მხატვრული ლიტერატურა, როგორც კულტურული ნარატივის მნიშვნელოვანი ნაწილი, ზოგჯერ წლების შემდეგ, ზოგჯერ კი ისტორიული მოვლენიდან მალევე ეხმიანება მომხდარს. პირველ შემთხვევაში მწერლობა, შესაძლოა, დროებითი დადუმების გზას იძულებით ადგებოდეს, როგორც ეს, მაგალითად, ნაცისტური დიქტატურის დროს გერმანულ ლიტერატურას შეემთხვა. ცნობილია, რომ რეჟიმის დამხობის შემდეგ ათწლეულების განმავლობაში ასპარეზზე გამოდიოდნენ და ნაცისტურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საკუთარ თუ თავიანთი ოჯახების გამოცდილებას აღწერდნენ, მათ შორის, ისეთი გავლენიანი მწერლები, რომლებმაც მოგვიანებით აღიარება ნობელის პრემიითაც მოიპოვეს: გიუნტერ გრასი, ჰაინრიხ ბიოლი და წარმოშობით რუმინელი ჰერტა მიულერი. მაგრამ ნაცისტური ტერორის თემა, როგორც ცნობილია, დღესაც აქტუალურია არა მხოლოდ გერმანულ, არამედ მთელი მსოფლიოს ლიტერატურასა და ხელოვნებაში. ეს ფაქტი კულტურული მნიშვნელობის მქონე მოვლენის მიერ წლების შემდეგაც შენარჩუნებულ გავლენას იმით ხსნის, რომ ცენზურის მოხსნიდან ათწლეულების მერეც მომხდარის ინტერპრეტაციული ველი არ იწურება და პირიქით, შესაძლოა, უფრო გაფართოვდეს კიდეც (Sztompka, 2004). სწორედ ამიტომ საქართველოშიც ხშირია 90-იანების კულტურულ ტრავმასთან შეხმიანება დღესაც კი, ამ პერიოდის დასრულებიდან ათწლეულების შემდეგ.
მაგრამ სულ ახლახან დაწერილ ისეთ ტექსტებთან ერთად, რომლებიც 90-იანების რეპრეზენტაციას ემსახურებიან, არანაკლებ საინტერესოა მოვლენათა უშუალო მომსწრეების, თვითმხილველებისა თუ მონაწილეების პირველი შთაბეჭდილება, არსებითად საიდანაც დაიწყო კულტურული ტრავმის სწორედ იმ ფორმით ჩამოყალიბება, როგორც განივრცო შემდგომი დროის ტექსტებით. იმავე გერმანიის მაგალითის მოხმობით, ასეთ ლიტერატურულ ნამუშევრად შეგვიძლია დავასახელოთ თომას მანის შვილის, კლაუს მანის 1936 წელს დაწერილი და 1956 წელს გამოქვეყნებული რომანი „მეფისტოფელი“, რომელიც 30-იანი წლების გერმანიის მზარდ ტოტალიტარულ გარემოში მხატვრული თეატრის მსახიობისა და რეჟისორის, ჰენდრიკ ჰიოფგენის კარიერული წინსვლისა და დაცემის გზას ასახავს (მანი, 2022) . თანადროული შთაბეჭდილების გადმოცემის თვალსაზრისით, საქართველოში განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა და დღესაც, სავარაუდოდ, მეტ-ნაკლებად ყველა წიგნიერ ოჯახში მოიპოვება შავყდიანი ლექსების კრებული წითლად წარწერილი სათაურით „9 აპრილი“. წინამდებარე ნაშრომის განსახილველი ტექსტი კი, კოტე ჯანდიერის ვრცელი მოთხრობა „მატარებლები გვირაბში შედიან“, პროზაული ფორმით გადმოსცემს 80-იანი წლების მიწურულს საქართველოს თავს დამტყდარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ სოციალურ-კულტურულ მოვლენებს და თანაც, „მეფისტოფელის“ მსგავსად, ტოტალიტარულ გარემოში აღზევებული და, შეიძლება ითქვას, ერის კულტურული ტრავმის ერთ-ერთი შემოქმედი პიროვნების პერსპექტივით მოგვითხრობს ამბავს.
მოთხრობაში 9 აპრილის მოვლენათა კონტექსტი საინტერესო ინტერპრეტაციას განიცდის. მართალია, კოტე ჯანდიერი პირდაპირ არ გვეუბნება, რომ ეს მოვლენები 9 აპრილის დარბევას შეეხება, მაგრამ ისტორიის თუნდაც ზედაპირულად მცოდნე მკითხველი აუცილებლად ამოიკითხავს მინიშნებებს, რომლებითაც ტექსტში აბსტრაჰირებულად ნახსენები „აპრილის პროტესტი“ არა ფიქციურ ან, სულაც, 78 წლის აპრილის მოვლენებს უკავშირდება, არამედ სწორედ 1989 წლისას. პირველ ყოვლისა, ასეთ მინიშნებებად ის ლოზუნგები გვევლინება, რომლებიც პირველად სწორედ 9 აპრილის წინ გამოჩნდა:
„როდესაც იმ ადრიან დილას ქუჩაში გამოვიდა, უკვე ყველა კედელზე ცარცითა და ნახშირით დაეწერათ: ,ძირს დამპალი იმპერია!’ და ,ეროვნული დაუმორჩილებლობა!’ (ჯანდიერი, 2009) “. მინიშნებათა მთელ წყებას კი აგვირგვინებს ტექსტის კულმინაციურ, ყველაზე დაძაბულ მომენტში აღწერილი საპროტესტო დარბევა, რა დროსაც ავტორი ლამის „გერნიკასეული“ სიმძაფრით ასახავს იმ საშინელებას, რომელიც იმ დღეს ქვეყნის მთავარ გამზირზე დატრიალდა: „და უეცრად თითქოს სმენა დაკარგე: სიჩუმეში ერთმანეთს აწყდებიან ადამიანები, უხმოდ კივიან ქალები, სასწრაფო დახმარების მძღოლს ასფალტზე აგდებენ და უხმოდ ურტყამენ ხელკეტებს. არსად არ ანთია ცეცხლი, მაგრამ ყველაფერს თითქოს ცეცხლი უკიდია. იწვის ჰაერი, გაზონები, ტროტუარები, ლამპიონები. აჩეხილ გვამებს მიათრევენ ჩაჩქანიანი ცეცხლფარეშები. მათი შემზარავი სილუეტები ცეცხლმოკიდებული კედლების ფონზე ჩნდებიან და ისევ იკარგებიან. ვიღაცეები წაქცეულების წამოყენებას ცდილობენ… თეთრმა ფერმა გაიელვა… თვალწინ ყველაფერი ბრუნავს. იღუნება და უხმაუროდ იშლება ვეება სახლის ფასადი. იშლება ყველაფერი ძირს, მიწისაკენ მიექანება და ითქვიფება შემზარავ ყვირილში… (ჯანდიერი, 2009) “
ნარაციის ამგვარი განყენებულობა, კონკრეტული ქრონოტოპის დაუზუსტებლობა – მათ შორის რუსთაველის გამზირის მხოლოდ ქვეყნის ცენტრალურ გამზირად მოხსენიება – შეიძლება ითქვას, კოტე ჯანდიერის შემოქმედების საერთო ნიშანს წარმოადგენს: ესაა ავტორის მიერ მნიშვნელოვან ისტორიულ-კულტურულ მოვლენათა უნივერსალიზაციის მცდელობა, რითაც ესა თუ ის ლოკალური ხდომილება, სათანადო ფსიქოლოგიური და კრიტიკული გააზრების შედეგად, საერთო და საზიარო ხდება იმ ადამიანთათვის, ვინც დროსა და სივრცეში დაშორებულია აღწერილი ამბისგან.
სათანადო ფსიქოლოგიურ ანალიზსა და ნარატივის უნივერსალიზაციას, პირველ ყოვლისა, სწორედ იმ უსახელო პერსონაჟის ამბის ჩვენება ემსახურება, რომელსაც მოთხრობაში ვეცნობით. საბჭოთა ფუნქციონერად შემდგარი ეს პერსონაჟი, როგორც უკვე ვახსენე, იმ კულტურული ტრავმის უშუალო შემოქმედი ხდება, რომელიც ზემოთ საკმაოდ მკვეთრი ფერებით აღწერილი მოვლენისგან ჩამოყალიბდა. მაგრამ რა გზა განვლო პროტაგონისტმა (თუ ანტიგმირმა?) მანამ, სანამ ასეთ განსაცდელს ეწეოდა? მოცემული თვალსაზრისით, კოტე ჯანდიერის მიგნება, შეიძლება ითქვას, არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ სიზუსტეს შეიცავს, არამედ ცალკეული პიროვნების სულიერი გზის ჩვენებით მკაფიოდ ეხმიანება იმ დინამიკას, რომელსაც განიცდის ხოლმე ერი კულტურული ტრავმის დაძლევისას: პროტესტის მონაწილეთა დარბევის თანაშემოქმედი პერსონაჟი თავადაც ტრავმის, ღრმად დამახინჯებული ბავშვობის ტკივილის მატარებელია და მთელი თხრობის განმავლობაში ცდილობს საკუთარ თავთან გამკლავებას:
„საწყალი კაცი [პერსონაჟის მამა – გ. შ.], სათუთად ინახავდა ჭლექით გარდაცვლილი ცოლის შინდისფერ კაბას, ეალერსებოდა მის ფოტოებს, ხატავდა პეიზაჟებს, ცდილობდა, სპარტანულად გაეზარდა უდღეური, დედასავით ავადმყოფი შვილი და ერთ ღამეს ყველაფერი ეს გათავდა კარზე უხეში ბრახუნით, ჩხრეკითა და გადასახლებით… შენ მაშინ 9 წლისა იყავი… (ჯანდიერი, 2009)“
უნდა ითქვას, რომ წმინდად ლიტერატურული თვალსაზრისით „მატარებლები გვირაბში შედიან“ ექსპერიმენტული და ნოვატორული ტექსტია. გარდა იმისა, რომ ნარატოლოგიური თვალსაზრისით იგი ფრაგმენტულობით, შინაგანი მონოლოგის ტექნიკით წარმართული თხრობითა და ლამის ფოლკნერისეული ცნობიერების ნაკადის ეპიზოდებით გამოირჩევა – კოტე ჯანდიერის ეს მოთხრობა დაწერილია, არც მეტი, არც ნაკლები, მეორე პირში, რა დროსაც, ჯერ ერთი, წარმოჩენილია პროტაგონისტის გაუცხოება და გაორება საკუთარ თავთან; მერე მეორეც, ხაზგასმულია სხვაობა პერსონაჟის ორ „მეს“ შორის: ერთი, რომელიც მოქმედებს, და მეორე, რომელიც თხრობითაა დაკავებული. პროტაგონისტის ამგვარი გაორება შეჯამებულია საკუთარი თავისათვის კვლავაც მეორე პირში თქმული თავისივე სიტყვებით, რომლებიც ტექსტს ლაიტმოტივად გასდევს და განსაზღვრავს, ერთი მხრივ, პერსონაჟის თვითცნობის დონეს, მეორე მხრივ კი – მასში არსებული უფსკრულის დაუძლევლობას: „ადამიანი, რომელსაც სურს“ და „ადამიანი, რომელსაც ეშინია“ (ჯანდიერი, 2009).
ადამიანის ბუნების ეს ორი მართლაც უნივერსალური პოლუსი, იმავდროულად – დაუძლევლობის მიუხედავად – გამოკვეთს იმ დამოკიდებულებასაც, რომლითაც პერსონაჟი ტრავმის დაძლევას ცდილობს: მასში ორი გზა იბრძვის – ერთია ლტოლვა მხატვარი მამის მიერ მისთვის ბავშვობაში აღწერილი წითელი მთის მიმართ, რომელიც „გამოყოფს სამხრეთის გვალვიან ზეგანს შავი ზღვის აყვავებული სანაპიროსაგან“ (ჯანდიერი, 2009) და რომლის შეფერილობაც საეჭვოდ ემსგავსება პერსონაჟის გარდაცვლილი დედის შინდისფერ კაბას; მეორე კი შორეული ნათესავის, „ყინულის მშვენიერი დედოფალივით“ ცივი CD-ის – ასე ჰქვია პერსონაჟს! – მეურვეობაა სახლში, სადაც ტექნიკური დისციპლინებისადმი ქალის თაყვანისცემის შესაბამისი „წესრიგი უყვარდათ“:
„სწორედ მის ძველებურ, ვიწრო და მაღალჭერიან სამზარეულოში გადაწყდა შენი მომავალი პროფესიის არჩევა. ეს გრძელი, ჩაბნელებული სამზარეულო იყო მოწმე გაუთავებელი საუბრებისა, რომლებიც დაკითხვებს უფრო წააგავდა… მისი ეჭვიანი, მკაცრი მზერა შენი სულის ყოველ კუნჭულს სწვდებოდა. შეუძლებელია, რომ CD-ს გამოჰპაროდა შენი ზიზღი საკუთარი პროფესიისადმი. მაგრამ მისი შეურყეველი სიმკაცრისა და ცხოვრების პურიტანული წესის ზეგავლენით იძულებული იყავი, ბეჯითად გესწავლა“ (ჯანდიერი, 2009).
ცხადია, მკითხველისთვისაც მოსალოდნელია, რომ ზღაპრული მთისკენ ლტოლვასა და CD-ის ტექნოკრატიზმის მკაცრ ნამდვილობას შორის ჭიდილში ეს უკანასკნელი გზა გაიმარჯვებდა. პროტაგონისტის მცდელობას, მეურვე ნათესავის საძულველ ზეგავლენას თავი დააღწიოს, ვერ დაეხმარება მათი შინამოსამსახურეც, მეტსახელად – „ისკრა“ (ნაპერწკალი!), რომელთანაც პერსონაჟი ხანმოკლე რომანს გააბამს, რადგან სწორედ მაშინ, როცა გოგონას ალერსს უნდა ეზიაროს, მასა და „ისკრას შორის ქალის მკერდივით მშვენიერი მთის მედიდური კონტური აღიმართება…“ (ჯანდიერი, 2009).
აი, სწორედ ამის მერე და CD-ის მიერ „ისკრას“ სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ პროტაგონისტის „სულის ბნელ წიაღში დაიბადა გიჟური და თანაც თავხედური გეგმა“:
„შენ გადაწყვიტე, შეგეერთებინა წითელი მთა ყველაზე საძულველ ქიმერასთან, რომელსაც შენი პროფესია ერქვა. ასე დაიწყო მუშაობა იმ სადიპლომო პროექტზე, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრებაში საბედისწერო როლი შეასრულა. მხოლოდ ბოლომდე გახრწნილ გონებას შეეძლო წითელ მთაში სარკინიგზო გვირაბის მოაზრება“ (ჯანდიერი, 2009) .
ასე დაუკავშირდა პერსონაჟის ბედისწერა ზემოთ პიკასოს ტილოსავით უკვე გაშლილ მოვლენას. როგორც ცნობილია, 1989 წლის 9 აპრილს ორიოდე წლით ადრე უძღოდა ეკოლოგიური ხასიათის პროტესტი, რომლის დროსაც, 1987 წლის მაისში, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტებმა მოაწყვეს მიტინგი ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ“ (ჩიქოვანი, კაკიტელაშვილი, ჩხაიძე, წერეთელი, & ეფაძე, 2022) . მოგვიანებით კი, 1988 წლის 20 ივლისს:
„საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე სხდომის პარალელურად, რომელიც „საუკუნის პროექტად” წოდებული ტრანსკავკასიის რკინიგზის მშენებლობის საკითხს განიხილავდა, მიტინგზე შეიკრიბა დაახლოებით ხუთასი კაცი, რომლებიც მშენებლობას აპროტესტებდნენ. მიტინგი მილიციამ გარეკა და ოცდაერთი მომიტინგე დააპატიმრა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს“ (ჩიქოვანი, კაკიტელაშვილი, ჩხაიძე, წერეთელი, & ეფაძე, 2022) . რა თქმა უნდა, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას წინ არაერთი სხვა მოვლენაც უძღოდა, მათ შორის – ლიხნის წერილი (ჯანელიძე, 2009) , მაგრამ ყველა მათგანი, საბოლოოდ, მხოლოდ ერთგვარი ბიძგის როლს ასრულებდა იმისათვის, რომ მიტინგებზე ხალხს დამოუკიდებლობის მოთხოვნა გაეჟღერებინათ. სწორედ ასე, მოთხრობის ჟანრისათვის ჩვეული სისადავით, კოტე ჯანდიერმა ერის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, შეიძლება ითქვას, დაუკავშირა ერთადერთ, თუმცა კი ქვეყნის მემკვიდრეობისათვის საგულისხმო ფაქტს: პროტაგონისტის სარკინიგზო პროექტი წითელი მთის „თიხის სქელ ფენებში დამარხულ რამდენიმე კულტურას“ (ჯანდიერი, 2009) ემუქრებოდა. ბუნებრივია, ყოველივე ამას მოთხრობაშიც პროტესტი მოჰყვა: „არქეოლოგთა ბუნტს უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობამ აუბა მხარი. სტუდენტები სამშენებლო ობიექტის პიკეტირებით იმუქრებოდნენ. არც მეცნიერებათა აკადემიაში იყო ერთსულოვნება. ვერავინ იტყვის, რომ ყველაფერი შენი პროექტით დაიწყო, მაგრამ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა სწორედ ის უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა, რომელმაც აავსო მოთმინების ფიალა. დიდხანს ნაგროვები ბოღმა და რისხვა ქუჩებში გადმოიღვარა“ (ჯანდიერი, 2009) . ლიტერატურის მოყვარეებს, მათ შორის პროფესიონალ მკითხველებს შორისაც ხშირია ისეთი ტრაფარეტული დაშვებები, რომელთაგანაც განსაკუთრებული პოპულარობით დღემდე სარგებლობს და ზოგიერთი პედაგოგის მიერ ისწავლება კიდეც ცნობილი ანალოგია მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ პერსონაჟებსა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პერიპეტიებს შორის. მსგავსი თეორიები თავიანთი კატეგორიულობით მცდარია იმ ერთი მარტივი მიზეზის გამოც, რომ „მხატვრული ნაწარმოებების უმრავლესობის მთავარი სათქმელი და მიზანი არ არის ეპოქის აღწერა“ (ჩიქოვანი, კაკიტელაშვილი, ჩხაიძე, წერეთელი, & ეფაძე, 2022) . მართლაც, კოტე ჯანდიერის მოთხრობაც და მიხეილ ჯავახიშვილის რომანიც ბევრად მეტ ლიტერატურულ ღირებულებას შეიცავს, ვიდრე უბრალოდ ისტორიული სინამდვილის მხატვრული წარმოსახვის მიხედვით აღწერაა. თუმცაღა, მიუხედავად იმისა, 90-იანების კულტურული ნარატივის შემცველი ტექსტი სიყვარულს შეეხება, თავისუფლებას, მეგობრობასა თუ, როგორც განსახილველი მოთხრობის შემთხვევაშია, პიროვნების გაუცხოებას, „წერისას ავტორები გვერდს ვერ უვლიან 90-იანების მნიშვნელოვან მოვლენებს.
უფრო მეტიც, ლიტერატურული ტექსტების საშუალებით წარმოსახული სამყაროს მთავარი თამაშის წესები სწორედ ამ მოვლენებითაა ნაკარნახევი“ (ჩიქოვანი, კაკიტელაშვილი, ჩხაიძე, წერეთელი, & ეფაძე, 2022) . სწორედ ასე, ნამდვილი სამყაროდან ეკოსეულ „შექმნილ სამყაროში“ ცხოვრების კანონზომიერებათა შემოყვანით, კოტე ჯანდიერის მოთხრობის პერსონაჟი თუ არ განასახიერებს, აირეკლავს მაინც იმ დროის ქართველი საზოგადოების ორ ძირითად მიმართებას 80-იანი წლების მიწურულს მიმდინარე მოვლენების მიმართ: თუკი გაორებული პერსონაჟის ერთი მხარე დაკარგული მამის მიერ შთაგონებული მხატვრული სახების მიმართ განიცდიდა ლტოლვას და იდეალიზმის ნიშნებს ავლენდა, მეორე მხარე ურიგდებოდა იმ გარემოებას, რომ ცხოვრების მკაცრ მოცემულობებთან შეგუება მართებდა და თანამშრომლობის გზას ირჩევდა. ამიტომაც, ტექსტში ასახული როგორც ფსიქოლოგიური, ისე სოციალური კანონზომიერებების გათვალისწინებით, რაკი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას მოჰყვა უკუქმედება პროტესტის სახით, კოლაბორაციონიზმის არჩევანს პროტაგონისტისთვისაც მალევე შემოხვდა წინაღობა ისეთივე იდეალიზებული ხატების ფორმით, როგორადაც წითელი მთა თუ „ისკრა“ ევლინებოდა: „ერთი შეხედვით – ,პლეიბოის’ გარეკანი, თუ კარგად დააკვირდი – ,საქართველოს ქალი’ (ჯანდიერი, 2009) “. და როგორც კარგ ლიტერატურას სჩვევია, პერსონაჟმა ეს „საქართველოს ქალიც“ სწორედ იმ გზაზე გაიცნო, რომლითაც საკუთარ ბედისწერას გაურბოდა! მეტიც, თუკი პირველად გოგონა წითელ მთასთან დაწყებული სამუშაოების ადგილას შემოხვდა, მეორედ იგი მილიციელებთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმულ მომიტენგეებს შორის გამოარჩია: „უეცრად, ნაცნობმა სახემ გაიელვა. ქალიშვილი დაუსხლტა ხელიდან მილიციელებს და შენი მანქანისაკენ გამოიქცა… რა თქმა უნდა, ვერ გხედავდა, უბრალოდ შენკენ მორბოდა. ახმახი ზემდეგი წამოეწია, თმაში ჩაავლო ხელი და დაითრია. იმწამს თითქოს რაღაცამ გაიღვიძა შენში, რომელიღაც მინავლულმა გენმა იფეთქა: სწრაფად გააღე კარი, გადმოხვედი მანქანიდან და გამხეცებულ ზემდეგს გადაეღობე“ (ჯანდიერი, 2009) . კოლიზია შეიკრა, პროტაგონისტმა ბოლომდე მაინც ვერ დათმო „მინავლული გენი“ და, ბედის ირონიით, წითელი მთის ხატების განადგურების გზას შემდგარმა სწორედ მისი ინიციატივის მოწინააღმდეგე პროტესტის მონაწილე გოგონას დაუკავშირა თავისი ლტოლვა. მაშ ასე, „ადამიანი, რომელსაც სურს“, და „ადამიანი, რომელსაც ეშინია“, ერთნაირი ძალისხმევით, თუმცა კი ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით წარმართავენ პროტაგონისტის შინაგან სწრაფვას. ტექსტის ფრაგმენტულობაც და გაორებული, მეორე პირში მიმდინარე თხრობაც უფრო მკვეთრი ხდება. რა შედეგს გამოიღებს ეს დამანგრეველი რბოლა მისთვის? როგორც მოსალოდნელია, ტექსტის პროტაგონისტისთვისაც და მასში აღწერილი ისტორიული ფონისთვისაც გარდამტეხი როლი „აპრილის პირველმა დღეებმა“ ითამაშა, რომლამდეც „არავის სჯეროდა, რომ მთავრობა ძალას იხმარდა“ (ჯანდიერი, 2009) . არაერთხელ აღნიშნულა, რომ ციფრ 9-იანთან დაკავშირებული არანაკლებ სისხლისმღვრელი სხვა დღეც ახსოვს საქართველოს ისტორიას: ესაა 1956 წლის 9 მარტი. მართალია, 1989 წლის 9 აპრილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა 9 მარტის მეხსიერების გაცოცხლებაშიც, მაგრამ 89 წლის დარბევამ, 56 წლის მოვლენებისგან განსხვავებით, ასეთი რეზონანსი სწორედ იმ კონტექსტის გამო გამოიწვია, რომელიც მას წინ უძღოდა: ეს იყო საბოლოო წერტილის დასმის მცდელობები იმის გადასაწყვეტად, თუ რომელი გზის არჩევა ჯობდა ქვეყნისთვის – პროტესტისა თუ თანამშრომლობის. სწორედ ასე, კოტე ჯანდიერის პერსონაჟისთვისაც 9 აპრილის დარბევა უკან ვერშემობრუნების წერტილად იქცა, როცა მისი ბუნების ორმა „მემ“ საბოლოოდ გაუსწორა თვალი ერთმანეთს და მისი არსების შინაგანმა დაძაბულობამაც მწვერვალს მიაღწია. მხოლოდ ესაა, რომ 9 აპრილის 21 მსხვერპლისგან განსხვავებით იგი საზოგადოების იმ მხარეს იდგა, რომელსაც არათუ კოლაბორაციონიზმის გზა აერჩია, არამედ მტკიცედაც ეწინააღმდეგებოდა პროტესტის გულანთებულ მონაწილეებს, მათ შორის თავის საყვარელსაც. სწორედ ამიტომ, ბოლოს, როცა მან ყველაფერი დაკარგა, ეს აღარ იყო ცხოვრების უბრალო ან, სულაც, ისეთივე გმირული აღსასრული, როგორიც 9 აპრილის მსხვერპლებმა იწვნიეს. საბჭოთა ფუნქციონერის მასში გამოხატული, შეიძლება ითქვას, საზოგადო სახე წარმოაჩენს კანონზომიერებას, რომლის მიხედვითაც რეპრესიული სისტემა უსიყვარულოდ გაზრდილ ადამიანებს შობს, ისინი კი, ტრავმული გამოცდილების დაძლევის სირთულესთან შეჯახებისას, ხშირად სხვებსაც, ზოგჯერ მსხვილ სოციალურ ჯგუფებს ან, საერთოდ, მთელ ერს წირავენ ტრვმული გამოცდილებისთვის, რითაც საბოლოოდ თავადაც ვერ აღწევენ ხსნას. მათ საპირისპიროდ კი 9 აპრილის გმირები, რომლებიც ვეღარ მოესწრნენ თავიანთი ბრძოლის მიზნის აღსრულებას, ტრაგიკული აღსასრულის მიუხედავად იმის წინაპირობად იქცნენ, რამაც მათი მსხვერპლი სწორედ ტრავმის დანამდვილებით დაძლევისკენ მიმართა.
ბიბლიოგრაფია
Sztompka, P. (2004). Cultural Trauma and Collective Identity. Berkeley: University of California Press.
მანი, კ. (2022). მეფისტოფელი. თბილისი: გამომცემლობა ,,ინტელექტი’’.
ჩიქოვანი, ნ., კაკიტელაშვილი, ქ., ჩხაიძე, ი., წერეთელი, ი., & ეფაძე, ქ. (2022). საქართველო: ტრავმა და ტრიუმფი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე. თბილისი: გამომცემლობა ,,სამშობლო’’.
ჯანდიერი, კ. (2009). კონკიას ღამე. თბილისი: დიოგენე.ჯანელიძე, ო. (2009). საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია. თბილისი:უნივერსალი.
სიტყვები / №1 / გაზაფხული 2026


