კოლექტიური და კომუნიკაციური მეხსიერება სოციოლოგიასა და კულტუროლოგიაში მტკიცედ დამკვიდრებული ტერმინებია, რომელთა მიხედვითაც ადამიანის მეხსიერება განიხილება არა როგორც ცალკე მოცემულობა, არამედ იმ ჯგუფის, იმ საზოგადოების მეხსიერებასთანაა დაკავშირებული და გადაჯაჭვული, რომლის ნაწილსაც შეადგენს. იგი ახლო წარსულზეა ორიენტირებული, რამდენიმე თაობის გამოცდილებას მოიცავს და ზეპირი ისტორიებით, ავტობიოგრაფიებითა და პირადი ამბებით იკვებება. ხუან რულფოს „პედრო პარამოს“ ნარატორის, ხუან პრესიადოს გზა მამის ძიებაში მის კოლექტიურ მეხსიერებაში მოგზაურობა, მემკვიდრეობით მიღებულ გამოცდილებასთან ზიარებაა, რომელშიც რეპრესირებულთა, დიქტატურას შეწირულთა, ჩაგრულთა ხმები მეტყველებენ.
Vine a Comala – „კომალაში ჩამოვედი“, ასე იწყებს ხუან პრესიადო თხრობას და შემთხვევით არ ირჩევს ზმნას – „ჩამოვედი“ (და არა, მაგალითად, „ჩავედი“). მკითხველებს კომალადან მოგვმართავს, კომალას წიაღში გვიპატიჟებს, რადგან სწორედ ეს წარმოსახვითი ადგილია ნაწარმოების პროტაგონისტი. მხატვრულ ლიტერატურაში გეოგრაფიული ობიექტი ხშირად მთავარი პერსონაჟის როლს ასრულებს, მაგალითად, იტალო კალვინოს „უხილავ ქალაქებში“: მარკო პოლოს მიერ ყუბილაი ყაენისთვის აღწერილი ქალაქები მოსახლეობის ცხოვრების წესს განსაზღვრავენ, უხილავ კანონებს აწესებენ და ქაოსისაგან წესრიგს ქმნიან. კომალაშიც გარკვეული წესები მოქმედებს, რომლებიც დაშვებულია მხოლოდ ამ ტერიტორიაზე, მის მიღმა კი ძალას კარგავს. სწორედ ამიტომ იღებს მკითხველი აუღელვებლად იმ ფაქტს, რომ კომალაში გარდაცვლილთა სულები დაძრწიან, მოჩვენებები ერთმანეთს ენაცვლებიან, გამოსახულებები და ხმები ჩნდებიან და ქრებიან. ეს ნეიტრალური სივრცედ, განსაწმენდელის რემინისცენციად, რეალობასა და წარმოსახვას, წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის მიჯნად შეგვიძლია, აღვიქვათ.
ლიტერატურაში წარმოსახვითი ადგილების გეოგრაფიული რუკა ხუან რულფომდეც და ხუან რულფოს შემდეგაც შეუქმნიათ, თუნდაც უილიამ ფოლკნერს იოკნაპატოფას ოლქის სახით, რომელშიც პერსონაჟები დაასახლა. გამოგონილი ქალაქებისა და გეოგრაფიული ობიექტების სიმრავლე, რასაკვირველია, ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებებში შეინიშნება, განსაკუთრებით, ჯ.რ.რ. ტოლკინისა და ჯორჯ მარტინის ტექსტებში, შუამიწეთისა და ვესტეროსის მაგალითზე. ამ ნაწარმოებებში წარმოსახვითი ადგილები განსაზღვრულია მეზობელი ტერიტორიებით, მდინარეებით, ტყეებით, მთებითა თუ სხვა ობიექტებით, მათგან მარტივად შეიძლება რუკის შედგენა. იგივე ითქმის კომალაზეც, რომელიც მაკონდოს გაჩენამდე იკავებდა ადგილს სამხრეთამერიკული ლიტერატურის რუკაზე. კომალას გარდა, გვხვდება სხვა ტოპონიმებიც: სიუდა, მედია-ლუნა, კონტლი. „პადრე პარამოს“ მხატვრულ სივრცეს სამართლიანად უწოდეს „ნეკროგეოგრაფია“: კომალა უკაცრიელი, უსიცოცხლო, უნაყოფო დასახლებაა, რომელშიც მოჩვენებები, სულები და წარსულის აჩრდილები დაეხეტებიან. ეს ადგილი-მოჩვენება პოსტაპოკალიპტური სივრცის ასოციაციას იწვევს, მასში ჯიმ ჯარმუშის ფილმების ატმოსფერო სუფევს. „მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან“, „ღამე დედამიწაზე“, „პატერსონი“, „მკვდარი ადამიანი“ – ყოველ ფილმში ქალაქი-პერსონაჟი განსაზღვრავს მის მხატვრულ მხარეს, სიუჟეტს, განწყობას. სივრცეები უცნაური არსებებითაა დასახლებული, ქუჩები ხშირად ცარიელი და უკაცრიელია, დრო – შენელებული, შეჩერებული, მოვლენები – ლოგიკურ მსჯელობასა და რაციონალურ ანალიზს მოკლებული. თუმცა ეს ყველაფერი დაშვებულია „აქ და ახლა“, კონკრეტულ დროსა და სივრცეში, ისევე, როგორც ყოველგვარი ირეალურისა და დაუჯერებლის არსებობა – კომალაში.
„პედრო პარამოს“ კავშირი კინოსთან ამით არ ამოიწურება. ხუან რულფოს თხრობის სტილი კინემატოგრაფიულია: წარსულისა და აწმყოს მოვლენები პარალელურად მიმდინარეობს, მთხრობელები, ამბები, ხმები, დროები ერთმანეთს ენაცვლებიან, მხოლოდ კომალა რჩება უცვლელი. ხუან პრესიადო მამას ეძებს, გზად შემხვედრი ქალაქის მკვიდრებისგან კი სხვადასხვა ამბავს ისმენს დედამისის ახალგაზრდობაზე, მათ პირად ისტორიებზე, პედრო პარამოს სისასტიკეზე, მიგელ პარამოს თავგასულობაზე, სიღატაკეზე, გაჭირვებაზე, უსამართლობაზე. მისი მოგზაურობისა და გზად შემხვედრი პერსონაჟების ამბების პარალელურად, კინემატოგრაფიულ კადრებად მიედინება თავად პედრო პარამოს მოგონებები: „ფლეშბექები“, რომლებიც მისთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანს, სუსანას ეხება. დროდადრო ტექსტში ერთვება ხუან პრესიადოს დედის, დოლორესის სიტყვებიც. ყოველი პერსონაჟის ამბავი ამ დასახლებასთან, ამ რეჟიმთანაა გადაჯაჭვული და საერთო გამოცდილებას, კოლექტიურ მეხსიერებას ქმნის; პედრო პარამო ამ ადგილის გახრწნას, ლპობას, დაცემას განასახიერებს, ყოველი მოვლენა, ყოველი ამბავი მის გარშემო ტრიალებს, თავად კი მისი ბავშვობის სიყვარულითა და უკანასკნელი ცოლით, სუსანათია მოცული. თუკი სუსანას ფიგურა პირველ ნაწილში მხოლოდ „ფლეშბექების“ სახით გვხვდება, ტირანის ბავშვობის მოგონებად აღიქმება და ფრანებთან, აყვავებული ფორთოხლის სურნელებასთან, ლურჯ ცასა და კაშკაშა მზესთან ასოცირდება, მეორე ნაწილში ის აშკარად დომინანტი ხდება და თავისი სიკვდილით დიქტატორისა და მთელი ქალაქის ბედს წყვეტს.
ხუან პრესიადოსთვის კომალა, თავდაპირველად, აღთქმული მიწის, ელდორადოს მნიშვნელობას ატარებს, ეს დედის მიერ აღწერილი საოცნებო მხარეა, მის სამშობლოში ბრუნდება, იმ ხალხს შორის, ვისთანაც დედამ ახალგაზრდობა გაატარა. გარდა ამისა, ეს მამის ძებნაა, რომელსაც მოგვიანებით ნარატორი „ამაო ოცნებას“ უწოდებს. კომალაში ჩასვლითა და წინაპრების ისტორიულ დროში მოგზაურობით წარსული აღარ აღიქმება ნოსტალგიურად და გაიდეალიზებულად, კარგავს იმ მომხიბლავ საბურველს, რომელშიც აქამდე დედის მონათხრობის გავლენით, ხუან პრესიადოს გონებაში იყო გახვეული. ხუან პრესიადო რეალურ კომალას ხედავს: განადგურებულს, სიკვდილის პირას მისულს, მკვდრებითა და მოჩვენებებით, წარსულის აჩრდილებით დასახლებულს, იმ ხმებითა და ექოებით სავსეს, რომლებიც მძიმე, გახრწნილ, ყოველგვარი მორალისაგან დაცლილ დროებაზე მოუთხრობენ; იხსენებენ მმართველ კლასს, რომელიც ძალაუფლებამ გარყვნა, დაბალ ფენას, რომელიც სიღატაკემ და ტირანიამ დაიმორჩილა და ხმის ამოსაღებად და სიმართლის დასამტკიცებლად ძალა არ შესწევს; კორუმპირებულ სისტემას, რომელშიც ის ადამიანებიც გახრწნილან და სულიერად დაცემულან, რომლებიც, წესითა და რიგით, საზოგადოებას სწორ გზაზე სიარულისკენ, სამართლიანობისკენ, ჭეშმარიტებისკენ უნდა მოუწოდებდნენ: სასულიერო პირები, ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებიც ეჭვებით არიან სავსე, გაორებით იტანჯებიან, სულიერად იხლიჩებიან. ხუან პრესიადოს მიერ გავლილ მანძილზე სხვადასხვა დროსა და სივრცეში პერსონაჟები ჩნდებიან, ქრებიან, მკვდრები თუ ცოცხლები დადიან მიწაზე თუ მიწის ქვეშ. ამ სამყაროს კანონები მათ აძლევს ამის უფლებას, ეს აქ დაშვებული, ნებადართული, ნორმალიზებულია, თითქოს ასეც უნდა იყოს. პერსონაჟებმა თავად არ იციან თავიანთი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ, ვერ აღიქვამენ, ცოცხლები არიან თუ მკვდრები, თავგზააბნეულები დაეხეტებიან ქალაქის ერთი კიდიდან მეორისკენ და საგზლად დააქვთ თავიანთი მოგონებები, რითიც იმ საერთო, კოლექტიურ მეხსიერებას ქმნიან, რომელთან საზიარებლადაც გამოაგზავნა მომაკვდავმა დედამ შვილი მის მშობლიურ ქალაქში. აქ ხმები ცალკე პერსონაჟია, რომელთა ერთიანობაც ანტიკური თეატრის ქოროს ფუნქციას ასრულებს: საზოგადოების ხმას, აზრს, მიმართულებას გამოხატავს, საერთო სურათზე გვიქმნის წარმოდგენას, სინდისს, სწორ მხარეს დგომას განასახიერებს. ეს ხმები მიმწყდარი, ჩამქრალია, ექოდ ისმის, ჩურჩულით, უმეტესად, „უხმოდ“ გამოითქმის, ისევე, როგორც ხილვებსა და სიზმრებშია. მათ ხმას ფიზიკური განზომილება არ გააჩნია, თუმცა სწორედ „უხმობით“, სიჩუმით ახერხებს მსმენელამდე სათქმელის მიტანას, მის ინფორმირებასა და ჩართვას ამ საერთო ფერხულში, ამ საერთო კარნავალსა და საცირკო ნომერში. კარნავალი და ცირკი შემთხვევით არ მიხსენებია – კომალას მოსახლეობისთვის ორგანულია საკარნავალო განწყობა, თეატრალური სივრცე. მათთვის გლოვასა და ზეიმს შორის ზღვარია წაშლილი, სიკვდილი ერთი დიდი სპექტაკლი, სანახაობაა, რომელიც სავსეა მითქმა-მოთქმით, ჭორებით, ჩურჩულითა და ისევ და ისევ, ხმებით. ეს კარგად ჩანს მიგელ პარამოს ან სუსანა სან ხუანის დაკრძალვის სცენებში.
ეს ხმები, ქაოსური, წყვეტილი, არეულ-დარეული, ხუან პრესიადოს წარსულს, ისტორიას, იდენტობას თანდათან ნათელს ჰფენს, ლეგოს ასაწყობებივით, ფაზლის ნაწილებივით ერგება ცარიელ ადგილებს და სურათს უფრო და უფრო მკაფიოს ხდის. ისტორია ნელ-ნელა ხორცს ისხამს, ფორმებს იძენს, წარსულის რომანტიკულ-ნოსტალგიური საბურველისაგან თავისუფლდება და ნარატორს ჩონჩხის სახით წარმოუდგება, განძარცვული ზედმეტობებისაგან. თუმცა რაც უფრო ეფინება ნათელი წარსულს, მამამისის პიროვნებასა თუ დედამისის ახალგაზრდობას, სულ უფრო ბუნდოვანი ხდება ირგვლივ ყველაფერი: წარსული, აწმყო, მომავალი, მისი წარმომავლობა, იდენტობა, ისიც კი, ცოცხალია თუ – მკვდარი. აღარაფერია ისეთი, რომ ამა თუ იმ სოციალური კონსტრუქციის ჭეშმარიტებაში დაარწმუნებს, თითქოს ყველაფერი ფარდობითი და შედარებითია. თავად აირჩია დედის დანაბარების შესრულება, თავისი წარმომავლობის, იდენტობის ძიება, სიმართლის გარკვევა, წარსულში დაბრუნება, მის კოლექტიურ მეხსიერებაში მოგზაურობა და სიყალბესა და ილუზიებში უკან დასაბრუნებელი გზა მოეჭრა. იქნებ სწორედ ეს სამყარო იყო იმაზე ნამდვილი, ვიდრე მის მიღმა არსებული, ყოფით რეალობასა და ყოველდღიურობას დაქვემდებარებული?
ხუან პრესიადოს წარსულში მოგზაურობა, ისტორიის გამოძიება, წინაპართა ამბებში ქექვა და მამის ფიგურისთვის, პედრო პარამოსთვის ნიღბის ჩამოგლეჯა „მონანიებისეულ“ საფლავის ამოთხრას წააგავს. იმისათვის, რომ საზოგადოებამ აწმყოში ცხოვრება მოახერხოს, წარსული უნდა გააანალიზოს, რისთვისაც „აბელ არავიძეების“ საფლავი უნდა ამოთხაროს. ამას მოითხოვს ჯიუტად პედრო ალმოდოვარის „პარალელური დედების“ პროტაგონისტი ჯანისი: მის მშობლიურ სოფელში 1937 წლის სამოქალაქო ომსა და რეპრესიებს შეწირულთა საერთო სასაფლაოა, რომლის გათხრასა და მიცვალებულთა ამოცნობას ითხოვენ შთამომავლები. ფილმის ბოლო კადრი სწორედ ამას ასახავს: ამოთხრილი საერთო სასაფლაო და რეპრესიებს შეწირულთა ჩონჩხად ქცეული სხეულები. ამ სურათს სოფლის მოსახლეობა უყურებს და აანალიზებს უწყვეტ კავშირს ისტორიასთან, წარსულთან; მათ საერთო კოლექტიური მეხსიერება აერთიანებთ.
„პედრო პარამოც“ 40-იანი წლების მექსიკის რეალობას ირეკლავს, შლის და ხელახლა აწყობს კუბისტური ტილოსავით. სულებითა და მოჩვენებებით დასახლებული დაცარიელებული კომალაც მექსიკელების საერთო გამოცდილებაზე მოგვითხრობს, მათი ხმებით გვიყვება ამბებს დიქტატურაზე, მექსიკის რევოლუციაზე, სოციალურ უთანასწორობასა და სხვა თემებზე; ცდილობს, იბრძოლოს დავიწყების გამანადგურებელი სენის წინააღმდეგ, რის გამოც განადგურდა კომალა და რისთვისაც ხუან პრესიადომ მამას პასუხი უნდა აგებინოს. აქედან გამომდინარე, „პედრო პარამოსაც“ ეხმიანება, გარკვეულწილად, ურუგვაელი ჟურნალისტისა და მწერლის, ედუარდო გალენოს სიტყვები, რითიც ალმოდოვარის „პარალელური დედები“ სრულდება: „ისტორია არ არის უტყვი. რამდენადაც არ უნდა სცადონ მისი დაწვა, განადგურება, გაყალბება, ადამიანთა ისტორია უარს ამბობს გაჩუმებაზე“.
სიტყვები / №1 / გაზაფხული 2026


