი და ბნელი ღამეები, უღრან ტყეებს რომ გავდიოდით უხმაუროდ, მივაბიჯებდით ძილმორეულები. ჯარი უკვე ჩვენ კვალზე იყო მომდგარი. ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას პედრო სამორა სქელ ნაქსოვ ნაბადში მხრებამდე გახვეული-დაგვდევდა, რომ არ ჩაგვძინებოდა არცერთს:

-ჰეი შენ, პიტასიო! დეზები ჰკარი მაგ ცხენს! შენც რესენდეროს, არ ჩაგეძინოს, თარჯიმნად დამჭირდები!

ყურადღებას გვაქცევდა, გვპატრონობდა. შუაღამის წყვდიადში, უძილობისგან დამძიმებული თვალებით გონება არეულები დავდიოდით, ის კი ყველას დაგვყურებდა, გველაპარაკებოდა, კისერი რომ არ მოგვწყვეტოდა შუა გზაზე. მის ფართოდ გახელილ თვალებს ვგრძნობდით, ძილი რომ არ იცოდნენ რა იყო, სიბნელეში ხედვას მიჩვეულები, კუნაპეტში რომ გვცნობდნენ. სათითაოდ გვთვლიდა, როგორც ფულს რომ ითვლიან ხოლმე. შემდეგ გვერდში ამოგვიდგებოდა. მისი ბედაურის ფლოქვის ხმა გვესმოდა და ვიცოდით, რომ მისი თვალები მუდამ სადარაჯოზე იყვნენ; ამიტომაც ყველანი, სიცივის, ყინვისა თუ უძილობის მიუხედავად, ჩუმად, ბრმად მივდევდით, როგორც ბელადს.

საულას დაღმართზე მატარებლის ლიანდაგებიდან გადაყირავების შემდეგ ჩვენი საქმე ცუდად წავიდა. ეს წყეული შემთხვევა რომ არა, ალბათ პედრო სამორა, ელ ჩინო არიასი, ჩიუილა და კიდევ ბევრი სხვა ჯერ ისევ ცოცხლები იქნებოდნენ და ჯანყიც ძალაში იქნებოდა. პედრო სამორამ მატარებლის გადაყირავებით ისეთი დარტყმა მიაყენა ქვეყანას, რომლის მონელება მთავრობამ ვერ შეძლო.

ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას, ცეცხლის ალი ცას როგორ წვდებოდა იმ ადგილებიდან სადაც ცხედრები იყო შეგროვებული. ბარებით ათრევდნენ და ერთად ახვავებდნენ, მერე მორებივით ყრიდნენ დაღმართში და როდესაც დიდი ხროვა დაგროვდებოდა, ნავთს ასხამდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. ყროლის სუნი ნიავს შორს მიჰქონდა. დანახშირებული ცხედრების სუნი დიდი ხანს იდგა არემარეში.

რა მოხდა? ვერც კი ვიაზრებდით რას ვაკეთებდით ან რა შეიძლება მომხდარიყო. ძროხის რქები და ძვლები დავალაგეთ რკინიგზის დიდ მონაკვეთზე, ესეც არ ვიკმარეთ და ლიანდაგები გადავხსენით იქ სადაც მოსახვევი იწყებოდა. საქმეს მოვრჩით და დაველოდეთ.

არემარეს მზის პირველი სხივები მოჰფენოდა და საგნები ფორმას იძენდნენ. უკვე მოჩანდა მატარებლის ურიკები ზედ უამრავი ხალხით; მათი სიმღერის ხმა. ჯერ კიდევ ღამის ბინდი იდგა ჩვენ წინ რომ ჩაიარეს. ჯარისკაცები დავინახეთ. დავიცადეთ. მატარებელი არ ჩერდებოდა.

ნელა მოძრაობდა, გეგონება აღმართის ავლას ასე ქოშინით აპირებდა, რომ გვდომებოდა ტყვიებს დავუშენდით და ჩავცხრილავდით ყველას ან თავისუფლად გავაბამდით მათთან საუბარს. მაგრამ სხვა გეგმა გვქონდა დასახული.

ურიკების ჯაყჯაყი როცა იგრძნეს, მიხვდნენ რომ რაღაცაში იყო საქმე, ისე ირხეოდა ვაგონების გრძელი რიგი, თითქოს ძალით აჯანჯღარებდნენ. შემდეგ ტვირთით სავსე და ხალხით დამძიმებული სამანქანე ვაგონი ლიანდაგებიდან ამოვარდა და ყრუ, სევდიანი სტვენის გაბმული კივილით დაღმართზე დაეშვა. მაგრამ რა უშველი და აწი ამას. მატარებელი, რომელსაც ბოლო არ უჩანდა, სანამ მიწა ჰქონდა მიექანებოდა თავდაღმა, შემდეგ ცალ მხარეს გადაყირავდა და ხრამში გადავარდა. ყველა ურიკა ზედ მიჰყვა სათითაოდ, ერთმანეთს ენარცხებოდნენ ფსკერზე. შემდეგ ყველაფერი დადუმდა, თითქოს ყველა დახოცილიყო, მათ შორის ჩვენც.

ასეთი ამბავი მოხდა.

ცოცხლად გადარჩენილებმა მატარებლის ნამსხვრევებიდან გამოსვლა რომ დაიწყეს, ჩვენ იქიდან თავქუდმოგლეჯილები გავიქეცით, ისეთი საშინელება იყო, ხელები ახლაც მიკანკალებს.

ვიმალებოდით დიდ ხანს, მაგრამ ფედერალებმა სამალავიდან გამოგვათრიეს და მშვიდობა წაგვართვეს. ერთი ლუკმის გადაყლაპვის საშუალებაც კი აღარ გვქონდა. ისე ქნეს ძილი წაგვართვეს და ჭამის დროც კი აღარ იყო; ჩვენთვის უკვე აღარც დღე იყო და აღარც ღამე. ტოცინის კანიონში გვინდოდა მისვლა, მაგრამ სამთავრობოებმა დაგვასწრეს. ვულკანს გვერდიდან მოვუარეთ. მაღალ მთებზე ავედით და იქ, იმ ადგილას „ღმერთის ბილიკს“ რომ ეძახიან, იქაც სამთავრობო ჯარები დაგვხვდნენ და ტყვიები დაგვიშინეს. ჩვენკენ ნასროლი ტყვიების სიმხურვალეს ვგრძნობდით , ტყვიები როგორ ადუღებდნენ ჰაერს ჩვენს ირგვლივ ისიც კი იგრძნობოდა. ლოდებიც კი, რომელთა უკან ვიმალებოდით მიწის ბელტებივით იმსხვრეოდნენ. შემდეგ გავიგეთ, რომ რაღაც ცეცხლსასროლიდან ისროდნენ: ტყვიამფრქვევიდან- სხეულს საცერივით ტოვებდა, მაგრამ თავიდან ვფიქრობდით, რომ ჯარისკაცების სიმრავლე იყო, ათასობით გვეგონა და ერთადერთი რაც გვინდოდა იქიდან გაქცევა იყო.

სულ მალვასა და გაქცევაში ვიყავით. ჩიულას არ გაუმართლა “ღმერთის ბილიკზე“ დარჩა, მარწყვის ხის ძირში მოკუნტული, ნაბადში გახვეული, თითქოს თავი ყინვისგან ჰქონოდა დასაცავი. თვალებში გვიყურებდა სათითაოდ ყველას – სიკვდილს გვინაწილებდა. თითქოს დაგვცინოდა თავისი ჩაშავებული, დასისხლიანებული კბილებით.

მაშინდელი მალვა ბევრისთვის მშვიდობიანად, მაგრამ ბევრისთვის ძალიან ცუდად დამთავრდა. დღე არ გავიდოდა ჩვენიანებს არ შევხვედროთ გზებზე, ძელებზე დაკიდებულებს, დასამუშავებელი ტყავივით. სვავები შიგნიდან ფატრავდნენ ცხედრებს, ნაწლავებს ხრავდნენ, მარტო კანს და ჩონჩხს ტოვებდნენ. სიმაღალეზე იყვნენ ჩამოკიდებულები და ზანზალაკებივით ქანაობდნენ ქარის პატარა რხევაზე; თვეების განმავლობაში ეკიდნენ ასე, ბოლოს მარტო შარვლის ტოტებიღა რჩებოდა, მზეზე გაკიდული სარეცხივით. ამის დანახვა თავზარს გვცემდა.

ზოგმა მთაზე ასვლა მოვახერხეთ და ხვლიკებივით ვხოხავდით დაბლობის საცქერად, დროს ვკლავდით, იმ მიწას გადავყურებდით სადაც დავიბადეთ და ვიცხოვრეთ და სადაც რომ აწი მოსაკლავად გველოდებოდნენ. ხანდახან ღრუბლის ჩრდილისაც კი გვეშინოდა.

შესაძლებელი რომ ყოფილიყო მივიდოდით ვინმესთან და ვეტყოდით, რომ სახიფათო ხალხი აღარ ვიყავით, რომ თავი დაენებებინათ ჩვენთვის, მაგრამ იმხელა ზიანი გვქონდა მიყენებული ყველასავის, რომ ხალხი გაბოროტებულიყო და მტრები გვყავდა ყველგან. მთიელი ინდიელებიც კი უარს გვეუბნებოდნენ. გვისაყვედურეს მათი საქონელი გვქონია ადრე დახოცილი. ახლა უკვე იარაღები ჰქონდათ მთავრობის მიერ ჩამორიგებული და სიტყვა დაგვიბარეს, რომ დაგვხოცავდნენ.

-„თქვენი ნახვა არ გვინდა; თუ შეგხვდებით დაგხოცავთ ყველას“- ასეთი სიტყვა შემოგვითვალეს. და ასე, მიწაზე ფეხის დასადგამიც კი გამოგველია. საკუთარი ცხედრის დასამარხი ადგილი. დაშლა, დაფანტვა გადავწყვიტეთ სხვადასხვა მიმართულებით.

პედრო სამორასთან ერთად სადღაც ხუთი წელი გავატარე. კარგი დღეებიც იყო, ცუდიც, სულ ხუთი წელი გამოვიდა. მას მერე აღარ მინახავს. ამბობენ, მეხიკოში წავიდა ვიღაც ქალთან და იქ მოკლესო. ზოგი ჯერ კიდევ ელოდა მის დაბრუნებას, ელოდნენ რომ ერთ დღეს გამოჩნდებოდა და ისევ ავისხამდით იარაღს, მაგრამ დავიღალეთ ამდენი ლოდინით. ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა. მოკლესო სადღაც. ჩემთან ერთად ერთი იჯდა და იმან მითხრა, მოკლესო.

ციხიდან სამი წელია რაც გამოვედი. სხვადასხვა დანაშაულების გამო დამიჭირეს, პედრო სამორას დაჯგუფების წევრი რომ ვიყავი, იმის გამო არა. ეს მათ არ გაუგიათ. სხვა მიზეზების გამო დამაკავეს. ცუდი ჩვევა მქონდა, გოგოების მოტაცება მიყვარდა. ახლა ერთ-ერთი მათგანი ჩემთან ერთად ცხოვრობს, ალბათ ყველაზე ლამაზი და ყველაზე კარგი ქალი დედამიწაზე. გარეთ მიცდიდა, ვინ იცის რამდენი ხანი ელოდა ციხიდან ჩემ გამოსვლას.

– ხუნდა, გელოდი დიდი ხანია – უცებ გავიფიქრ,ე რომ ჩემი მოკვლა უნდოდა. ძლივს მოვისაზრე რომელი იყო. ტელკამპანაში დატრიალებული ამბები რომ გავიხსენე ცივმა ოფლმა დამასხა, გადავუარეთ სოფელს, გადავწვით. იმ მოხუცი კაცის შვილი უნდა ყოფილიყო, სოფლიდან გასვლისას რომ შემოგვაკვდა; მის შვილს ცხენის უნაგირზე ვხმარობდი და თან ვურტყამდი რომ გაჩერებულიყო- მწარედ იკბინებოდა; მამამისს ერთმა ჩვენიამა შუბლში ტყვია დაახალა. 14 წლის ლამაზთვალება პატარა გოგო წინააღმდეგობას მიწევდა, მისი დამორჩილება გამიჭირდა.

– შვილი მეყოლა შენგან – სახეში მომახალა – აი, შეხედე,

და თითით ერთ მაღალ მელიისთვალება ბიჭზე მიმანიშნა:

– ქუდი მოიხადე, მამაშენმა გნახოს!

ბიჭმა სომბრერო მოიძრო. მგავდა ძალიან, ბოროტი თვალებით იყურებოდა, ასეთი გამოხედვა უეჭველად ჩემგან ერგო.

– ამასაც ხუნდას ეძახიან – გაიმეორა ქალმა, რომელიც ახლა ცოლია ჩემი – მაგრამ ჩემი შვილი ბანდიტი ან მკვლელი არ გეგონოს. კარგი ბიჭია.

მე კი თავი დაბლა დავხარე სირცხვილისგან.

 

ჟურნალი „სიტყვები“ — №1, გაზაფხული, 2026.


ახალი გამოცემა
ახალი გამოცემა
[mc4wp_form id="314"]
ანტონენ არტო - ჰელიოგაბალი